30 წელი თვითმმართველობის პირველი არჩევნებიდან – რა გვასწავლა ისტორიის გაკვეთილებმა

6449

ავტორი: მაგდა პოპიაშვილი

2021 წლის 2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მერებსა და საკრებულოს წევრებს კიდევ ერთხელ ავირჩევთ. დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, ეს არჩევნები რიგით მერვეა, როცა საქართველოს მოქალაქეებს ჩვენს მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი ხელისუფლების არჩევის შესაძლებლობა გვეძლევა.

1991 წლიდან დღემდე ბევრი რამ შეიცვალა, შეიცვალნენ ხელისუფლებები, იცვლებოდა ხელისუფლების დანაწილების მოდელები, თვითმმართველობის სისტემები და მათი არჩევის წესი, მაგრამ თავად გამართული ადგილობრივი თვითმმართველობა, პირველი არჩევნებიდან 30 წლის შემდეგაც კი, სამწუხაროდ, ჯერაც ვერ მივიღეთ. მოდით, ერთად გადავხედოთ, თუ ვის ვანდობდით ჩვენს ხმას თვითმმართველობის არჩევნებიდან არჩევნებამდე 30 წლის განმავლობაში. ეს ანალიზი ნათლად ასახავს, თუ როგორ კნინდებოდა ადგილობრივი თვითმმართველობა ძალაუფლების დეცენტრალიზაციაზე უარის თქმისა და ცენტრალიზებული მმართველობის გაძლიერების კვალდაკვალ.

1991 წლის 31 მარტი – ორდონიანი თვითმმართველობა, არჩეული საკრებულოები და დანიშნული პრეფექტები

ეს თარიღი ქვეყნის ისტორიაში, პირველ რიგში, სრულიად სხვა მიზეზის გამოა ღირსშესანიშნავი – სწორედ ამ დღეს საქართველოში გაიმართა რეფერენდუმი, რომლის საფუძველზეც, ქვეყანამ საკუთარი დამოუკიდებლობა აღიდგინა. ალბათ, ამიტომაც ბევრს არ ახსოვს, რომ რეფერენდუმის პარალელურად, ზუსტად 30 წლის წინათ, ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი მრავალპარტიული არჩევნებიც ჩატარდა.

თვითმმართველობის როგორი სისტემა გვქონდა და როგორ ვირჩევდით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს?

თვითმმართველობის პირველ არჩევნებს საქართველო, დღევანდელისგან განსხვავებით, ადგილობრივი მმართველობის ორი დონით შეხვდა. ცხადია, ეს არ იყო სრულფასოვანი თვითმმართველობა, არ იყო იდეალური სისტემა, გასატარებელი იყო ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რეფორმა, გასამიჯნი იყო კომპეტენციები, მაგრამ სწორედ იმ დროს, როდესაც საქართველო დამოუკიდებლობას აცხადებდა, ამგვარი დაყოფაც კი იძლეოდა იმის შანსს, რომ მომავალში თვითმმართველობის ეფექტური რეფორმა განხორციელებულიყო. მთავარი არსი, რასაც ადგილობრივი თვითმმართველობა მოიცავს, ხომ ის არის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა მაქსიმალურად ახლოს იყოს საკუთარ მოქალაქესთან.

თვითმმართველობის პირველ დონედ თემი, დაბა, სოფელი, ქალაქი და ქალაქის რაიონი (ასეთი იყო, მაგალითად, დედაქალაქი, სადაც თბილისის რაიონებშიც კი ირჩეოდა საკრებულოები) განისაზღვრა, მეორე დონეს კი რაიონი და რაიონული დაყოფის მქონე რეპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქები წარმოადგენდნენ (მაგალითად, ახლანდელი თვითმმართველი ქალაქები და სხვა).

ისევე, როგორც ახლა, 30 წლის წინათაც, ორივე დონის თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო საკრებულო იყო, თუმცა, საკრებულოს წევრებს მხოლოდ პირველ დონეზე ვირჩევდით, რაიონებისა და რაიონული დაყოფის მქონე ქალაქების საკრებულოთა წევრების არჩევას კი პირდაპირი წესით ჩვენ არ გვანდობდნენ, ისინი პირველი დონის საკრებულოების მდივნებით, ანუ თავმჯდომარეებითა და წარმომადგენლებით კომპლექტდებოდნენ. ანალოგიურად კომპლექდებოდა დედაქალაქის საკრებულოც, რომელშიც თბილისის 10 რაიონში არჩეული საკრებულოების 7-7 წევრი და დაბა წყნეთის საკრებულოს 3 წევრი შედიოდნენ.

განსხვავებული იყო აღმასრულებელი ორგანო ქვედა და ზედა დონეზე: თუ სოფლის, დაბის, თემის, ქალაქისა და ქალაქის რაიონის დონეზე გამგებელი არსებობდა, ზედა, ანუ რაიონსა და რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქებში, პრეფექტურები ფუნქციონირებდა, ხოლო თბილისს მერი მართავდა, თუმცა, არც გამგებლებს, არც პრეფექტებსა და არც დედაქალაქის მერს ჩვენ არ ვირჩევდით. პრეფექტებსა და მერს ჯერ უზენაესი საბჭო, შემდეგ კი პრეზიდენტი ნიშნავდა. რაც შეეხება გამგებლებს, რომლებიც პირველ დონეზე გამგეობებს ხელმძღვანელობდნენ, პრეფექტი საკრებულოს წევრებიდან არჩევდა.

მიუხედავად ორდონიანი თვითმმართველობისა და პირველ დონეზე წარმომადგენლობითი ორგანოების პირდაპირი წესით არჩევისა, დანიშნული პრეფექტები და დედაქალაქის მერი ადგილობრივ თვითმმართველობაზე ცენტრალური ხელისუფლების გავლენის შენარჩუნების გარანტიას ქმნიდა.

არჩევნები ერთადერთი გადასაცემი ხმის სისტემით ჩატარდა. დიდწილად სწორედ ამან განაპირობა ის, რომ საკრებულოებში, დომინანტ პარტიასთან – “მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო” ერთად, სხვა, მათ შორის, მცირე პარტიაც, მოხვდა და რაც მთავარია, მოხვდა არაერთი დამოუკიდებელი კანდიდატი. მაგალითად, მხოლოდ თბილისის საკრებულოებში არჩეულთა 22% სწორედ საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი დამოუკიდებელი კანდიდატი იყო. 

1991 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ საკრებულოს წევრები გახდნენ ბლოკის “მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო”, სახალხო ფრონტის, დემოკრატიული სახალხო ფრონტის, დამოუკიდებელი კომპარტიის, დემოგრაფიული საზოგადოების ეროვნული პარტიის, ბლოკის „განთავისუფლება და ეკონომიკური აღორძინება“, საზოგადოება “ლემის”, საქართველოს საზოგადოებრივ – პოლიტიკური ორგანიზაცია “სვანეთის”, ახალგაზრდული ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის, საქართველოს მიწათმოქმედთა კავშირის, საქართველოს ეროვნული ერთიანობისა და სოციალური სამართლიანობის პარტიისა და სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. ამავდროულად, გარდა პარტიული წარმომადგენლებისა, როგორც უკვე ვთქვით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილმა დამოუკიდებელმა კანდიდატებმაც მშვენიერი შედეგი აჩვენეს და საკრებულოების წევრები გახდნენ.

თუმცა, 1991-1992 წლების სამოქალაქო ომისა და ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლის შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ფუნქციონირება შეუწყვიტეს. 1992 წლის 4 იანვრის ბრძანებით, სამხედრო საბჭომ არჩევითი ორგანოები გააუქმა და ძალაუფლება დროებით საგანგებო რწმუნებულებს გადასცა. მოგვიანებით კი პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა დამყარდა.

1998 წლის 15 ნოემბერი – შედეგები, რომლითაც მმართველმა პარტიამ საქართველოს დიდ ქალაქებში უმრავლესობა ვერ შექმნა

1991 წლის შემდეგ, 8 წლის განმავლობაში, ქვეყანამ ადგილობრივი თვითმმართველობისთვის ვეღარ მოიცალა და მხოლოდ 1998 წელს შეძლო თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება.

შეიძლება თამამად ითქვას, რომ ამ არჩევნების შედეგებით, ყველაზე პლურალისტური საკრებულოები მივიღეთ და ეს ამ არჩევნებს შემდგომ წლებში ჩატარებული არჩევნებისგან მართლაც მნიშვნელოვნად განასხვავებს. 

რაც მთავარია, ეს იყო არჩევნები, როცა მაშინდელმა მმართველმა პარტიამ – “საქართველოს მოქალაქეთა კავშირმა” ქვეყნის დიდ ქალაქებში უმრავლესობა ვერ შექმნა. ამის წყალობით, საკრებულოთა არცთუ ისე მცირე ნაწილი ოპოზიციის უმრავლესობით დაკომპლექტდა. მაგალითად, სწორედ ამ არჩევნებზე დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე ოპოზიციონერი კანდიდატი, ლეიბორისტი ლადო კახაძე გახდა. 

ეს არჩევნები მნიშვნელოვანი იმითაც იყო, რომ ამ დროისათვის შემუშავდა სწორედ პირველი მეტ-ნაკლებად სრულყოფილი საკანონმდებლო ბაზა და პარლამენტმა მიიღო კანონი “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ”. თუმცა, როგორც თავად ხედავთ, ეს კანონი, თვითმმართველობასთან ერთად, ადგილობრივი მმართველობის საკითხებსაც არეგულირებდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 1998 წელსაც კვაზი თვითმმართველობა შევინარჩუნეთ. არადა, ამ პერიოდში მართლაც იყო შანსი, რომ მაშინდელ ხელისუფლებას დეცენტრალიზაციის პროცესი შეუქცევადად ექცია და ადგილობრივ დონეზე მართლაც ძლიერი და ცენტრისგან დამოუკიდებელი ხელისუფლების ორგანოები მიგვეღო. თუმცა, მაშინდელმა სახელისუფლო ელიტამ, შევარდნაძის მეთაურობით, სრულყოფილი თვითმმართველობის ჩამოყალიბებაზე უარი თქვა.

