მოგებული ტენდერები, 7 კომერციული ფართი საკუთრებაში და 0 ლარის შემოსავალი – თიანეთის მერის დეკლარაცია

661

წინა სტატია

ავტორი: ეკატერინე ბასილაია

ლევან წიკლაური “ქართული ოცნებიდან” თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გახდა. ის საჯარო სამსახურში თანამდებობას პირველად იკავებს და შესაბამისად, ქონებრივი დეკლარაციაც პირველად შეავსო.

დეკლარაციის თანახმად, ჰყავს მეუღლე და სამი არასრულწლოვანი შვილი. ოჯახი ფლობს 14 უძრავ ქონებას, მათ შორის 7 კომერციული ფართია.

მეუღლე, ნინო კვარაცხელია, ფლობს სამ უძრავ ქონებას: 2018 წელს 19 667 აშშ დოლარად ნაყიდ 39,8 კვ.მ ბინას თბილისში, არჩილ მეფის ქუჩაზე; 2017 წელს 72 000 ლარად ნაყიდ 3322 კვ.მ მიწის ნაკვეთს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გლდანში და 2017 წელს 45 000 აშშ დოლარად ნაყიდ 50,1 კვ.მ ბინას ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში.

დანარჩენი 11 უძრავი ქონება თიანეთის მერის სახელზეა გაფორმებული. ლევან წიკლაურის სახელზე გაფორმებული ქონება ასე გამოიყურება:

2020 წელს 68 500 აშშ დოლარად აქვს ნაყიდი 136,68 კვ.მ ბინა თბილისში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე; 2015 წელს 22 800 ლარად, აღსრულების ეროვნული ბიუროს დამოწმებით, მიუღია 31,25 კვ.მ კომერციული ფართი თბილისში, მეფე მირიანის ქუჩაზე.

წიკლაურს დანარჩენი 9 ქონება დაბა თიანეთში აქვს. მათ შორის, 2021 წელს უჩუქებიათ 1 072 კვ.მ მიწის ნაკვეთი, სადაც 1 შენობა-ნაგებობა დგას. ვისგან მიიღო ეს საჩუქარი, მითითებული არ არის; 2020 წელს 10 000 ლარად უყიდია 1005 კვ.მ მიწის ნაკვეთი;

წიკლაურს 2013 წელს დაბა თიანეთში, 9 აპრილის ქუჩაზე, უყიდია 3 921 კვ.მ მიწის ნაკვეთი, სადაც კომერციული ფართები აქვს და ამ უძრავ ქონებაში მას ჯამში 35 000 ლარი გადაუხდია. ჩამონათვალში აღნიშნულია, რომ ამ ნაკვეთზე მას 6 კომერციული ფართი აქვს: 139.28 კვ.მ; 294 კვ.მ; 94 კვ.მ; 57 კვ.მ; 49 კვ.მ; 109 კვ.მ. ფართობებით. ყველა მათგანზე მიწერილია, რომ 3 921 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მდებარეობს და ჯამში 35 000 ლარი აქვს გადახდილი. ამასთან, ამ ნაკვეთზე დგას კიდევ ერთი, 195 კვ.მ შენობა-ნაგებობა, რომელსაც მიწერილი არ აქვს, რა დანიშნულებისაა.

ოჯახი ასევე ფლობს 5 მოძრავ ქონებას. მათ შორის, მეუღლეს, ნანა კვარაცხელიას, ჰყავს 2 ავტომანქანა TOYOTA LAND CRUISER, ერთი 2013 წელს უჩუქებიათ, თუმცა, ვისგანაა საჩუქარი, აღნიშნული არ არის. მეორე ჯიპი კი 2021 წელს 173 387 ლარად უყიდია.

თავად ლევან წიკლაურს 2009 წელს 8 500 აშშ დოლარად უყიდია თვითმცლელი მანქანა KAMAZ 5511; 2018 წელს 24 000 ლარად უყიდია სატკეპნი BOMAG BW135AD და 2019 წელს 41 000 ლარად უყიდია გადამზიდი ცისტერნა MAN ME280B.

დეკლარაციის შევსების დღეს ლევან წიკლაურს “საქართველოს ბანკის” ანგარიშზე  198,11 ლარი ედო. ამავე ბანკში გახსნილი აქვს 3 ანაბარიც, სადაც 6 467 ლარი, 1 680 ლარი და 1 095 ლარი ჰქონდა. მეუღლეს, ნანა კვარაცხელიას, ასევე “საქართველოს ბანკის” ანგარიშზე 105,36 ლარი ჰქონდა, ხოლო საკრედიტო ანგარიშზე – 51,55 ლარი. მეუღლეს ასევე აქვს “თი-ბი-სი ბანკის” ანგარიშიც, სახელფასო ანგარიშზე ედო – 1 834,56 ლარი, ხოლო მიმდინარე ანგარიშზე – 2 044,05 ლარი.

