ავტორი: ეკატერინე ბასილაია
სოსო მამულაშვილი “ქართული ოცნებიდან” თიანეთის საკრებულოს თავმჯდომარედ მეორე ვადით 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ აირჩიეს. ის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობას 2020 წლის ივნისიდან იკავებს, მანამდე კი, წლების განმავლობაში, თავმჯდომარის მოადგილე იყო და დეკლარაცია 2018 წლიდან ყოველ წელს, ჯამში 5-ჯერ აქვს შევსებული. მათ შორის, ჯერჯერობით, ბოლო დეკლარაცია – 2022 წლის იანვარში.
სოსო მამულაშვილს ჰყავს მეუღლე და 2 შვილი. ოჯახი ორ უძრავ ქონებას ფლობს. მათ შორის, საკრებულოს თავმჯდომარე ფლობს 2017 წელს მემკვიდრეობით მიღებულ საცხოვრებელ სახლს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ტუშურებში, ეზოს საერთო ფართობი 2 770 კვ.მ-ია, სადაც 3 შენობა-ნაგებობა დგას. ხოლო მეუღლის, ნანა ცალუღელაშვილი სახელზეა გაფორმებული 2004 წელს 8 000 აშშ დოლარად ნაყიდი 44 კვ.მ ბინა თბილისში, გლდანის II მიკრო/რაიონში.
მოძრავი ქონება სოსო მამულაშვილსა და მის მეუღლეს არ აქვთ. მანქანა ჰყავთ შვილებს. ორივე შვილს 2021 წელს უყიდია Audi A4, ერთში 8 000 აშშ დოლარი, ხოლო მეორეში 7 000 აშშ დოლარია გადახდილი.
რაც შეეხება ოჯახის შემოსავლებს: მეუღლეს, ნანა ცალუღელაშვილს, შპს “ჯეოინჟინირინგში” მთავარი ბუღალტერ-ეკონომისტის პოზიციიდან, 2021 წელს 37 079 ლარის შემოსავალი მიუღია, ხოლო შპს “საინსში” ასევე ბუღალტერის პოზიციიდან 2021 წლის ნოემბერ-დეკემბერში – 600 ლარი; ამ ორივე შპს-ში მუშაობს ერთი შვილიც, ავთანდილ მამულაშვილიც, რომელსაც შპს “ჯეოინჟინირინგის” ინჟინერ-კონსტრუქტორის პოზიციიდან – 9 300 ლარი, ხოლო შპს “საინსი” ინჟინრის პოზიციიდან ნოემბერ-დეკემბერში 1 000 ლარის შემოსავალი მიუღია. მეორე შვილი, დავით მამულაშვილი, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უკონტაქტო პატრულირების ათეულის მეთაურია და მას 2021 წელს 190 006 ლარის ხელფასი აქვს მიღებული;
თავად საკრებულოს თავმჯდომარემ 2021 წელს რა შემოსავალი მიიღო, გაურკვეველია. მამულაშვილს, რომელიც 2021 წელს უკვე საკრებულოს თავმჯდომარე იყო, რატომღაც, საჭიროდ არ ჩაუთვლია, რომ თანამდებობიდან 2021 წელს მიღებული ხელფასი აღენიშნა.
დეკლარაციის შევსების დღეს მთელს ოჯახს “თი-ბი-სი ბანკის” ანგარიშებზე გარკვეული თანხა ედოთ: სოსო მამულაშვილს სახელფასო ანგარიშზე ჰქონდა 1 166,16 ლარი; მეუღლეს სახელფასო ანგარიშზე – 11 007,09, შემნახველ ანგარიშზე – 29 094,76 აშშ დოლარი; შვილს, დავით მამულაშვილს სახელფასო ანგარიშზე – 955 ლარი; მეორე შვილს, ავთანდილ მამულაშვილს სახელფასო ანგარიშზე – 844,83 ლარი.
გარდა ამისა, ოჯახის წევრებს ხელფასი ნაღდი ფულის სახითაც ჰქონდათ: სოსო მამულაშვილს – 1 600 ლარი; ნანა ცალუღელაშვილს – 5 000 ლარი; დავით მამულაშვილს – 1 200 ლარი და ავთანდილ მამულაშვილს – 700 ლარი.
საკრებულოს თავმჯდომარესა და მის მეუღლეს გამოტანილი აქვთ სესხიც. სოსო მამულაშვილს 2021 წელს “თი-ბი-სი ბანკიდან” გამოტანილი სესხით უყიდია 2 მობილური ტელეფონი. ერთი ტელეფონის საყიდლად გამოუტანია 4 399 ლარი და ის 2023 წელს უნდა დაფაროს. მეორე ტელეფონისთვის 5 580,45 ლარი აქვს გამოტანილი და ეს თანხა 2022 წლის ბოლოს უნდა დაფაროს. ასევე, ამავე ბანკიდან 2021 წელს 9 000 ლარის სამომხმარებლო სესხი აქვს აღებული და ეს ვალი 2022 წლის ბოლოს უნდა დაფაროს. გარდა ამისა, “თი-ბი-სი ბანკიდან” ნოუთბუქის შესაძენად 5 000 ლარის ერთწლიანი სამომხმარებლო სესხი გამოუტანია მეუღლესაც.