ამ დროისთვის საქართველოში კვლავ ორდონიანი თვითმმართველობა არსებობდა, თუმცა, 1991 წლისგან მცირედ განსხვავებული: პირველი დონე – სოფელი, თემი, დაბა, ქალაქი, სადაც წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებს მოსახლეობა პირდაპირი წესით ირჩევდა. გამგებელი კი ავტომატურად საკრებულოს თავმჯდომარე ხდებოდა. რაც შეეხება მეორე დონეს, ანუ რაიონს და რესპუბლიკურ დაქვემდებარების ქალაქებს, აქ საკრებულო არჩევითი კი იყო, მაგრამ გამგებლებს პრეზიდენტი ნიშნავდა.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი ის გახლდათ, რომ 653 საკრებულოში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 2000–ზე ნაკლები იყო, არჩევნები მაჟორიტარული წესით, ხოლო 378 საკრებულოში, სადაც ამომრჩეველთა რიცხვი 2000-ს აჭარბებდა, არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ტარდებოდა. გარდა ამისა, პროპორციულ არჩევნებში მონაწილეობა პარტიას იმ შემთხვევაში შეეძლო, თუ საარჩევნო სიები პროპორციული ოლქების მინიმუმ 50%-ში ჰქონდა შეტანილი. ამ დათქმით, რეალურად, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტთა რაოდენობა ხელოვნურად შეზღუდეს. ჯამში კი, 1998 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, 1031 საკრებულოში, საკრებულოს 10 693 წევრი უნდა არჩეულიყო.

1991 წლის არჩევნებისგან განსხვავებით, 1998 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე პოლიტიკურმა პარტიებმა აქტიური წინასაარჩევნო კამპანია აწარმოეს: ატარებდნენ მოსახლეობასთან შეხვედრებს, ავრცელებდნენ საინფორმაციო პლაკატებსა და ბროშურებს, მმართველი პარტია კი ხალხმრავალ კონცერტებსაც მართავდა.

“ძლიერი პარტია საკრებულოში” (მოქალაქეთა კავშირი), “ერთად გადავარჩინოთ თბილისი”, “წავიდეთ, საქმე ვაკეთოთ” (მწვანეთა პარტია), “აირჩიეთ ერთადერთი ეროვნული ბლოკი” (საქართველო – მერაბ კოსტავას საზოგადოება) – ეს ის ლოზუნგებია, რომლითაც პარტიათა ნაწილი არჩევნებზე გამოდიოდა.

თბილისის მერობის კანდიდატი ლეიბორისტული პარტიიდან, ლადო კახაძე კი ამომრჩევლებს იმასაც ჰპირდებოდა, რომ ის, არც მეტი, არც ნაკლები, ფეხმძიმე თბილისის ბებიაქალი იქნებოდა. საბოლოო ჯამში, კახაძე თბილისის ბებიაქალი არა, მაგრამ საკრებულოს თავმჯდომარე მართლაც გახდა, თუმცა, მალევე მან პარტია დატოვა და შევარდნაძის მოკავშირე გახდა. მოგვიანებით, მისი ყოფილი პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი კახაძეს „მოქალაქეთა კავშირის“ შტატიან თამადად მოიხსენიებდა. 

ჯამში, დედაქალაქის საკრებულოში მოსახვედრად ზღვარი შვიდმა პოლიტიკურმა პარტიამ გადალახა, საიდანაც მმართველ “მოქალაქეთა კავშირს” მხოლოდ 29.94% ერგო, ლეიბორისტულ (შრომის) პარტიას – 17.90%, სოციალისტურ პარტიას – 12.66%, სახალხო პარტიას – 7.40%, დემოკრატიული აღორძინების კავშირს – 7.02%, ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას – 6.65 %, ტრადიციონალისტთა კავშირს კი – 6.09%.

დედაქალაქის გარდა, სმკ დამარცხდა და უმრავლესობა ოპოზიციამ მოიპოვა ბათუმში, ფოთში, ქუთაისსა და რუსთავში, მმართველმა პარტიამ უმრავლესობა ვერ მოიპოვა, ასევე, 65 რაიონიდან 33-ში. 

მიუხედავად საქართველოს რეგიონებში ოპოზიციის მიერ მიღწეული წარმატებისა, გამონაკლისად რჩებოდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ასლან აბაშიძის მმართველობის პირობებში ჩატარებული არჩევნები, რომლის შედეგადაც აჭარაში მოქმედ საკრებულოებში ვერც “მოქალაქეთა კავშირის” და ვერც ოპოზიციის წარმომადგენლები ვერ მოხვდნენ. რეგიონის ყველა საკრებულო მხოლოდ “საქართველოს აღორძინების კავშირის” წევრებით დაკომპლექტდა.

2002 წლის 2 ივნისი – პირველად პირდაპირი წესით არჩეული მერები და გამგებლები, მმართველი პარტიის მარცხი და გენერალური რეპეტიცია საპარლამენტო არჩევნების წინ

მიუხედავად 1998 წელს მიღებული მარცხისა, მაშინდელმა ხელისუფლებამ უპრეცედენტოდ გაბედული გადაწყვეტილება მიიღო – 2002 წლის არჩევნებზე რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქების მერები და რაიონული ქალაქების გამგებლები მოსახლეობას პირდაპირი წესით უნდა აერჩია. სულ პირდაპირი წესით 2002 წლის არჩევნებზე 40 მერისა და გამგებლის არჩევა უნდა მომხდარიყო. გამონაკლისს ორი დიდი ქალაქი – თბილისი და ფოთი წარმოადგენდა. ამ ორ ქალაქში მერებს კვლავ პრეზიდენტი დანიშნავდა.

რაც შეეხება საკრებულოების არჩევნებს, ის პირველი დონის თვითმმართველობებში, ფაქტობრივად, იმავე სისტემით ჩატარდა, რითაც 1998 წლის არჩევნები. თემებსა და სოფლებში გამგებლის უფლებამოსილება კი ისევ საკრებულოს თავმჯდომარეებს ეკისრებოდათ.

2001 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების მიუხედავად, მეორე, ანუ რაიონის დონეზე ხელისუფლებამ ადგილობრივი თვითმმართველობის დამკვიდრება ვერ გაბედა და კვლავ ადგილობრივი მმართველობა შეინარჩუნა. ალბათ, იმიტომ, რომ პირველ დონეზე არჩეული თვითმმართველი ორგანოები ასე ეკონტროლებინა. თუმცა, პირველ დონეზე მერებისა და გამგებლების არჩევითობის დამკვიდრება, განსაკუთრებით, 1998 წლის არჩევნების შედეგებისა და ქვეყანაში იმ მომენტისათვის არსებული რთული პოლიტიკური ვითარების ფონზე, ქართული დემოკრატიისთვის უდაოდ წინგადადგმული ნაბიჯი იყო.

რაიონულ დონეზე არსებული საკრებულო შედგებოდა რაიონში შემავალი პირველი დონის თვითმმართველობის – სოფლების, თემებისა და ქალაქების საკრებულოების თავმჯდომარეებისგან. რაიონის საკრებულოს ჰყავდა სპიკერი, რომელსაც თავისი შემადგენლობიდან საკრებულო ირჩევდა. საკრებულოს შემადგენლობიდანვე შეირჩეოდა რაიონის გამგებელიც, რომელსაც თანამდებობაზე საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავდა.

ერთი სიტყვით, 1998 წლის მსგავსად, 2002 წელსაც ადგილობრივ დონეზე თვითმმართველობისა და მმართველობის აჯაფსანდალით შევხვდით, რაც, ცხადია, თვითმმართველობის, როგორც ინსტიტუციის, დამოუკიდებლობას ხელს უშლიდა, მით უფრო, იმ პირობებში, როცა სრულად არ იყო გამიჯნული ცენტრალური და ადგილობრივი ხელისულების უფლებამოსილებები, აღრეული იყო თავად თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების უფლებამოსილებები, მიუხედავად ფინანსური დეცენტრალიზაციის საკმაოდ მაღალი ხარისხისა (საშემოსავლო, ქონების და მოგების გადასახადი ადგილობრივ ბიუჯეტებში რჩებოდა), ქვეყანაში არსებული კორუფციისა და ცუდი ადმინისტრირების გამო, მწირი იყო თავად საჯარო ფინანსები. ერთად აღებული ყველა ეს ფაქტორი კი გამართული ადგილობრივი თვითმმართველობის ჩამოყალიბების შესაძლებლობას არ იძლეოდა.

მართალია, შევარდნაძემ არჩევნების თარიღად 2 ივნისი განსაზღვრა, მაგრამ აჭარის მაშინდელი ლიდერი ასლან აბაშიძე ამ გადაწყვეტილებას არ დაემორჩილა და მან რეგიონში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 კვირის შემდეგ – 16 ივნისს დანიშნა. არჩევნები კვლავ არ ჩატარებულა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე.

ალბათ, გახსოვთ ის პოლიტიკური ვითარება, რაც ადგილობრივი არჩევნების წინ საქართველოში სუფევდა – მაშინდელი ოპოზიცია სწორედ ამ არჩევნებს განიხილავდა 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების გენერალურ რეპეტიციად. მიზანი, რაც “მოქკავშირის” წიაღიდან აღმოცენებულ, ახლადშექმნილ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას – “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ჰქონდა, ადგილობრივ დონეზე მაშინდელი მმართველი პარტიის – “მოქალაქეთა კავშირის” დამარცხება იყო იმისათვის, რომ შემდგომ საპარლამენტო არჩევნებზე ცენტრალური ხელისუფლება შეეცვალა. “თბილისი შევარდნაძის გარეშე!” “სააკაშვილი საკრებულოს თავმჯდომარედ!” “ხელშეკრულება თბილისთან – 175 მილიონი ლარი – ხალხის სასარგებლოდ” – ეს იყო ის მთავარი ლოზუნგები, რომლითაც მაშინ ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციური პარტია გამოდიოდა.

