სლოვაკეთი – გზა საქართველოს ევროპული მომავლისკენ

2003

ნინო სუხიაშვილის ბლოგი

მიმდინარე წლის თებერვლის თვეში შიდა ქართლის რეგიონის დელეგაცია სლოვაკეთის რესპუბლიკას სტუმრობდა. სასწავლო ტური სლოვაკეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით არასამთავრობო ორგანიზაციების – „ქართლოსისა“ და სლოვაკური MESA10-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში შედგა. პროექტი მიზნად ისახავდა ე.წ. გამყოფი ხაზის მიმდებარე რეგიონებში მოწყვლადი ჯგუფებისთვის განვითარების ახალი შესაძლებლობების გახსნის საკითხებში გამოცდილების გაზიარებას. გარდა შიდა ქართლის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტებისა, სასწავლო ტურში მონაწილეობას იღებდა ჩემი კოლეგა თიანეთის მუნიციპალიტეტიდანაც.

სლოვაკეთი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანაა ყოფილი სოციალისტური ბანაკიდან (სადაც ჩეხოსლოვაკიის ნაწილი იყო) 5 მილიონზე მეტი მოსახლეობით. ქვეყანა ევროკავშირის წევრია 2004 წლიდან, ევროზონას კი 2009 წლიდან მიუერთდა. დღეს სლოვაკეთი განვითარებული ქვეყანაა, სადაც უმუშევრობა 5%-ს არ აღემატება. ეს კი, მასპინძლების განცხადებით და ობიექტურადაც, გულისხმობს, რომ ქვეყანაში უმუშევრობა პრაქტიკულად არ არის.

სლოვაკეთში, საქართველოსგან განსხვავებით, ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემა ორდონიანია. რეგიონულ დონეზე სლოვაკეთი რვა თვითმმართველ ერთეულად არის დაყოფილი, ადგილობრივი დონე  კი 2890 თვითმმართელი ერთეულია, რაც ნიშნავს, რომ მოქალაქეები ირჩევენ როგორც რეგიონული (გუბერნატორები), ისე ადგილობრივი თვითმმართველობის (მერი, საკრებულო) ორგანოებს. ორივე დონის თვითმმართველი ერთეულები ფლობენ საკუთარ ქონებას და ბიუჯეტს, ამასთან, შეუძლიათ განახორციელონ ცენტრალური ხელისუფლებიდან დელეგირებული უფლებამოსილება შესაბამისი ფინანსური უზრუნველყოფის პირობებში.

ქვეყნის კონსტიტუციის შესაბამისად, თვითმმართველობის დაფინანსების წყარო ადგილობრივი გადასახადები და სახელმწიფო სუბსიდიებია. სლოვაკეთი, როგორც ცენტრალურ, ისე რეგიონულ თუ ადგილობრივ დონეზე, მნიშვნელოვან ფინანსურ მხარდაჭერას იღებს ევროკავშირისგან, რაც ქვეყანაში ცხოვრების მაღალი სტანდარტის და სტაბილურობის გარანტია.

რეგიონული თვითმმართველობა პასუხისმგებელია მეორე და მესამე კლასს მიკუთვნებული ცენტრალური გზების, ტერიტორიული დაგეგმარების, რეგიონული განვითარების, ინვესტიციების, სკოლების, საავადმყოფოების, გარკვეული სახის სოციალური სერვისების, მუზეუმების, ბიბლიოთეკების მართვაზე;

ადგილობრივი თვითმმართველობა კი პასუხს აგებს ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ადგილობრივი ტრანსპორტის, დასუფთავების, გამწვანების, წყლისა და კანალიზაციის, მუნიციპალური ნარჩენების მართვის, ლოკალური განვითარების, საბავშვო ბაღების, მუნიციპალური პოლიციის და სხვა ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების მართვაზე.

ვიზიტის ფარგლებში შიდა ქართლის რეგიონის დელეგაცია, ბრატისლავას გარდა, სტუმრობდა ნიტრას, ტრნავას და ბანსკა ბისტრიცას, სადაც შევხვდით ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების წარმომადგენლებს. გაიმართა შეხვედრები სოფლის მეურნეობისა და რეგიონული განვითარების, გარემოს დაცვის სამინისტროებსა და სლოვაკეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოში.

ვინაიდან პროექტის მიზანს მოწყვლადი ჯგუფებისთვის სახელმწიფოს მხრიდან გათვალისწინებული დახმარების მიმართულებით არსებული გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა, სასწავლო ტურის ფარგლებში განსაკუთრებული ადგილი სოციალური მეწარმეობის საკითხებს დაეთმო.

სოციალური მეწარმეობის წახალისება ძალიან მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც, სხვადასხვა სუბიექტური თუ ობიექტური გარემოებების გამო, დაკარგეს სამუშაო, შემოსავლის წყარო, ან მოწყდნენ მათთვის ბუნებრივ საცხოვრებელ თუ  საარსებო გარემოს. მეწარმეობის ეს ფორმა კარგი საშუალებაა შშმპ, იძულებით გადაადგილებული პირების თუ სხვა მოწყვლადი ჯგუფების არა მხოლოდ დასაქმების, არამედ საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის. სლოვაკეთში სოციალურ საწარმოში დასაქმებულ პირებს სხვადასხვა სახის არამატერიალური დახმარების მიღებაც შეუძლიათ – შესაძლებელია, სამუშაო ადგილამდე მისასვლელად  მუნიციპალიტეტმა მათთვის სპეციალური ტრანსპორტი  გამოყოს, ანდა ისარგებლონ დამხმარის მომსახურებით, რომელიც მათ პირველ ხანებში სამუშაო გარემოსთან შეჩვევაში დაეხმარება.

