კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ბათუმში არსებული ავარიული კორპუსების ჩანაცვლება/რეაბილიტაციის საკანონმდებლო ნორმებზე იმსჯელეს

311

ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების საკითხების გადაწყვეტას უკავშირდება მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტები.

ცვლილებების პროექტზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა, ნუკრი დეკანაძემ ისაუბრა.

მომხსენებლის ინფორმაციით, ბათუმის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ რთულ და გადაუჭრელ პრობლემას ქალაქის ტერიტორიაზე მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლები წარმოადგენს. მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით 118 ავარიულ კორპუსზე, სადაც დაახლოებით 3000-მდე ოჯახი ცხოვრობს, უკვე მომზადებულია შესაბამისი საექსპერტო დასკვნა, რომლის თანახმადაც აღნიშნული მრავალბინიანი საცხოვრებლების გამოყენება საფრთხეს შეიცავს. ნუკრი დეკანაძის განცხადებით, იმისთვის, რომ არსებული ავარიული სახლების ჩანაცვლება/რეაბილიტაციის პროცესი განხორციელდეს, აუცილებელია კერძო სამშენებლო-დეველოპერული კომპანიების ჩართულობა. სამშენებლო პროცესებში მათი დაინტერესებისათვის კი აუცილებელია ბათუმის განაშენიანების გენერალური გეგმის დამტკიცებამდე, ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში შეჩერდეს „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის 41-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოქმედება, განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის გადამეტების ნაწილში. აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღების უფლება ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს მიენიჭება. მომხსენებელმა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონში შესატან ცვლილებაზეც ისაუბრა, რომლის თანახმადაც, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის დასაშვებობის მიზნებს – სახელმწიფო/მუნიციპალური მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ავარიული საცხოვრებელი სახლების დემონტაჟიც დაემატება.

ცვლილებებთან დაკავშირებით სხდომაზე დისკუსია გაიმართა. დეპუტატებმა საკითხის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი, თუმცა აღინიშნა, რომ ცვლილებების პროექტი დახვეწას და რიგ საკითხებზე დამატებით კონსულტაციებს საჭიროებს. მოსაზრებების და წინადადებების წარდგენის შემდეგ, სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, კომიტეტების წევრებმა სხდომაზე განხილულ კანონპროექტებს ერთხმად დაუჭირეს მხარი.

კანონპროექტები დაჩქარებული წესით განიხილება.