ოპოზიციაში კიდევ ერთ ანგარიშგასაწევ ძალას “ახალი მემარჯვენეები” წარმოადგენდა. ამ პარტიის ლიდერებიც მანამდე “მოქალაქეთა კავშირის” წევრები იყვნენ და 1999 წლის პარლამენტშიც სწორედ ამ პარტიით შევიდნენ. “მემარჯვენეების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან გაჩეჩილაძემ თავისი მანდატი 2002-ის თვითმმართველობის არჩევნების წინ იმ იმედით დათმო, რომ მისი ახალი პარტია დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებდა და ის თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გახდებოდა. საარჩევნო სლოგანიც შესაბამისი ჰქონდათ – “თბილისი ახლის მოლოდინში”. პარტიის საარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩაერთო ლევან გაჩეჩილაძის ძმაც, მომღერალი “უცნობი”, რომელიც “მემარჯვენეების” საარჩევნო პლაკატებზეც იყო გამოსახული და რომელმაც სწორედ ამ არჩევნების წინ საგანგებოდ შექმნა საიმიჯო კლიპი “მზეს ველოდები”.

გარდა ამისა, კვლავ დიდი პოპულარობით სარგებლობდა “ლეიბორისტული პარტია”. ერთი სიტყვით, მმართველი პარტია 2002 წლის არჩევნებს მეტად შესუსტებული პოზიციებით შეხვდა – ერთი მხრივ, ძლიერი ოპოზიციური სპექტრით და მეორე მხრივ, მოსახლეობის უკმაყოფილების მაღალი დონითა და საპროტესტო აქციებით დედაქალაქის ქუჩებში.

არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე “მოქალაქეთა კავშირი” საარჩევნო მარათონს კინაღამ საერთოდ გამოეთიშა. ამის მიზეზი კი ის გახლდათ, რომ პარტიის გენერალურმა მდივანმა და გამოკვეთილმა ლიდერმა, ზურაბ ჟვანიამ და მისმა თანამოაზრეებმა “მოქალაქეთა კავშირი” დატოვეს. არადა, სწორედ ჟვანიას ხელმოწერით შევიდა ცესკოში მმართველი პარტიის საარჩევნო სია. ამის გამო კი, 2002 წლის 13 მაისს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ “მოქალაქეთა კავშირის” რეგისტრაციიდან მოხსნა გადაწყვიტა, თუმცა, არჩევნებამდე ზუსტად 5 დღით ადრე, 2002 წლის 27 მაისს, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ცესკომ მოქალაქეთა კავშირი საარჩევნო ბიულეტენში დატოვა.

პარტიის დატოვებამდე ჟვანიამ “მოქალაქეთა კავშირი” ოპოზიციურ პარტიად გამოაცხადა. ის ითხოვდა, რომ სწორედ მას შეძლებოდა ამ პარტიის სახელით არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ 2002 წლის 20 მაისს თბილისის საოლქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება  და ზურაბ ჟვანიას გუნდს მოქკავშირის სახელით ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მიღება აუკრძალა. ჟვანიამ მოქალაქეთა კავშირი არჩევნებამდე 4 დღით ადრე დატოვა და თვითმმართველობის არჩევნებზე სრულიად უცნობი – “ქრისტიან-კონსერვატიული პარტიის” სახელით გავიდა.

ეს მძიმე და დაძაბული პოლიტიკური ფონი, ცხადია, არჩევნების დღეზეც აისახა – არჩევნები ჩაიშალა ზუგდიდში, რუსთავსა და ხაშურში. ამ ოლქებში ხელახალი არჩევნები 16 ივნისს ჩატარდა. ქუთაისში კი, სადაც მერის არჩევნები “ახალი მემარჯვენეების” კანდიდატმა, ნუგზარ ფალიანმა მოიგო, შედეგები სასამართლოში გასაჩივრდა.

მეტად საინტერესო და დრამატული აღმოჩნდა 2002 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგები: “მოქალაქეთა კავშირმა” მმართველი პარტიის სტატუსი საბოლოოდ დაკარგა. მან თბილისში საარჩევნო ბარიერი საერთოდ ვერ გადალახა და მხოლოდ 2.37% დააგროვა. საქართველოს მასშტაბით კი პარტია მხოლოდ მეცხრე ადგილზე გავიდა და ჯამში 70 მანდატი ერგო.

დედაქალაქის საკრებულოში პირველი ადგილი, 24.99%-ის შესაბამისი 15 მანდატით, “საქართველოს ლეიბორისტულმა პარტიამ” მოიპოვა. მეორე ადგილზე კი, 23.58%-ითა და 14 მანდატით, საარჩევნო ბლოკი “ნაციონალური მოძრაობა – დემოკრატიული ფრონტი – სააკაშვილი, დავითაშვილი, შავიშვილი, ძიძიგური, ბერძენიშვილი“ გავიდა. მიუხედავად ლეიბორისტების მიერ მოპოვებული პირველი ადგილისა, როგორც გახსოვთ, საკრებულოს თავმჯდომარე “ნაცმოძრაობის” ლიდერი მიხეილ სააკაშვილი გახდა.

თბილისში, ჯამში, საარჩევნო ბარიერი 7–მა პოლიტიკურმა სუბიექტმა გადალახა. ლეიბორისტებისა და ნაცმოძრაობის გარდა, დედაქალაქის საკრებულოში მოხვდნენ: ახალი მემარჯვენეები (ახლები) – 11.10% და 7 მანდატი; „საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია – ზურაბ ჟვანიას გუნდი“ – 7.20% და 4 მანდატი; საარჩევნო ბლოკი „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ – 6.81% და 4 მანდატი; საარჩევნო ბლოკი „აღორძინება XXI“ – 5.63% და 3 მანდატი; ბლოკი “ერთობა” – ჯ. პატიაშვილი, ალ. ჭაჭია – პ/გ „ერთობა“, საქართველოს რეალისტთა კავშირი” – 4.03% და 2 მანდატი.

კიდევ უფრო საინტერესო აღმოჩნდა მთელი საქართველოს მასშტაბით დაფიქსირებული შედეგები, რამაც, რეალურად, იმდროინდელი პოლიტიკური პარტიების მიმართ ამომრჩეველთა დამოკიდებულება ცხადად აჩვენა. 4801 მანდატიდან 58%, ანუ 2 754 მანდატი, საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილმა დამოუკიდებელმა კანდიდატებმა მოიპოვეს და მხოლოდ 42% ერგო პოლიტიკურ სუბიექტებს, რომელთა შორის საუკეთესო ადგილიც “ახალმა მემარჯვენეებმა” აჩვენეს. ამ სუბიექტმა ჯამში 551 მანდატი მოიპოვა. დედაქალაქში პირველ ადგილზე გასული ლეიბორისტული პარტია, 152 მანდატით, მეხუთე ადგილს დასჯერდა, ხოლო “ნაციონალურმა მოძრაობამ” თბილისის გარეთ მხოლოდ ერთი მანდატი მოიპოვა.

ცესკოს შედეგებით, საქართველოს მასშტაბით, არჩევნებში მონაწილე 41 პარტიიდან, ბარიერი მხოლოდ 15-მა პარტიამ გადალახა: 1. ახალი მემარჯვენეები (ახლები) – 551 მანდატი, 2. საარჩევნო ბლოკი „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ – 481 მანდატი, 3. საარჩევნო ბლოკი „აღორძინება XXI“ – 198 მანდატი, 4. სოციალისტური პარტია – 189 მანდატი, 5. საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტია – 152 მანდატი, 6. კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის პარტია – 116 მანდატი, 7. ეროვნულ-დემოკრატიული პარტია – 86 მანდატი, 8. “ლემი” – 73 მანდატი, 9. საქართველოს მოქალაქეთა კავშირი – 70 მანდატი, 10. საარჩევნო ბლოკი „ნაციონალური მოძრაობა – დემოკრატიული ფრონტი“ – 15 მანდატი, 11. საარჩევნო ბლოკი „სახალხო პარტია –
ტრადიციონალისტთა კავშირი“ – 15 მანდატი, 12. მერაბ კოსტავას საზოგადოება – 9 მანდატი,
13. “თანადგომა” – 7 მანდატი, 14. საარჩევნო ბლოკი “ერთობა” – 4 მანდატი, 15. ერთიანი კომუნისტური პარტია და მშრომელთა საბჭოები – 1 მანდატი.

ცხადია, ცალკე გამოსაყოფია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 2 კვირის შემდეგ ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების შედეგები. აქ, ტრადიციულად, უკლებლივ ყველა თვითმმართველობაში კვლავ აბაშიძის ბლოკის – “აღორძინება XXI”-ს წარმომადგენლები მოხვდნენ, ბათუმის მერი კი ასლან აბაშიძის ვაჟი – გიორგი აბაშიძე გახდა.

2006 წლის 5 ოქტომბერი – გაუქმებული თვითმმართველობის პირველი დონე, მერებისა და გამგებლების გაუქმებული არჩევითობა და მმართველი პარტიის ხელში კონცენტრირებული ძალაუფლება

2006 წლის თვითმმართველობის არჩევნები “ვარდების რევოლუციის” შემდეგ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მმართველობისას ჩატარებული პირველი მუნიციპალური არჩევნები იყო. 2003 წლიდან მმართველმა პარტიამ ქვეყნის მოდერნიზაცია დაიწყო. ბევრი წლის მერე პარტიის ლიდერთა ნაწილი აღიარებს, რომ ამ მოდერნიზაციამ, კორუფციასთან ბრძოლამ და სხვა ნაბიჯებმა მმართველ ელიტას თვითმმართველობის განვითარებაზე უარი ათქმევინა, რამაც ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ძალაუფლების სრული კონცენტრაცია გამოიწვია.

