ახალციხის N4 (ჯაყელის) საბავშვო ბაღისა და N2 საბავშვო ბაგა–ბაღის შენობებს სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო სწავლობს. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის, ირაკლი ლაზარაშვილის განმარტებით, ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გადაწყდება, შენობები გარემონტდება თუ ახალი შენობების აშენება და მათი დემონტაჟი გახდება საჭირო. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ახალციხის მერიაში აცხადებენ, რომ ამჟამად ბაღებში სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს და იქ მყოფთ საფრთხე არ ემუქრებათ. ექსპერტიზის ჩატარება გადაწყდა, რადგან სამომავლოდ ბაღების რეაბილიტაცია იგეგმება.
„გვაინტერესებს ექსპერტების მოსაზრება, რას გვეტყვის სამხარაულის ბიურო, რამდენად შესაძლებელია იქ სამუშოების ჩატარება. საჭირო იქნება რემონტი თუ დემონტაჟი და ახლის აშენება“,–ამბობს მერი, ირაკლი ლაზარაშვილი.
სამცხე–ჯავახეთში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა– საქართველოს“ კოორდინატორის, თამუნა უჩიძის განცხადებით, N4 საბავშვო ბაღი სავალალო მდგომარეობაშია და დემონტაჟს საჭიროებს, რაზეც ორგანიზაციამ 13 აპრილს, ბაღის დემონტაჟისა და ამავე მისამართზე, ახლი შენობის აშენების მოთხოვნით საკრებულოში პეტიცია შეიტანა. დოკუმენტს ხელს 360 ადგილობრივი წერს.
N4 საბავშვო ბაღის დემონტაჟსა და ახალი, ენერგოეფექტური ბაღის აშენებაზე საუბარი ჯერ კიდევ 2015 წელს დაიწყო. ადგილობრივმა თვითმმართველობამ ენერგოეფექტური ბაღის პროექტიც შეადგინა. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ “Dagenbach Landscapes“–მა სამუშაოები 40 000 ლარად შეასრულა. პროქტის პრეზენტაცია ახალციხეში 2016 წელს გაიმართა. მას შემდეგ, ახალციხის მერიას 4 500 000 ლარიანი პროექტის დაფინანსებაზე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან უარი უთხრეს და ახალი ბაღის მშენებლობა გაურკვეველი ვადით გადაიდო.
ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ, თუკი შენობის დემონტაჟი გახდება საჭირო, ააშენებს თუ არა ახალციხის მერია ახალ ბაღს პროექტით, რომელშიც ადგილობრივმა ბიუჯეტმა 40 000 ლარი გადაიხადა, ჯერჯერობით უცნობია.
N4 (ჯაყელის) საბავშვო ბაღისა და N2 საბავშვო ბაღები დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტთან თანამშრომლობით, ორგანიზაცია “ქალები საერთო მომავლისათვის” კვლევაშიც მოხვდა, რაც საბავშვო ბაღებში შენობის შიდა ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებით ჩატარდა.
კვლევამ აჩვენა, რომ საბავშვო ბაღებში, სადაც გათბობისათვის ჯერ კიდევ მყარი საწვავი და შეშის ღუმელები გამოიყენება, ჰაერის დაბინძურება შენობის შიგნით საკმაოდ მაღალია.
ბაღებში მტვრის ნაწილაკების მომატებული დონეა, რაც ბავშვების ჯანმრთელობისთვის საზიანოა. ჰაერის დაბინძურებას იწვევს ღუმელის კვამლი, CO2-ის სუნთქვა, ქიმიური გაზი, ობი, მტვერი, ტყვია და სხვა შიდა წყაროები. შესაბამისად, ბავშვებზე, რომლებიც დაწესებულებაში, დაახლოებით, 8 საათს ატარებენ, ზეგავლენა ძალიან დიდია.
მაშინ, ნუგზარ თათეშვილი აცხადებდა, რომ აღნიშნულ ბაღებში კვლევა იქამდე ჩატარდა, ვიდრე თბოიზოლაციები გაკეთდებოდა, ახლა აღნიშნულ დაწესებულებებში ჰაერის დაბინძურების კუთხით უკეთესი მდგომარეობა იქნება: „თბოიზოლაცია პირდაპირ გავლენას ახდენს ჰაერის ვენტილაციასა და ენერგიის დაზოგვაზე, მეორედ რომ შემოწმდეს უკეთესი შედეგი იქნება“.
სამხარაულის ეროვნული ბიუროს მიერ, შენობების მდგომარეობის შესახებ დასკვნის მომზადების შემდეგ გახდება ცნობილი რა ბედი ეწევა N4 (ჯაყელის) საბავშვო ბაღისა და N2 საბავშვო ბაღების შენობებს.