გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მელიორაციამ ქარელის მუნიციპალიტეტში სკრა-ქარელის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია განახორციელა. აღდგენილ სისტემაში წყალი გაშვებულია.
უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში, 28.4 კილომეტრამდე სიგრძის მაგისტრალური არხის და წყალგამანაწილებლების რეაბილიტაცია ჩატარდა. რკინაბეტონის ღარები, ჰიდროტექნიკური ნაგებობები და წყალმზომები მოეწყო.
ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ქ. ქარელის, ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტების 9 სოფლის (ახალსოფელი, სამწევრისი, ქარელი, ხვედურეთი, ქვენაფლავი, ღვლევი, სკრა, ბეთლემი, რიეთი) 3 240 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა.
პროექტის ღირებულება 4 მლნ ლარამდეა.
შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი თენგიზ ნასარიძე საირიგაციო სისტემაზე ჩატარებულ სამუშაოებს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელ სიმონ გულედანთან ერთად გაეცნო.