სლოვაკური კანონი სოციალური მეწარმეობით დაკავებულ პირებს უწესებს, რომ მოგების 50% საწარმოს განვითარებას მოახმარონ. იმ პირებს კი, ვინც მთლიან მოგებას საწარმოს განვითარებას მოახმარს, საშემოსავლო გადასახადისგანაც  ათავისუფლებს.

სოციალური მეწარმეობით დაკავებულ ბიზნესსუბიექტებს და მათაც, ვინც მოგებაზე ორიენტირებულ ბიზნესსაქმიანობას ეწევა, როგორც ცენტრალური, ისე რეგიონული თუ ადგილობრივი თვითმმართველობა სხვადასხვა მიმართულებით ეხმარება. სოციალური მეწარმეებისთვის მუშაობს საკამოდ მოქნილი საგრანტო სისტემა, სადაც აპლიკაციის შევსების პროცესიდან დაწყებული ანგარიშგებით დამთავრებული – ყველა ეტაპზე მეწარმე შესაბამისი უწყებებიდან მხარდაჭერას იღებს. ხელისუფლება ჩართულია ადგილობრივი ნაწარმის პოპულარიზაციის საქმეში ბრენდირების, ფესტივალების ინიცირების, ინოვაციების წახალისების მიმართულებით. ბრატისლავას მერიას სპეციალური პროგრამაც კი აქვს შემუშავებული – „ქალაქი – შენი პარტნიორი“, რომლის ფარგლებშიც ინოვაციებით დაინტერესებულ თითოეულ მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს, სხვადასხვა ადგილობრივი პრობლემის გადაჭრის ინოვაციური მეთოდი შესთავაზოს ხელისუფლებას და მხარდაჭერაც მიიღოს. ამ გზით შექმნილია პარკირების გადასახადის რეგულირების ციფრული სისტემა, ქალაქში ტრაფიკის შესახებ შეტყობინების მიღების სისტემა და სხვ. პროექტების ძირითადი მხარდამჭერი, მერიასთან ერთად, კვლავ ევროკავშირია.

ქვეყანაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ეკოლოგიურ პრობლემებსა და გარემოს დაცვის საკითხებს. ქალაქ ტრნავაში ვიზიტისას შევიტყეთ, რომ მერია მხოლოდ ელექტრომანქანებით სარგებლობს. უფასო პარკირებით სარგებლობენ ის მოქალაქეები, ვინც ელექტრომანქანით გადაადგილდებიან. ერთ-ერთი პრიორიტეტია ნარჩენების მენეჯმენტი. ნარჩენების სეპარირება ის თემაა, რომელიც საბავშვო ბაღების სააღმზრდელო პროგრამაშია შეტანილი, რათა მოქალაქეებმა ბავშვობიდანვე სწორი დამოკიდებულება გამოიმუშაონ ამ მნიშვნელოვანი საკითხის მიმართ.

სლოვაკეთი ცდილობს, ის ექსპერტული ცოდნა და გამოცდილება, რაც ქვეყანას განსაკუთრებით ევროკავშირთან ინტეგრაციის შემდეგ დაუგროვდა, სხვა ქვეყნებსაც გაუზიაროს. ამ მიმართულებით მუშაობს, ერთი მხრივ, საქართველოს საელჩო ბრატისლავაში, სადაც ქართულ დელეგაციას გულთბილი შეხვედრა მოგვიწყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სლოვაკეთის რესპუბლიკაში რევაზ ბეშიძემ და მეორე მხრივ, სლოვაკეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, რომელიც საგრანტო პროგრამებს ახორციელებს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც სამოქალაქო საზოგადოების განვითარების, კარგი მმართველობის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ბუნებრივი რესურსების ეფექტიანი გამოყენების, ეკოლოგიური მიდგომების წახალისებისა და სხვა მიმართულებებით.

საქართველო სლოვაკეთისთვის პროგრამულად პრიორიტეტული ქვეყნების რიცხვში შედის, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის დასახმარებლად ქვეყანა ყოველწლიურად გამოყოფს გარკვეულ თანხას.

სლოვაკეთში საქართველო რომ უყვართ, ამას მოწმობს თბილისისა და რუსთაველის ქუჩები ბრატისლავაში და ის უბრალო ფაქტი, რომ თავადაც ღვინის ქვეყანაში, უპირობოდ აღიარებენ ქართული ღვინის განსაკუთრებულობას.

P.S. სლოვაკეთიდან ჩვენი დაბრუნების შემდეგ, ძალიან მალე, მსოფლიო რადიკალურად შეიცვალა. დღეს სამყარო აღარ არის ისე უსაფრთხო, როგორც სულ ორიოდ თვის წინ იყო. ჩვენი საქართველოში დაბრუნებიდან ძალიან მალე ბრატისლავას ცნობილი ციხესიმაგრე ლურჯ და ყვითელ ფერებში განათდა უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად, თბილისისა და ბრატისლავას ცენტრალური მოედნები კი უკრაინელი ხალხის მხარდამჭერებით აივსო. სწორედ ამიტომ, გვჯერა, რომ მშვიდობასა და განვითარებას ალტერნატივა არ აქვს. ალტერნატივა არ აქვს უკრაინისა და საქართველოს ევროპულ მომავალსაც. გარდაუვალია სლოვაკეთში განმეორებითი ვიზიტიც – იქ ხომ ჩვენი მეგობრები – ტომაში და მისი ქართველი მეუღლე თამთა, იანი და სანდრა ცხოვრობენ. თითოეული ქალაქი კი სტუმართმოყვარეობით, ღია და მეგობრული ადამიანებით, კოვიდის მიუხედავად, ჯანსაღი გარემოთი და ლამაზი, მოვლილი ქუჩებითა და მოედნებით ხშირად სტუმრობის სურვილს იწვევს.