ამ “მოდერნიზაციამ” 2005 წელს შეიწირა ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციური გაძლიერებისთვის გადადგმული ის მცირე ნაბიჯებიც კი, რომელიც 3 წლით ადრე მოხდა – 2006 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე, ძალაში შევიდა ორგანული კანონი “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”, რომლითაც გაუქმდა პირველ, ანუ სოფლის, ქალაქის, დაბისა და თემის დონეზე არსებული თვითმმართველობა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა ერთდონიან თვითმმართველობაზე გადავიდა და ის მაშინდელი რაიონის დონით განისაზღვრა. სწორედ ამ დროს გადაერქვა თვითმმართველ ერთეულებს რაიონის სახელი და ახალი ტერმინი – მუნიციპალიტეტი დამკვიდრდა, მანამდე არსებული რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქები მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში არსებულ ადმინისტრაციულ ცენტრებად გამოცხადდა, თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი და ბათუმი კი თვითმმართველ ქალაქებად გადაიქცნენ.

ჯამში, 1998 წელს არსებული 1000-ზე მეტი თვითმმართველი ერთეულიდან 2006 წლის არჩევნებს 65 მუნიციპალიტეტით შევხვდით.

კიდევ ერთი უკანგადადგმული ნაბიჯი, რაც 2005-2006 წლების ე.წ. რეფორმამ მოიტანა, გამგებლებისა და მერების არჩევითობის გაუქმება იყო. “ნაციონალური მოძრაობის” გუნდმა გადაწყვიტა, რომ მუნიციპალიტეტების გამგებლები და თვითმმართველი ქალაქების მერები მოსახლეობას პირდაპირი წესით კი არ უნდა აერჩია, არამედ საკრებულოებს დაენიშნათ.

მმართველი ელიტა ამ გადაწყვეტილებას იმით ხსნიდა, რომ ასე უფრო ეფექტური იქნებოდა ადგილებზე მართვა, გაჩნდებოდა მეტი ფინანსური რესურსი, რომელიც მანამდე პირველ და მეორე დონეს შორის ნაწილდებოდა, აიწევდა მოქალაქეებისთვის სერვისების მიწოდების ხარისხი. თუმცა, რეალურად, მივიღეთ ცენტრალიზებული სისტემა, ვინაიდან, პირველი დონის თვითმმართველობის გაუქმებიდან მალევე, ხელისუფლებამ დეცენტრალიზაციის გაგრძელების ნაცვლად, დაიწყო ფინანსური ცენტრალიზაციის პროცესი (მაგალითად, მოგების გადასახადი სრულად მიმართა ცენტრალურ ბიუჯეტში) და მუნიციპალიტეტები სულ უფრო მეტად გახდნენ დამოკიდებული ცენტრიდან მიცემულ ტრანსფერებზე. გაზარდეს ადგილობრივ თვითმმართველობაში მცხოვრებთა რაოდენობა და, თუ პირველი დონის არსებობისას, თვითმმართველ ერთეულში მცხოვრებთა რაოდენობა 4-5 ათასს შეადგენდა, სასოფლო, საქალაქო და სათემო თვითმმართველობის გაუქმებით, ის 60-100 ათასამდე გაიზარდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვერც მუნიციპალური სერვისები გაუმჯობესდებოდა და რაც მთავარია, ამგვარი გადაწყვეტილება სრულად ეწინააღმდეგებოდა 2004 წელს საქართველოს მიერ რატიფიცირებულ ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპულ ქარტიასა და ზოგადად, თვითმმართველობის არსს – რაც უფრო ახლოსაა ადგილობრივი თვითმმართველობა საკუთარ მოსახლეობასთან, მით უფრო ეფექტურია ის. 

გამარჯვებულს მიაქვს ყველაფერი – გზა ევროპისაკენ ჩადის, კამერუნის და ჯიბუტის გავლით…

სანამ არჩევნების შედეგებზე მოგახსენებდეთ, გეტყვით იმასაც, რომ წინა არჩევნებისგან განსხვავებით, შეიცვალა საარჩევნო სისტემაც – 2006 წლის არჩევნები ყველა საარჩევნო ოლქში შერეული – პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით კი ჩატარდა, მაგრამ დედაქალაქში, პროპორციულ არჩევნებში, საარჩევნო ოლქის ყველა მანდატი გადაეცემოდა იმ პარტიას, რომელიც ხმების უმრავლესობას მოიპოვებდა. ასეთი სისტემა სულ რამდენიმე ქვეყანაში არსებობდა, მათ შორის, მაგალითად, ჩადში, კამერუნსა და ჯიბუტში.

პროპორციული სიებისთვის საკრებულოში 37 ადგილიდან მხოლოდ თორმეტი ადგილი იყო გამოყოფილი. ამ სისტემის წყალობით, ოპოზიციამ, რომელმაც ჯამში დედაქალაქში 31.56% მიიღო, თბილისის საკრებულოში მხოლოდ სამი ადგილი (8%) მოიპოვა.

პროპორციულ არჩევნებში, წინა არჩევნებთან შედარებით, ასევე გაიზარდა საარჩევნო ბარიერიც და ის 5% გახდა. რაც შეეხება მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, მას გამარჯვებისთვის ყველაზე მეტი ხმა უნდა მოეგროვებინა. ჯამში, მთელი საქართველოს მასშტაბით, საკრებულოს 1 694 წევრი უნდა არჩეულიყო – 1 014 მაჟორიტარული, ხოლო 680 პროპორციული სისტემით.

კიდევ ერთი საგულისხმო დეტალი ამ არჩევნებზე ის იყო, რომ მოულოდნელად საგრძნობლად გაიზარდა ამომრჩეველთა რაოდენობა. თუ, მაგალითად, 2004 წლის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა რაოდენობა 2 231 986-ს, ხოლო ამავე წელს გამართულ ხელახალ საპარლამენტო არჩევნებზე 2 343 087-ს შეადგენდა, 2006 წლისთვის ეს რიცხვი თითქმის 1 მილიონით გაიზარდა და 3 205 634 გახდა.

ალბათ, გახსოვთ, ეს იყო პერიოდი, როცა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას საზოგადოებაშიც და მოკავშირე პოლიტიკურ სპექტრშიც “ვარდების რევოლუციის” ხიბლი ჩამოშორდა – საარჩევნო ბლოკი, რომლითაც სააკაშვილმა მმართველობა გადაიბარა, დაშალილი იყო, სწორედ ამ წლის დასაწყისში მომხდარი უსასტიკესი დანაშაულის – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გამო კი დედაქალაქის ქუჩებში საპროტესტო მუხტი უფრო და უფრო იზრდებოდა. სწორედ ამ პოლიტიკურ მოცემულობაში, ამგვარი საარჩევნო და თვითმმართველობის “რეფორმის” ფონზე ჩატარდა 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები.

საარჩევნო მარათონში მხოლოდ და მხოლოდ 6 პოლიტიკური პარტია ჩაება და ისიც – არასრულად. ოპოზიციას საარჩევნო ოლქების ნაწილში საკუთარი კანდიდატები არც კი წარუდგენია და მმართველ პარტიას კონკურენტი არ ჰყოლია. “არ დარჩე სახლში, არ შეაჩერო შენება” – ეს იყო “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მთავარი ლოზუნგი, მის ყოფილ თანამოაზრეებს და ახლა უკვე კონკურენტ ბლოკს – დავითშვილი, ხიდაშელი, ბერძენიშვილი (საქართველოს რესპუბლიკური პარტია – კონსერვატორები)” კი სწამდა, რომ მას შეეძლო და შეცვლიდა (“ჩვენ შეგვიძლია – ჩვენ შევცვლით”), „თოფაძე – მრეწველებს“ და მის კანდიდატ გოგი თოფაძეს კი სჯეროდა, რომ თბილისს მეურნე მერი სჭირდებოდა (“მეურნე მერი სჭირდება თბილისს”)…

ისევ გადაჭრელდა საარჩევნო პლაკატებით ქვეყანა, ისევ ჩიოდა ოპოზიცია, რომ მმართველი პარტია ფინანსურ და ადმინისტრაციულ რესურსს სათავისოდ იყენებდა, მათ მხარდამჭერებსა და წევრებს კი სდევნიდა და ავიწროებდა. ისევ უარყოფდა მმართველი პარტია ოპოზიციის ბრალდებას – აი, ამ ფონზე წარიმართა 2006 წლის საარჩევნო პროცესი საქართველოში.

შედეგებიც, ცენტრალიზებული მმართველობისა და დაკნინებული ოპოზიციის შესაბამისი დადგა: პროპორციულ არჩევნებში “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” მთელი საქართველოს მასშტაბით 85%, ანუ 578 მანდატი მოიპოვა, მაჟორიტარული არჩევნებით კი – 92% და 925 მანდატი. მეორე ადგილზე გავიდა ბლოკი “დავითშვილი, ხიდაშელი, ბერძენიშვილი (საქართველოს რესპუბლიკური პარტია – კონსერვატორები)”, რომელმაც 45 მანდატი მიიღო და მხოლოდ 9 მაჟორიტარი გაიყვანა; “ლეიბორისტულმა პარტიამ” პროპორციულ არჩევნებში 34 მანდატი დააგროვა, მაჟორიტარულში კი 5 მანდატი მიიღო. ბარიერი გადალახა, ასევე, “თოფაძე – მრეწველებმა”, რომელმაც 23 მანდატი მოიპოვა, მაჟორიტარულ არჩევნებში კი მხოლოდ 4 მანდატი ერგო. პროპორციული არჩევნებისთვის დადგენილი ზღვარი ვერ გადალახა სალომე ზურაბიშვილის “საქართველოს გზამ”, თუმცა, საქართველოს მასშტაბით, 3 მაჟორიტარი გაიყვანა. ასევე, მთელი ქვეყნის მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატი გახდა საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი 68 ადამიანი.