შვილს, ავთანდილ მამულაშვილს, გაუყიდია 2 ავტომანქანა, BMW – 2 300 აშშ დოლარად, ხოლო AUDI A4 – 7 000 აშშ დოლარად. მანქანების გაყიდვის შემდეგ მას 3 ახალი ავტომანქანა აქვს ნაყიდი, ისევ AUDI A4 – 8 000 აშშ დოლარად და ორი მიცუბიში პაჯერო – 7 400 და 7 000 აშშ დოლარად. მეორე შვილსაც გაუყიდია toyota camry 7 000 აშშ დოლარად და იმავე ფასად უყიდია AUDI A4.
ბოლო დეკლარაციის თანახმად, საკრებულოს თავმჯდომარე და მისი ოჯახის წევრები სამეწარმეო საქმიანობაში არ მონაწილეობენ, არ ფლობენ ფასიან ქაღალდებს და არ მიუღიათ იმ ფასის საჩუქარი, რაც დეკლარაციაში უნდა ჩაწერილიყო.
სოსო მამულაშვილს პირველი დეკლარაცია 2018 წელს აქვს შევსებული, როცა თიანეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა. ამ პერიოდში მას ჰქონდა 2017 წელს მემკვიდრეობით მიღებული 19 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 90 კვ.მ საცხოვრებელი სახლი თიანეთის სოფელ ტუშურებში. 2017-2021 წლების დეკლარაციებში ეს მონაცემები უცვლელია, ბოლო დეკლარაციაში კი მიწის ნაკვეთის ფართობი 2 770 კვ.მ-მდე იკლებს, ხოლო საცხოვრებელი სახლი ცალკე აღნიშნული აღარ არის.
2018 წლის დეკლარაციაში მეუღლეს აქვს 2004 წელს 8 000 ლარად ნაყიდი 55 კვ.მ ბინა გლდანში, ასევე 2007 წელს ნაჩუქარი 31 კვ.მ ბინა თბილისში, გლდანის ხევში. ამ ორი ქონებიდან გლდანში ნაყიდი ბინა ყველა დეკლარაციაშია, მხოლოდ ფასი სწორდება და 2021-2022 წლებში აღნიშნულია, რომ არა 8 000 ლარი, არამედ 8 000 აშშ დოლარი აქვს ბინაში გადახდილი. რაც შეეხებაა გლდანის ხევში ნაჩუქარ ბინას, 2021 წლის დეკლარაციით, მეუღლემ ეს ბინა 29 023,36 აშშ დოლარად გაყიდა.
2018 წლის დეკლარაციით, სოსო მამულაშვილი, სანამ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნებოდა, სამეწარმეო საქმიანობაში იყო ჩართული. ის 2013 წელს თბილისში რეგისტრირებული შპს MSG-ის 50%-იანი წილის მფლობელი იყო, მეორე 50%-იან წილს კი მირზა იარაჯული ფლობდა. დეკლარაციაში მითითებულია, რომ 2017 წლის განმავლობაში მას ამ შპს-დან შემოსავალი არ მიუღია და ეს შპს უკვე აღარ ფუნქციონირებს. 2020-2021 წლების დეკლარაციებში სოსო მამულაშვილს ამ შპს-ს 50%-იანი წილი მეუღლისთვის გადაუფორმებია, თანაც ისევ მიწერილია, რომ შპს არ ფუნქციონირებს. ბოლო დეკლარაციაში კი ამ შპს-ზე უკვე არაფერია ნათქვამი. ბიზნესრეესტრის ვებ-გვერდზე ეს შპს მოქმედია და მეწილე მეუღლე, ნანა ცალუღელაშვილია.
სოსო მამულაშვილი თიანეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ 2017 წლის ნოემბერში დაინიშნა. მანამდე ის პარლამენტში თიანეთის მაჟორიტარის ბიუროს წევრი იყო, პარალელურად კი, შპს “ჯეოინჟინირინგში” გარემოს დაცვის, უსაფრთხოებისა და ტრანსპორტის მენეჯერად მუშაობდა. ცნობისთვის, ამ შპს-ში შემდეგ მისი მეუღლე და ერთი შვილი დასაქმდნენ.
სოსო მამულაშვილის თიანეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას 2017-2020 წლებში იკავებდა და ჯამში 57 077 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული: 2017 წლის ნოემბერ-დეკემბერში – 3 545 ლარი; 2018 წელს – 19 200 ლარი; 2019 წელს – 14 812,8 ლარი; 2020 წელს – 19 520,14 ლარი;
ცნობისთვის, დეკლარაციაში წერია, რომ 2020 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით თავმჯდომარის მოადგილეობიდან მიიღო ეს ხელფასი, თუმცა, თიანეთის საკრებულოს ფეისბუქგვერდიდან ირკვევა, რომ მამულაშვილი 2020 წლის ივნისში უკვე საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს და გამოდის, მას დიდად არ შეუწუხებია თავი, 2020 წლის ხელფასის შესახებ მონაცემები სწორად დაეწერა. უფრო მეტიც, საკრებულოს თავმჯდომარეობიდან საერთოდ რა შემოსავალი მიიღო, გაურკვეველია, რადგან თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ, არც 2020 წელს და არც 2021 წელს რა შემოსავალი მიიღო, ამის ჩაწერა დეკლარაციაში მამულაშვილმა საჭიროდ საერთოდ არ მიიჩნია.