ნანა კვარაცხელიას შვილების სწავლისთვის 2021 წელს ჯამში 24 246,7 ლარი გადაუხდია. ასევე მას დაზღვეული აქვს ავტომანქანა, რაშიც გასულ წელს 1 736,45 ლარი გადაუხდია.

დეკლარაციის თანახმად, არც თიანეთის მერი და არც მისი მეუღლე სამეწარმეო საქმიანობაში ჩართულები არ არიან, არადა, მერად არჩევამდე, მათ შორის, დეკლარირებულ 2021 წელს, წიკლაური შპს “გერალის” დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი ყოფილა და ეს ინფორმაცია თიანეთის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მის ბიოგრაფიაშიც წერია. მან საკუთარი წილი 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ მერი ბოდაველზე გადააფორმა, თუმცა, წიკლაურს, რომელსაც დეკლარაციაში სწორედ 2021 წელს მიღებული შემოსავლები უნდა შეეტანა, რატომღაც, არ ჩაუწერია, მერად არჩევამდე დირექტორის თანამდებობიდან ან კომპანიიდან რა შემოსავალი მიიღო.

მეწარმეთა რეესტრში ვკითხულობთ, რომ შპს “გერალი” 2011 წელსაა რეგისტრირებული, ხოლო წიკლაური მისი დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი 2012 წლიდან 2021 წლის სექტემბრის ბოლომდე იყო. 

აღნიშნულ შპს-ს 2013-2021 წლებში მონაწილეობა აქვს მიღებული სახელმწიფო ტენდერებში და ამ 8 წლის განმავლობაში 27 ტენდერი აქვს მოგებული. მათ შორის, გზების შეკეთების კატეგორიაში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ 10 ელექტრონულ ტენდერში გაუმარჯვია, დადებული ხელშეკრულებების სავარაუდო ღირებულებები იყო:  25`122.40 ლარი; 25`122.40 ლარი; 28 102.68 ლარი;  28 102.68 ლარი; 1 262 106 ლარი; 5`081`491 ლარი; 737`331 ლარი; 667`865 ლარი; 665`119.00 ლარი; 593`668 ლარი. ჯამში, მხოლოდ ამ შემთხვევაში, წიკლაურს 9 114 030,16 ლარის ტენდერი აქვს მოგებული.

გზების შეკეთების კატეგორიაში წიკლაურს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ 6 ელექტრონულ ტენდერში გაუმარჯვია (საერთო ღირებულებით – 1 257 544 ლარი), თელავის მუნიციპალიტეტის მერიის – 5 ტენდერში (საერთო ღირებულებით – 1 645 717 ლარი), ახმეტის მერიის – 2 ტენდერში (საერთო ღირებულებით – 602 250 ლარი), ასევე თბილისის მერიის  – 4 ტენდერში (საერთო ღირებულებით – 1 806 165 ლარი).

წიკლაურს 2021 წელს 4 სახელმწიფო ტენდერი აუქციონის გარეშეც მიუღი, თუმცა, რატომღაც, დეკლარაციაში ამ ტენდერიდან მიღებული შემოსავლის აღრიცხვაც არ ჩაუთვლია საჭიროდ.

ასევე, რაც არ უნდა უცნაური იყოს, 6 კომერციული ფართის მფლობელ ლევან წიკლაურს, დეკლარაციის თანახმად, ამ ფართებიდან 2021 წელს შემოსავალი არ მიუღია. თუმცა, შემოსავალი არ მიუღია, თუ არ ჩათვალა საჭიროდ, რომ ჩაეწერა, ეს გაურკვეველია.

დეკლარაციაში წერია მხოლოდ ის, რომ ლევან წიკლაურს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობიდან 2021 წლის ნოემბერ-დეკემბერში 2 755,31 ლარის ხელფასი აქვს მიღებული.

დეკლარაციის თანახმად, არც თიანეთის მერი და არც მისი მეუღლე არ ფლობენ ფასიან ქაღალდებს, არ მიუღიათ იმ ფასის საჩუქარი, რაც დეკლარაციაში უნდა ჩაწერილიყო და ბანკიდან გამოტანილი არ აქვთ სესხი.