რაც შეეხება დედაქალაქის შედეგებს, აქ ოცდახუთივე მაჟორიტარულ ოლქში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატებმა გაიმარჯვეს, პროპორციული არჩევნებით კი 9 მანდატი მიიღო. თბილისის საკრებულოში, პრინციპით – “გამარჯვებულს მიაქვს ყველაფერი”, როგორც უკვე ვთქვით, ნომინალურად მოხვდა 3 საარჩევნო სუბიექტი: რესპუბლიკელებ-კონსერვატორების ბლოკმა, “ლეიბორისტულმა პარტიამ” და “თოფაძე – მრეწველებმა” მხოლოდ თითო-თითო წევრის გაყვანა შეძლეს. ანუ ჯამში, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს 37 წევრიდან მმარველ პარტიას 34, ოპოზიციას კი 3 ადგილი შეხვდა.

მთლიანობაში, ნაციონალურ მოძრაობას მაჟორიტარული 1014 მანდატიდან 925 ერგო, დანარჩენ ოპოზიციასა და დამოუკიდებელ კანდიდატებზე კი მხოლოდ 89 მანდატი გადანაწილდა. პროპორციული სისტემით გასანაწილებელი 680 მანდატიდან “ნაციონალურმა მოძრაობამ” 578 მოიპოვა, დანარჩენმა ოპოზიციამ ჯამში კი – მხოლოდ 102 მანდატი.
სწორედ ეს იყო თვითმმართველობის გაუგონარი რეფორმის მიზანიც – ყველა დონის ხელისუფლების ერთ ხელში მოქცევა და ტოტალური კონტროლი, რისი შეცვლაც დღემდე ვერ მოვახერხეთ.  

2010 წლის 30 მაისი – თბილისის მერის არჩევითობის დაშვება თვითმმართველობისთვის ფინანსების წართმევის ფონზე

2007 წლის 7 ნოემბრის დარბევა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები, 2008 წლის შიმშილობის აქცია, აგვისტოს ომი და კიდევ უფრო მეტი ოკუპირებული სოფლები, 2009 წლის ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები და სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნა – აი, ასეთი დამძიმებული პოლიტიკური ფონით შეხვდა ქვეყანა 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს.

სწორედ ამ პოლიტიკურ ვითარებაში, ჯერ კიდევ 2009 წლის ივლისში, ე.წ. საკნების აქციის პარალელურად, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნები, კანონით განსაზღვრული ოქტომბრის ნაცვლად, მაისის ბოლოს ჩაეტარებინა. პარალელურად, დედაქალაქის იმდროინდელი დანიშნული მერი, გიგი უგულავა გამოვიდა ინიციატივით, რომ თბილისის მერი მოსახლეობას პირდაპირი წესით აერჩია. სააკაშვილი კი უფრო შორსაც წავიდა და გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ მოახლოებულ არჩევნებზე ყველა მერი პირდაპირი წესით აირჩეოდა. თუმცა, საბოლოოდ მან ეს დაპირება გადათქვა და მერის არჩევნების მხოლოდ დედაქალაქში ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. გამარჯვებისთვის კი 30%-იანი ბარიერი დაწესდა.

კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც საარჩევნო კოდექსში შევიდა, ისევ თბილისს ეხებოდა. ამ ცვლილებით, დედაქალაქის საკრებულოს წევრთა რაოდენობა 50-მდე გაიზარდა. აქედან 25 პროპორციული სიით, 25 კი ერთმანდატიან ოლქებში მაჟორიტარული წესით უნდა არჩეულიყო. დანარჩენ საქართველოში კი ყველაფერი ისევ ისე დარჩა, როგორც 2006 წლის არჩევნებზე იყო.

როგორ მდგომარეობაში იყო ამ დროისთვის ადგილობრივი თვითმმართველობა? თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმაზე უარესში, ვიდრე მანამდე. ამის მიზეზი კი, უმთავრესად, ისედაც ფინანსური პრობლემების მქონე მუნიციპალიტეტების მეტად გაღარიბება იყო. თუ 2006 წელს ხელისუფლებამ ადგილობრივ ბიუჯეტებს მოგების გადასახადი წაართვა და მთლიანად ცენტრალურ ბიუჯეტში წაიღო, უკვე მოგვიანებით, 2008 წლიდან, მუნიციპალურ ბიუჯეტებს საშემოსავლო გადასახადიც ჩამოართვა და ისიც ცენტრალურ ბიუჯეტს დაუქვემდებარა. ამ უსამართლო გადაწყვეტილების შემდეგ ადგილობრივ თვითმმართველობას გადასახადის სახით მხოლოდ ქონების გადასახადიღა დარჩა. ამით ცენტრალურმა ხელისუფლებამ თვითმმართველობები ფინანსურად სრულად დაიქვემდებარა, რითაც მათ დამოუკიდებლობის ისედაც დაბალი ხარისხი საბოლოოდ დააკარგვინა.

პარალელურად კი, მუნიციპალიტეტებს, საკუთარი უფლებამოსილების შესასრულებლად გასაწევი ხარჯების გარდა, მთავრობა ცენტრალური ხელისუფლების მიერ გასაწევი ხარჯების გაღებასაც სთხოვდა. ალბათ, გახსოვთ, სწორედ ამ პერიოდში შსს პოლიციის ახალი შენობების გახსნით დაკავდა. ეს შენობები, უმეტესად, სწორედ ადგილობრივი ბიუჯეტების ხარჯზე აშენდა. თვითმმართველობებს, ასევე, უწევდათ პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების ხარჯების გასტუმრება და სხვა უამრავი რამ, რაც, კანონმდებლობით, მათ კომპეტენციაში არ შედიოდა. თუ ეს მანკიერი პრაქტიკა თავდაპირველად არაფორმალურ ხასიათს ატარებდა და მთავრობის წევრთა სიტყვიერი მითითებებით ხდებოდა, 2009 წლიდან ამან ოფიციალური სახე მიიღო. მხოლოდ ერთ, 2008 წელს, მუნიციპალიტეტების იძულებითმა არამიზნობრივმა ხარჯებმა 130 მილიონი ლარი შეადგინა და ეს თანხა ყოველწლიურად იზრდებოდა. 

აი, ამ პოლიტიკურ ფონსა და სრულიად ცენტრალიზებულ სისტემაში მმართველი პარტია და თბილისში მისი მერობის კანდიდატი გიგი უგულავა არჩევნებზე ლოზუნგით – “გასაკეთებელი კიდევ ბევრია” – გამოვიდნენ (ნიშანდობლივია, რომ იგივე ლოზუნგი ჰქონდა კომპარტიასაც 1982 წელს). როგორც წინა წლებში, “ნაციონალურმა მოძრაობამ” ტრადიციას ამჯერადაც არ უღალატა და არჩევნებს მორიგი საიმიჯო კლიპით შეხვდა – “ბათუმს ქათქათას”, რომელსაც სოფო ნიჟარაძე ასრულებდა, პარტიის აზრით, წარმოაჩენდა იმ აღმშენებლობას, რაც ქვეყნის ქალაქებში მიმდინარეობდა.

თვითმმართველობის უფლებამოსილებებთან სრულიად შეუსაბამო იყო ოპოზიციის მთავარი დაპირებებიც. მაგალითად, ბლოკი “ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება” (რომელშიც ქდმ, “ჩვენ თვითონ” და ქრისტიან–დემოკრატიული სახალხო პარტია შედიოდნენ) და მისი კანდიდატი გიორგი ჭანტურია მოსახლეობას გაზის, დენისა და წყლის დაბალ ტარიფებს ჰპირდებოდნენ (“გაზი – 10 თეთრი, დენი – 5 თეთრი, წყალი – უფასო”), არადა, ტარიფების დადგენა ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთარ უფლებამოსილებას არ წარმოადგენდა.

ოპოზიციურ ფლანგზე ახლადგამოჩენილი ირაკლი ალასანიაც, რომელიც “თავისუფალი დემოკრატების”, “რესპუბლიკური პარტიის”, “ახალი მემარჯვენეებისა” და “საქართველოს გზის” მიერ შექმნილი ბლოკის კანდიდატი იყო, ამომრჩეველს ლოზუნგით – “ჩვენ შევცვლით” გამოვიდა.

კიდევ უფრო აცდენილი იყო ეროვნული საბჭოსა და მისი კანდიდატის, ზვიად ძიძიგურის მთავარი გზავნილიც – “ბრძოლა დღესვე!”. გარდა იმისა, რომ ამ ლოზუნგს თვითმმართველობასთან კავშირი არ ჰქონდა, ძიძიგური და ეროვნული საბჭო, რომელშიც 2007-2009 წლების აქციების ორგანიზატორი პარტიების ნაწილი შედიოდა, სააკაშვილის რეჟიმის შესაცვლელად უკვე რამდენიმე წელი იბრძოდნენ და გაუგებარია “ბრძოლის დღესვე” დაწყებას როგორ აპირებდნენ.

“მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატი გოგი თოფაძე კი ამომრჩეველს საქმეს ჰპირდებოდა (“მოვდივარ საქმით, გპირდებით საქმეს”).

ჯამში, 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე 17-მა საარჩევნო ბლოკმა და პოლიტიკურმა პარტიამ მიიღო მონაწილეობა, ხოლო დედაქალაქის მერობისთვის 9 კანდიდატი იბრძოდა. საარჩევნო პერიოდი კი, რა თქმა უნდა, მეტად დაძაბული იყო. ოპოზიცია მათი წევრებისა და მხარდამჭერების დაშინებისა და შევიწროების შესახებ ინფორმაციას ყოველდღიურად ავრცელებდა, ასევე, ჩიოდა ადმინისტრაციული რესურსის მმართველი პარტიის სასარგებლოდ გამოყენების შესახებაც.

