რუსთავში ქალაქის შესასვლელისა და სამი მოედნის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის ფარგლებში, ქალაქის შესასვლელში, 70 000 მ2-მდე ფართობზე მწვანე სივრცე, გარეგანათების ქსელი და ტექნიკური წყლის სარწყავი სისტემა მოეწყობა. ასევე, დაირგვება 1 680-მდე სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე.
ამასთან, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე განთავსდება ქალაქის სახელწოდების აღმნიშვნელი წარწერა – “რუსთავი’’.
გარდა ამისა, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, რეკონსტრუქცია ჩაუტარდება თამარ მეფის, ჟიული შარტავასა და შოთა რუსთაველის სახელობის მოედნებსაც.
“გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა გაბიონები, უსაფრთხოების კუნძულები, დაწნეხილი ბეტონის ბორდიურები, სანიაღვრე ქსელი და რეკრეაციული სივრცე”, – განმარტავენ რუსთავის მერიაში.
მათივე ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 4 649 744 ლარია, ხოლო, სამუსოები 2023 წლის იანვარში უნდა დასრულდეს.
„დავიწყეთ კიდევ ერთი ძალიან მასშტაბური და საჭირო პროექტის განხორციელება, რომელიც ქალაქის შემოსასვლელის სრულ რეაბილიტაციას და სამი მოედნის რეკონსტრუქციას ითვალისწინებს. ქალაქის შემოსასვლელი თითქმის სრულად შეიცვლის იერ-სახეს. დაგეგმილი გვაქვს დენდროლოგიური პროექტიც და პროექტით გათვალისწინებულ ტერიტორიებზე ყველგან გაჩნდება ახალი მწვანე სივრცე. მოეწყობა ტექნიკური წყლის სარწყავი სისტემა, უსაფრთხოების კუნძულები, რაც უფრო კომფორტულს გახდის ქალაქში გადაადგილებას. პროექტი გარდამავალია, მაგრამ წლის ბოლომდე ძირითადი სამუშაოები დასრულებული გვექნება. ჩვენთვის უმთავრესია, რომ პროექტი ხარისხიანად შესრულდეს და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში დასრულდეს“, – განაცხადა რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ.
როგორც რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ზაზა ზაზაძე აცხადებს, პროექტი უნიკალურია იმ მხრივაც, რომ სარწყავი სისტემის წყლით მომარაგება მდინარე მტკვრიდან რუსთავში პირველად მოხდება. ვიზუალურის გარდა, პროექტს სატრანსპორტო დატვირთვაც აქვს.
“ავტომობილების რაოდენობის ზრდამ აუცილებელი გახადა ე.წ. უსაფრთხოების კუნძულების მოწყობა, პროექტის დასრულების შემდეგ, ქალაქის ცენტრალური სატრანსპორტო კვანძები უფრო უსაფრთხო და კომფორტული გახდება როგორც ფეხით მოსიარულეთათვის, ისე მძღოლებისთვის“, – განაცხადა ჟურნალისტებთან რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა ზურაბ ტაბაღუამ.