მერია: რუთავის შემოსასვლელში არსებულ შენობას დემონტაჟი ჩაუტარდება

635

რუთავის შემოსასვლელში არსებულ შენობას დემონტაჟი ჩაუტარდება, – ამის შესახებ რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ განაცხადა. ინფორმაციას ინფო რუსთავი ავრცელებს.

ლაცაბიძის თქმით, შენობის დაშლა ქალაქის შესასვლელის სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში მოხდება. მისივე განცხადებით, ქალაქში უსახური შენობების გაჩენას აღარ დაუშვებს.

“აქ ხედავთ შენობას, რომელიც რუსთავის შემოსასვლელში არის უკვე წლებია. უსახური შენობაა და მინდა რუსთაველებს ვუთხრა, რომ ძალიან მალე უნდა დაიშალოს, რაც სწორედ ამ რეაბილიტაციის ფარგლებში მოხდება. კარგია ის, რომ ჩვენ არ მოგვიწია ხისტი ნაბიჯების გადადმა და მეპატრონეებთან შეთანხმებით, თვითონ უზრუნველყოფენ ამ შენობის დაშლას. ჩვენ არასდროს აღარ უნდა დავუშვათ ქალაქში მსგავსი უსახური შენობების გაჩენა”, – განაცხადა ლაცაბიძემ.

შეგახსენებთ, რუსთავის შესასვლელის რეაბილიტაცია უკვე დაიწყო. პროექტის განსახორციელებლად 4 700 000 ლარი დაიხარჯება.