მართალია, “ნაციონალური მოძრაობა” ამ ბრალდებებს უარყოფდა, მაგრამ საარჩევნო წელს საჯარო ფინანსების ზრდასა და თვითმმართველობის თანამშრომელთა რაოდენობის მატებას მაშინდელი ციფრებიც ნათლად ადასტურებს. მაგალითად, სწორედ 2010 წელს, წინა წელთან შედარებით, ტრანსფერის მოცულობა 34%-ით გაიზარდა. ამავე წელს მხოლოდ თბილისის ბიუჯეტის გაურკვეველმა ხარჯებმა კი 84 მილიონს მიაღწია. მზარდი იყო თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულთა რიცხვიც. ცნობილია, რომ 2006-2012 წლებში მუნიციპალურ ორგანოებში დასაქმებულთა რაოდენობა 6-დან 12 ათასამდე გაიზარდა, ხოლო თბილისს გარეთ ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებულ სსიპ-ებში 50 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს 26 ადგილობრივი და 28 საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია, მათ შორის, ეუთო, აკვირდებოდა. მთელ რიგ საარჩევნო უბნებში ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა არაერთი დარღვევა დააფიქსირეს. მაგალითად, “სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებლებს არ უშვებდნენ საარჩევნო უბნებზე და მათზე ზეწოლას ახორციელებდნენ; ხშირი იყო მარკირების აპარატების გამოუყენებლობისა და სხვისი პირადობის მოწმობით ხმის მიცემის, ან ერთი და იგივე პირის მიერ ხმის რამდენჯერმე მიცემის ფაქტებიც; დამატებით სიებში გაზრდილი იყო ამომრჩეველთა რაოდენობა, ხოლო არაერთ საარჩევნო ყუთში იმაზე მეტი ბიულეტენი აღმოჩნდა, ვიდრე ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერა იყო დაფიქსირებული.

არჩევნების შედეგებიც წინასაარჩევნო გარმოს შესაბამისი აღმოჩნდა – მმართველმა ნაციონალურმა მოძრაობამ მთელი საქართველოს მასშტაბით, პროპორციულ არჩევნებში ხმათა 65.75% მიიღო. მეორე ადგილზე გავიდა „გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია – ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება“ 11.94%-ით. მესამე ადგილი ალასანიას გარშემო შექმნილ საარჩევნო ბლოკს – „ალიანსი საქართველოსთვის“ ერგო – მან ხმათა 9.19% დააგროვა, ხოლო „ეროვნულმა საბჭომ“, 6.77%-ით, მეოთხე ადგილი დაიკავა. სხვა საარჩევნო სუბიექტებმა კი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლეს.

თუ ამ მონაცემებს თბილისის შედეგებს გამოვაკლებთ, ვნახავთ, რომ მმართველმა პარტიამ დანარჩენ საქართველოში 73.9%-ის დაგროვება შეძლო.

რაც შეეხება თბილისს, აქ “ნაციონალურმა მოძრაობამ” პროპორციულ არჩევნებში 52.5% მოაგროვა. მეორე ადგილზე, 17.97%-ით, ბლოკი „ალიანსი საქართველოსთვის“ გავიდა; ქრისტიან-დემოკრატებმა, 12.05%-ით, მესამე ადგილი დაიკავეს, ხოლო “ეროვნულ საბჭოს” აქაც მეოთხე ადგილი ერგო 8.26%-ით. დედაქალაქის საკრებულოში ასევე მოხვდა “თოფაძე – მრეწველებიც”. მან ხმათა 6.23% მიიღო.

პროპორციულისგან განსხვავებით, ოპოზიციამ დედაქალაქში ვერცერთი მაჟორიტარული მანდატი ვერ აიღო – 25-ვე ადგილი საკრებულოში მმართველ პარტიას ერგო. სწორედ შერეული საარჩევნო სისტემის მეშვეობით, რეალურად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისის საკრებულოში მანდატების 78% მოიპოვა. დედაქალაქის მერი კი, პირველივე ტურში, 55.23%-ით, გიგი უგულავა გახდა. მისმა მთავარმა კონკურენტმა ირაკლი ალასანიამ მხოლოდ 19.05%-ის მოგროვება შეძლო. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია არჩევნების შედეგებს აპროტესტებდა, მალევე ალასანიამ დამარცხება აღიარა და უგულავას გამარჯვება ოფიციალურად მიულოცა.

რაც შეეხება დანარჩენ საქართველოს, ენმ-მ მაჟორიტარულ არჩევნებში 958 მანდატის მოპოვება შეძლო, “თოფაძე-მრეწველებმა” – 26-ის, ქდმ-მ – 12-ის, ბლოკმა “ალიანსი საქართველოსთვის” – 5-ის, ერთიანმა ეროვნულმა საბჭომ – 4-ის, 13 მანდატი კი სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებმა მოიპოვეს.

2014 წლის 15 ივნისი – თვითმმართველობის მასშტაბური რეფორმა, თვითმმართველი ქალაქების გაზრდილი რაოდენობა და პირდაპირი წესით არჩეული მერები და გამგებლები

2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს საქართველო თვითმმართველობის სრულიად განახლებული კანონმდებლობითა და ამ სფეროში პოზიტიური მოლოდინით შეხვდა. რეფორმა, რომელიც კოალიცია “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე დაიწყო, მართლად გარდამტეხ ცვლილებებს ისახავდა მიზნად. ცენტრისა და თვითმმართველობის უფლებამოსილებათა მაქსიმალური გამიჯვნა და გაფართოება, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რეფორმა, თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის გაზრდა და ორდონიანი თვითმმართველობის ჩამოყალიბება, მერებისა და გამგებლების არჩევითობა, ფისკალური და ქონებრივი დეცენტრალიზაცია – ეს ის მცირე ჩამონათვალია, რისი განხორციელების ვალდებულებასაც მმართველი კოალიცია საკუთარ თავზე იღებდა. ამ ვალდებულების ფარგლებში საქართველოს მთავრობამ 2013 წელს ჯერ “საქართველოს მთავრობის დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგია” დაამტკიცა, შემდეგ კი, 2014 წელს, საქართველოს პარლამენტმა “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” მიიღო.

ერთი სიტყვით, გაჩნდა იმედი, რომ, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 23 წლის შემდეგ მაინც, მივიღებდით მართლაც დამოუკიდებელ, კომპეტენციებით, ფინანსებითა და ქონებრივად ძლიერ ადგილობრივ თვითმმართველობას, რომელსაც ცენტრალური მთავრობა და მმართველი პარტია საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის ვეღარ და აღარ გამოიყენებდნენ.

2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის ჩვენ ისევ დავიბრუნეთ მერებისა და გამგებლების პირდაპირი წესით არჩევის უფლება. გარდა ამისა, 5 თვითმმართველ ქალაქს – თბილისს, რუსთავს, ქუთაისს, ბათუმსა და ფოთს კიდევ 7 – ზუგდიდი, ოზურგეთი, გორი, ახალციხე, თელავი, მცხეთა და ამბროლაური დაემატა. ამ ქალაქების გამოყოფის პარალელურად კი, შეიქმნა ამავე დასახელების სათემო მუნიციპალიტეტები, რომლებიც იქ არსებულ სოფლებსა და დაბებს აერთიანებდა. ახლა უკვე ამ თვითმმართველ ქალაქებსა და სათემო მუნიციპალიტეტებს განვითარების თანაბარი შანსები მიეცა.

ამ ცვლილების გათვალისწინებით, საქართველოს მოსახლეობას ჯამში 12 თვითმმართველი ქალაქის მერი და 59 სათემო მუნიციპალიტეტის გამგებელი უნდა აერჩია. თუ 2006 წლის თბილისის მერის არჩევნებზე საარჩევნო ბარიერი 30%-ს შეადგენდა, ამჯერად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მერისა და გამგებლის არჩევნებში გამარჯვებულად ის კანდიდატი გამოცხადდებოდა, ვინც 50%-ს გადალახავდა. რაც შეეხება საკრებულოს წევრთა არჩევნებს, აქ პროპორციული არჩევნების ბარიერად 4% დაწესდა, მაჟორიტარულ არჩევნებში გამარჯვებულად კი ხმათა ყველაზე მეტ რაოდენობის მქონე კანდიდატი გამოცხადდებოდა. ჯამში, 2014 წლის არჩევნებზე საკრებულოს 2 088 დეპუტატი უნდა აგვერჩია – 1 050 პროპორციული წესით, 1 038 კი მაჟორიტარული სისტემით.

თუმცა, ბუნებრივია, მხოლოდ კანონმდებლობის ცვლილება და გამართვა პოლიტიკურ ტემპერატურას არ ცვლიდა. 2012-2014 წლებში, როდესაც ცენტრალურ ხელისუფლებას “ქართული ოცნება”, ადგილობრივს კი “ნაციონალური მოძრაობა” წარმოადგენდნენ, დაპირისპირებისა და დაძაბულობის არაერთი კერა არსებობდა. იყო შემთხვევები, როცა “ოცნების” ადგილობრივი ორგანიზაციები, საპროტესტო აქციებითა და პიკეტირებებით, გამგებლებს გადადგომას აიძულებდნენ. საკრებულოების მოქმედი წევრების ნაწილი “ოცნების” კოალიციაში შემავალ პარტიებში გადაბარგდა, რამაც არაერთ წარმომადგენლობით ორგანოში პოლიტიკური ბალანსი სრულად შეცვალა.

