„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები თამარ ჟვანიასთან შეხვედრას ითხოვენ

1372

“ნაციონალური მოძრაობს” წარმომადგენლები ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან შეხვედრას მოითხოვენ.

აღნიშნული მოთხოვნით პარტიის ლიდერთა ნაწილი უკვე ცენტრალური საარჩევნო კომისიისკენ მიემართება. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ზაზა ბიბილაშვილმა განაცხადა, ცესკო არ ახდენს რეაგირებას დარღვევებზე, რომლის შესახებაც მოხდა როგორც ინფორმაციის გასაჯაროება, ასევე დაიწერა ოქმები და რომელზეც ინფორმირებულია ცენტრალური საარჩევნო კომისია.

ბიბილაშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მხოლოდ თბილისში 100 საჩივარი, რეგიონებში კი 200-ზე მეტი საჩივარი ფიქსირდება.

”ჩვენი მხრიდან თბილისში შესულია 100 საჩივარი, რეგიონებიდან 200-ზე მეტი და მათი რაოდენობა მატულობს. მთავარი დარღვევა ის არის, რომ „ოცნების“ დამკვირვებლები დგანან რეგისტრაციის მაგიდის უკან და აღრიცხავენ იმ ამომრჩევლებს, რომლებიც ჰყავდათ დაბარებული, რათა მიიყვანონ უბნებზე და მათი სასურველი კანდიდატისთვის მიაცემინონ ხმა იძულების წესით. აღნიშნულის შესახებ განცხადება ჯერ კიდევ ერთი საათის წინ გაკეთდა, თუმცა ამაზე ქალბატონ თამარ ჟვანიას და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას რეაგირება არ მოუხდენია. ჩვენ ვაპირებთ მივიდეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, შევხდეთ ქალბატონ თამარს და მოვითხოვთ აღნიშნულთან დაკავშირებით პასუხს”, – განაცხადა ბიბილაშვილმა.

წყარო: ინტერპრესნიუსი