სახდეპი: მოვუწოდებთ მთავრობას, დაიცვას სააკაშვილის ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობა

333

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი ყოველდღიურ ბრიფინგზე გამოეხმაურა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შიმშილობას და მოუწოდა საქართველოს მთავრობას, უმკურნალონ მას სამართლიანად, ღირსეულად და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

ამასთან, სპიკერმა თავის განცხადებაში ორჯერ აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ უნდა დაიცვას სააკაშვილის მენტალური ჯანმრთელობა.

“ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მის დაკავებასა და მკურნალობას. მათ შორის, გავეცანით მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზე სახალხო დამცველის დღევანდელ განცხადებას, რაც ჩვენს შეშფოთებას იწვევს.

ამ განცხადების ფონზე, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები, რათა დაიცვას სააკაშვილის ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობა;

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უმკურნალონ სააკაშვილს სამართლიანად, ღირსეულად და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

ეს არის საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობა, რათა დაიცვას პატიმრები ძალადობისგან, მათ შორის ფსიქოლოგიური ძალადობისგან, უზრუნველყოს ადეკვატური სამედიცინო დახმარება და დაიცვას ჯანმრთელობის შესახებ პირადი ინფორმაცია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად”, – თქვა ნედ პრაისმა.

ქართული ოცნების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1-ლ ოქტომბერს დააკავეს. იმავე საღამოს მან შიმშილობა დაიწყო და უკვე 40 დღეა, საკვები არ მოუღია.

ადვოკატები და ექიმები ექსპრეზიდენტის გადაყვანას მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში ითხოვდნენ, ვინაიდან ციხის საავადმყოფოში არ არის საკმარისი აღჭურვილობა, ამასთან, მისი უსაფრთხოებაც არ იქნებოდა დაცული. იგივე დაადასტურა სახალხო დამცველმაც.

მიუხედავად ამისა, 39-დღიანი შიმშილობის შემდეგ, 8 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილი მაინც გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პეიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა კადრები, რომელშიც ჩანს, რომ ექსპრეზიდენტი თავის ნივთებს ალაგებს და ციხის თანამშრომლებს თავისი ნებით მიყვება. უწყება ამტკიცებდა, რომ მისი გადაყვანა არ მომხდარა ძალადობრივად. თუმცა, ვიდეოს გავრცელებიდან რამდენიმე წუთში სააკაშვილთან შეხვედრიდან გამოსულმა ომბუდსმენმა განაცხადა, რომ მას მოატყუეს, თითქოს სამოქალაქო კლინიკაში მიჰყავდათ.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, მან უარი განაცხადა მანქანიდან გადასვლაზე, ძალის გამოყენებით გადაიყვანეს მანქანიდან პატიმრების გინების ქვეშ, “გაათრიეს მიწაზე” და რამდენჯერმე ჩაარტყეს კისერში.

გარდა ამისა, გლდანის ციხის მე-18 საავადმყოფოში ექსპრეზიდენტს პატიმრებმა ე.წ შუმოკი მოუწყვეს – მას ერთხმად აგინეს და შეურაცხყოფა მიაყენეს.