აი, ამ მოცემულობაში თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა საქართველოს მასშტაბით – 24-მა, ხოლო თბილისში 19-მა საარჩევნო სუბიექტმა გადაწყვიტა. დედაქალაქის მერობისთვის კი 14 კანდიდატი იბრძოდა მთავარი გამოკვეთილი კონკურენტებით – “ოცნების” დავით ნარმანიათი და “ნაციონალური მოძრაობის” ნიკანორ მელიათი. ჯამში, 12 თვითმმართველ ქალაქში მერობისთვის 87 კანდიდატი ეცილებოდა ერთმანეთს, ხოლო დანარჩენ მუნიციპალიტეტებში გამგებლობა 262 კანდიდატს სურდა.

კანდიდატთა საარჩევნო კამპანიები წინა წლების მსგავსი იყო – პლაკატებით, ბროშურებით, ბილბორდებით და ახლა უკვე სოციალურ ქსელებში აქტივობებით დახუნძლული. “ერთად ვიზრუნოთ თბილისზე” – ეს ნარმანიას წინასაარჩევნო სლოგანი იყო (ანალოგიური იყო დანარჩენი კანდიდატების სლოგანებიც – ერთად ვიზრუნოთ ქუთაისზე/ბათუმზე/თერჯოლაზე/საქართველოზე და ა.შ.)

მელია კი ამომრჩევლებს დედაქალაქის ამუშავებას ჰპირდებოდა (“ერთად ავამუშავოთ თბილისი”).

ყველაზე ორიგინალური კი, ალბათ, “ლეიბორისტების” კანდიდატის, ასმათ ტყაბლაძის სლოგანი იყო – “აბა, თქვენ იცით, თბილისელებო!”

არჩევნების პირველმა ტურმა საქართველოს მასშტაბით მხოლოდ 50 მერი და გამგებელი გამოავლინა, ყველა გამარჯვებული “ქართული ოცნების” კანდიდატი იყო. 8 თვითმმართველ ქალაქსა და 13 სათემო მუნიციპალიტეტში კი მეორე ტური დაინიშნა. მათ შორის, მეორე ტური გახდა საჭირო დედაქალაქის მერის გამოსავლენადაც, თუმცა, ალბათ, გახსოვთ, როგორ იჩქარა მმართველმა პარტიამ და პირველ ტურისას, საარჩევნო უბნების დახურვისთანავე, ნარმანიას გამარჯვება ფოიერვერკებით იზეიმა. საბოლოო ჯამში, 21 მუნიციპალიტეტში გამართული მეორე ტურის შედეგადაც გამარჯვებულები “ოცნების” კანდიდატები გახდნენ, თუმცა, თვითმმართველობის რეფორმის დაწყებისთანავე, თავად მეორე ტურის გამართვა ქვეყნის დემოკრატიზაციის გზაზე მცირე, მაგრამ მართლაც წინგადადგმული ნაბიჯი იყო.

რაც შეეხება საკრებულოს არჩევნების შედეგებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, 2088 დეპუტატიდან 718, ანუ 34.3% ოპოზიციონერი, ან დამოუკიდებელი კანდიდატი გახდა. მათ შორის, ისეთი პარტიების წარმომადგენლებიც მოხვდნენ, რომლებმაც პროპორციული არჩევნებისთვის დაწესებული 4%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს, მაგრამ მათმა მაჟორიტარმა კანდიდატებმა შეძლეს გამარჯვება. ასევე, იყო მუნიციპალიტეტები, სადაც საკრებულოებში მმართველი პარტიის წევრებზე მეტი ოპოზიციური პარტიებისა და დამოუკიდებელი დეპუტატები იყვნენ. მაგალითად: ჩხოროწყუს წარმომადგენლობით ორგანოში ოპოზიციას/დამოუკიდებელ დეპუტატებს ჯამში 16 ადგილი ერგოთ, “ოცნებას” კი – 12; აბაშაში – 17 ადგილი – ოპოზიციას და დამოუკიდებელ დეპუტატებს, 14 – მმართველ პარტიას; თვითმმართველ ქალაქ ოზურგეთში – 10 ადგილი – ოპოზიციას და დამოუკიდებელ დეპუტატებს, ხოლო 5 – “ქართულ ოცნებას”…

რაც შეეხება საკრებულოს პროპორციულ არჩევნებს, თუ მთელი ქვეყნის მასშტაბით მმართველმა პარტიამ 50.82%-ის მოგროვება შეძლო, თბილისში მან მხოლოდ 46.01% მოიპოვა. “ნაციონალურმა მოძრაობამ” კი პირიქით – მან საქართველოს მასშტაბით 22.42%, თბილისში კი 26.11% მიიღო. საქართველოს მასშტაბით 4%-იანი ბარიერის გადალახვა, ასევე, შეძლეს პარტიებმა: “ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიცია” – 10.22%, “დავით თარხან-მოურავი – პატრიოტთა ალიანსი” – 4.72%. ეს ორი პარტია ასევე მოხვდა თბილისის საკრებულოშიც: “პატრიოტთა ალიანსი” – 6.35%-ით, ხოლო ბურჯანაძის პარტია 10.35%-ით.

2017 წლის 21 ოქტომბერი – არჩევნები 7 თვითმმართველი ქალაქისთვის წართმეული სტატუსისა და შეწყვეტილი რეფორმის ფონზე

2014 წელს გრანდიოზული გეგმებითა და იმედებით დაწყებული თვითმმართველობის რეფორმიდან 2017 წლის არჩევნების წინ, ფაქტობრივად, აღარაფერი დარჩა. “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” ხელისუფლებას ავალდებულებდა, ჯერ კიდევ 2014 წელს საშემოსავლო გადასახადი ზიარ გადასახადად ექცია და მისი ნაწილი მუნიციპალურ ბიუჯეტებში დაეტოვებინა, უნდა შეემუშავებინა გათანაბრებითი ტრანსფერის განაწილების ობიექტური წესი; ამავე წელს უნდა დაედგინა მუნიციპალიტეტების ტერიტორიული ოპტიმიზაციის კრიტერიუმები, 2017 წლამდე უნდა გაეწერა მუნიციპალიტეტებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გადაცემის წესი და ვადები და ა.შ. და ა.შ. სწორედ ეს ნაბიჯები უზრუნველყოფდა დამოუკიდებელი, ფინანსურად და ქონებრივად ძლიერი ადგილობრივი თვითმმართველობის ჩამოყალიბებას.

ამის ნაცვლად კი მმართველმა ელიტამ, რომელიც, თავისი შემადგენლობით, 2014 წლისგან სრულიად განსხვავდებოდა, რადიკალურად საპირისპირო გადაწყვეტილებები მიიღო და იმ მცირე წინგადადგმულ ნაბიჯებზეც კი თქვა უარი, რაც 2014-2017 წლებში გადადგა.

ალბათ, გახსოვთ, თვითმმართველობის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, კობახიძე-კვირიკაშვილის პერსონალური ინიციატივით, ადგილობრივი მოსახლეობისა და სამოქალაქო საზოგადოების პროტესტის მიუხედავად, კანონის სრული უგულვებელყოფით, ის 7 თვითმმართველი ქალაქი გააუქმეს, რომლებიც 2014 წელს ცალკე მუნიციპალიტეტად გამოიყო და ისევ სათემო მუნიციპალიტეტებში გააერთიანეს. პარლამენტის გადაწყვეტილებას მაშინდელმა პრეზიდენტმა ვეტოც დაადო, თუმცა, პარლამენტში “ოცნების” უმრავლესობამ ვეტო დაძლია და 2017 წლის არჩევნებს ამ თვითმმართველი ქალაქების გარეშე შევხვდით.

კობახიძე მაშინ გვიმტკიცებდა, რომ ეს გადაწყვეტილება ხარჯთეფექტიანობას გაზრდიდა, რაც სრული სიცრუე იყო (გახსოვთ, ხომ, ფაქტობრივად, იმავე მიზეზით 2006 წელს ნაცმოძრაობის მიერ გაუქმებული პირველი დონის თვითმმართველობა? სხვათა შორის, მაშინდელ “რეფორმას” ექსპერტი კობახიძე თავის ერთ-ერთ კვლევაში იწონებდა და დეცენტრალიზაციისკენ გადადგმულ ნაბიჯადაც კი აცხადებდა).

რეალურად კი, ამ თვითმმართველი ქალაქების გაუქმებას ერთობ მარტივი და პრიმიტიული მიზეზი ჰქონდა: ავტორიტეტდაკარგულ ხელისუფლებას შვიდი მუნიციპალიტეტით ნაკლებში ექნებოდა არჩევნები მოსაგები. ხომ გახსოვთ, 2014 წლის არჩევნებზე მმართველი პარტიის კანდიდატებს მეორე ტურში ბრძოლა 4 ახლადშექმნილ თვითმმართველ ქალაქში – ოზურგეთში, გორში, მცხეთასა და თელავში, ხოლო ახლადშექმნილი სათემო მუნიციპალიტეტებიდან თელავისა და გორის მუნიციპალიტეტებში მოუხდათ.

სხვათა შორის, ამავე პერიოდში “ქართული ოცნება” ვიწროპარტიულ ფორმატში მერებისა და გამგებლების პირდაპირი წესით არჩევითობის გაუქმების საკითხსაც განიხილავდა, თუმცა, თვითმმართველი ქალაქების გაუქმების გამო გაჩენილი პროტესტის ფონზე ამ ნაბიჯის გადადგმა ვეღარ გარისკა.

გარდა ამისა, ხელისუფლებამ ასევე უარი თქვა ფისკალურ და ქონებრივ დეცენტრალიზაციაზე და ღატაკი და უქონელი მუნიციპალიტეტები ისევ ცენტრალურ ბიუჯეტზე დამოკიდებული, ანუ ცენტრის ხელისშემყურედ დატოვა.

ამის პარალელურად ქვეყანაში არცთუ მარტივი პოლიტიკური ვითარება იყო. 2012 წელს შექმნილი კოალიციიდან ხელისუფლების სადავეები მხოლოდ პარტია “ქართულ ოცნებას” დარჩა, ამ ერთობის სხვა წევრი სუბიექტები კი 2016 წლიდან ოპოზიციის რიგებს შეუერთდნენ. ყოველ მორიგ არჩევნებზე უფრო მეტად ხდებოდა მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებსა და მხარდამჭერებზე ზეწოლა.

