ფოთში “შინ ევროპისკენ” ფარგლებში მიმდინარე საინფორმაციო კამპანიის მონაწილეებს, მათ შორის, გიგი უგულავას და ლევან თარხნიშვილს მოქალაქეთა ჯგუფი დაუპირისპირდა

557
ფოთის ხედი. ფოტო: საბა ჯანჯღავა. JAMnews

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ფოთში, „შინ ევროპისკენ” ფარგლებში მიმდინარე საინფორმაციო კამპანიის მონაწილეებს, მათ შორის, გიგი უგულავას და ლევან თარხნიშვილს მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფი დაუპირისპირდა.

მოძრაობის წევრები ფოთის ბაზარში ბროშურებს არიგებენ. მათ და მოქალაქეთა ნაწილს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაა.

გიგი უგულავას განცხადებით, “ხალხი მზად არის ცვლილებებისთვის, აღარ უნდათ ბიძინა ივანიშვილი“.

„სრულიად სახე დაკარგეს და ამას განსაკუთრებით ნათლად ვხედავთ უკანასკნელი დღეებია. ფაქტი არის ერთი, მოსახლეობა მიხვდა, სად მიექაჩება ამ ქვეყანას ბიძინა ივანიშვილი. საცოდავად გამოიყურებიან, მოდიან და ყიყინებენ რაღაცებს“, – განაცხადა უგულავამ.

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, რომლებიც ფოთის აგრარულ ბაზარში გიგი უგულავას და ლევან თარხნიშვილს დაუპირისპირდნენ, აცხადებენ, რომ ,,ნაცმოძაობას“ არა აქვს უფლება ევროპული კამპანიის სახელით ისაუბროს. მათივე თქმით, გიგი უგულავას სახელმწიფო რწმუნებულობის დროს დაიწყო ფოთის პორტის გაყიდვა და მის მიმართ მოსახლეობას აგრესია აქვს.

„ევროპული კამპანიის სახელით მოღალატე უგულავა ჩამოდის ქალაქში, რომლის გუბერნატორობის დროსაც დაიწყო ფოთის პორტის გაყიდვა. ამის შემოქმედი ჩამოდის ფოთში და ლამაზი, ღიმილიანი სახით გვიმტკიცებს, რომ თვითონაა ევროპა, მაშინ როდესაც რუსული ფინანსებით მოდიან. მაშინ როდესაც ” სირცხვილიას” ადმინისტრატორი რუსეთში მცხოვრებია, თვალში ნაცარს გვაყრიან. რა თქმა უნდა, ევროპული კამპანია სხვა რამ არის და არ ნიშნავს, რომ რუსული ფულით აკეთო მოღალატეობრივი საქმე. ჩვენ ამ მოღალატეების წინააღმდეგი ვართ და არა ევროპის წინააღმდეგი. ევროპული მოძრაობა და მოქმედება არ არის ის, რაც მათ წარსულში ჩაუდენიათ, ან ეს პერიოდი აკეთებდნენ. უგულავა ფოთში ერთხელ უკვე დამარცხდა, აქედან წავიდა და კიდევ ერთხელ დამარცხებული წავა. ხალხს აგრესია აქვს პოლიტიკაში ამ გადასაშენებელ დინოზავრებზე, რომლებმაც ფოთში მაგალითად, უამრავი ბიზნესი დააყაჩაღეს”, – განაცხადა საკრებულოში „ქართული ოცნების“ წევრმა ბაქარ ერაგიამ.

კამპანიის ფარგლებში სახალხო მოძრაობის წევრები სხვადასხვა ლოკაციაზე ხვდებიან მოსახლეობას. ინციდენტებს ადგილი ჰქონდა გუშინ გამართულ შეხვედრებზეც.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ “შინ ევროპისკენ” კამპანიის ფარგლებში რამდენიმე დაპირისპირება მოხდა გუშინაც.