სწორედ ამ მოცემულობაში ჩატარდა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიც, რომელიც 59 სათემო მუნიციპალიტეტსა და 5 თვითმმართველ ქალაქში გაიმართა. საარჩევნო პროცედურებში 2014 წლის შემდეგ ცვლილება, პრაქტიკულად, არ შესულა – მერი/გამგებელი ისევ 50%+1 ხმით უნდა აგვერჩია, ხოლო საკრებულოს შერეული სისტემით არჩევისას პარტიებს პროპორციული არჩევნებისთვის კვლავ 4% უნდა გადაელახათ, მაჟორიტარ კანდიდატებს კი კონკურენტებზე მეტი ხმა მოეპოვებინათ. ერთადერთი, რაც ამ დროს შეიცვალა, დასახელებაა – 21 ოქტომბერს არჩეულ აღმასრულებელ პირებს თემშიც და თვითმმართველ ქალაქშიც მერი ერქმეოდა, ხოლო თვითმმართველობის ორგანოები 4 წლის ვადით აირჩეოდნენ, ვინაიდან გარდამავალი სამწლიანი პერიოდი 2017 წელს სრულდებოდა.

არჩევნებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მონაწილეობის უფლება 26-მა, თბილისში კი 16-მა საარჩევნო სუბიექტმა მოიპოვა. დედაქალაქის მერობისთვის კი 13 კანდიდატი იბრძოდა. მათგან მმართველი პარტიის მერობის კანდიდატი კახა კალაძე “სიცოცხლით სავსე თბილისს” გვპირდებოდა, ტელევიზორებიდან კი კვლავ ვისმენდით “ოცნების” საიმიჯო კლიპს – “ჩემი საქართველო აქ არის”. ნაცმოძრაობის კანდიდატს ზაალ უდუმაშვილს კი სურდა, თბილისი დასაქმებული, წარმატებული და ბედნიერი ადამიანების ქალაქად ექცია; “ევროპული საქართველო” და მისი კანდიდატი ელენე ხოშტარია ევროპისკენ ნაბიჯის გადადგმას გვპირდებოდნენ (ნაბიჯი ევროპისკენ), დავით უსუფაშვილის “შენების მოძრაობა” სწორად შენებას გვთავაზობდა (სწორად შენების დროა); “ლეიბორისტული პარტიისთვის” კვლავ გადამწყვეტი ბრძოლის დრო იდგა, ბურჯანაძის “დემოკრატიული მოძრაობა” თბილისის დაბრუნებას აპირებდა (დავიბრუნოთ თბილისი), გიორგი ვაშაძე მოგვიწოდებდა, ხელისუფლება წარმატებისთვის შეგვეცვალა (“შეცვალე წარმატებისთვის”), ხოლო რესპუბლიკური პარტია გვამშვიდებდა, რომ ის გაგვიყვანდა სამშვიდობოს. თბილისის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს, ალეკო ელისაშვილს კი ყველაზე მარტივი და გულწრფელი სლოგანი ჰქონდა – “ალეკო მერად”.

ჩვენ, ამომრჩევლებს, სწორედ ამ საარჩევნო დაპირებებს შორის უნდა გაგვეკეთებინა არჩევანი. არჩევანი კი ასეთი გავაკეთეთ: დედაქალაქში კახა კალაძე მეორე ტურს 1.09%-ით გადაურჩა და 51.09%-ით მერი პირველივე ტურში გახდა. საინტერესოა, რომ ალეკო ელისაშვილმა ყველა დანარჩენი კანდიდატი დაჯაბნა და 17.48%-ით მეორე ადგილზე გავიდა. ნაცმოძრაობის კანდიდატმა, ზაალ უდუმაშვილმა 16.59%-ის მოგროვება შეძლო, ხოლო “ევროპული საქართველოს” კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ 7.11% დააგროვა, დანარჩენმა კანდიდატებმა კი მხოლოდ ხმების 3%-ზე ნაკლების აღება შეძლეს.

თბილისის საკრებულო, როგორც ეს ერთპარტიული, ცენტრალიზებული მმართველობის დროს ხდება ხოლმე, ოპოზიციით ნომინალურად დაკომპლექტდა: პროპორციულ არჩევნებში ბარიერი მხოლოდ სამმა ოპოზიციურმა პარტიამ – “ევროპულმა საქართველომ”, ნაციონალურმა მოძრაობამ და “პატრიოტთა ალიანსმა” გადალახეს და ჯამში მხოლოდ 10 მანდატის მოპოვება შეძლეს. მმართველმა პარტიამ კი 15 მანდატი მოიპოვა. მან, ასევე, სრულად მოიგო 25-ვე მაჟორიტარული ოლქი და ჯამში საკრებულოს 40 ადგილი ერგო.

თბილისისგან დიდად არ განსხვავდებოდა დანარჩენი საარჩევნო ოლქების შედეგებიც. თუ 2014 წლის არჩევნებზე მეორე ტური 21 მუნიციპალიტეტში ჩატარდა, 3 წლის შემდეგ ის მხოლოდ 6 მუნიციპალიტეტში გახდა საჭირო. აქედან მხოლოდ ერთი იყო თვითმმართველი ქალაქი – ქუთაისი, დანარჩენი კი – ყაზბეგი, ხაშური, ბორჯომი, ოზურგეთი და მარტვილი – სათემო მუნიციპალიტეტები. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს არჩევნების წინ 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმების რეალურ მიზეზსა და მიზანს.

პირველივე ტურში არჩეული მერებიდან მხოლოდ ერთი – თამაზ მეჭიაური არ წარმოადგენდა “ქართულ ოცნებას”. როგორც გახსოვთ, მან მმართველი პარტიის კანდიდატს მხოლოდ 1 ხმით აჯობა. რაც შეეხება მეორე ტურის შედეგებს, 6 მუნიციპალიტეტიდან 5-ში კვლავ “ოცნების” კანდიდატებმა გაიმარჯვეს. მეორე ტურს ქუთაისსა და მარტვილში “ნაციონალურმა მოძრაობამ” და მისმა კანდიდატებმა ბოიკოტი გამოუცხადეს. ოზურგეთში კი, სადაც კენჭს დამოუკიდებელი კანდიდატის რანგში კონსტანტინე შარაშენიძე იყრიდა, არჩევნების ბედი ერთმა, ნასაკირალის საარჩევნო უბანმა, გადაწყვიტა და აქ მმართველი პარტიის კანდიდატი დამარცხდა. თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს, ვთქვათ, რომ მეჭიაურიც და შარაშენიძეც ყოფილი “ოცნებელები” იყვნენ, რომლებიც, გარემოებების გამო, პარტიას კი დაუპირისპირდნენ, მაგრამ ამბობდნენ, რომ პარტიის დამფუძნებლისა და ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ერთგულებად რჩებოდნენ.

რაც შეეხება საკრებულოს არჩევნებს, საქართველოს მასშტაბით არჩეული 2058 დეპუტატიდან მხოლოდ 21.7%, ანუ 448 ოპოზიციონერი და დამოუკიდებელი დეპუტატი იყო. არადა, 2014 წლის არჩევნებზე მათი რაოდენობა 34.3% იყო და თვითმმართველობის მასშტაბური რეფორმის კვალდაკვალ, იყო მოლოდინი, რომ ადგილობრივ დონეზე სულ უფრო და უფრო პლურალისტურ წარმომადგენლობით ორგანოებს მივიღებდით. 

რეალურად, სწორედ ეს იყო მიზეზი, რის გამოც “ქართული ოცნება” “ნაციონალური მოძრაობის” გზას დაადგა, გააჩერა დეცენტრალიზაციის პროცესი და ავტორიტარული მმართველობისკენ აიღო გეზი.

2021 წლის 2 ოქტომბერი – რეფერენდუმი თუ ავტორიტარული მმართველობის გამყარების მორიგი შანსი?

სულ რაღაც 3 კვირაში ჩვენ კვლავ მივალთ საარჩევნო უბნებზე და ადგილობრივ თვითმმართველობაში ჩვენს წარმომადგენლებს – მერებსა და საკრებულოს წევრებს ავირჩევთ.  გასულ წელს გამართული საპარლამენტო არჩევნების, ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის პროტესტის, შემდგომ კი შარლ მიშელის მედიაციით ხელმოწერილი დოკუმენტის წყალობით, ოპოზიცია ამ არჩევნებს რეფერენდუმად განიხილავს. ხელისუფლება კი, რომელმაც დოკუმენტის ანულირება მოახდინა, ისევ რეგიონ-რეგიონ დადის და ადგილობრივ მოსახლეობას აყვავებას ცენტრიდან ჰპირდება.

გამეორდება თუ არა 2002 წლის არჩევნების შედეგები და შეძლებს კი ოპოზიცია მაშინდელი სცენარით ხელისუფლების შეცვლას? ამას მალე ვნახავთ. ამ მოცემულობით, ყველაზე გულდასაწყვეტი ფაქტი ისაა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 30 წლის შემდეგაც, ქვეყნის პოლიტიკური ელიტის არათუ დღის წესრიგში, ლექსიკონშიც კი არ არის ძლიერი თვითმმართველობა და მმართველობის დეცენტრალიზაცია. ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართ ამგვარმა დამოკიდებულებამ მიიყვანა ჯერ “ნაციონალური მოძრაობა”, ახლა კი “ქართული ოცნება” ავტორიტარულ მმართველობამდე. სამწუხაროდ, თვითმმართველობის ისტორიის გაკვეთილებმა ამ ქვეყნის პოლიტიკურ სპექტს ვერაფერი ასწავლა.

სტატიაში გამოყენებულია:

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემები

კვლევა: “ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების ანგარიში” (iccc; osgf)

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის არქივში დაცული ფოტომასალა