ავტორი: ეკატერინე ბასილაია
მაიზერ ჯაფარიძე “ქართული ოცნებიდან” მესტიის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს უკვე მესამე ვადით იკავებს. პირველად ის 2014 წელს აირჩიეს, მეორედ – 2017 წელს და ახლა უკვე – 2021 წელს. ჯაფარიძე მანამდე, 2012-2014 წლებში, მესტიის გამგებლის მოადგილე იყო. ამდენად, ქონებრივი დეკლარაცია, 2013 წლიდან ყოველ წელს, ჯამში, 10-ჯერ აქვს შევსებული.
ჯერჯერობით, ბოლო დეკლარაცია 2022 წლის მარტში შეუვსია. ოჯახის წევრებად მითითებული ჰყავს მეუღლე და 5 შვილი.
მესტიის საკრებულოს თავმჯდომარე ფლობს 23 უძრავ ქონებას და 23-ვე უძრავ ქონებაზე მითითებული აქვს, რომ ისინი სხვადასხვა წლებში მემკვიდრეობით მიიღო. თანაც, ქონების ერთ ნაწილზე უწერია, რომ 100%-იანი წილით ფლობს, მეორე ნაწილს კი, 11 მიწის ნაკვეთს – 99,99%-ით და იქვე წერს, რომ დარჩენილ 0,01%-ზე თანამესაკუთრე არ ჰყავს. მხოლოდ 2 ქონებაა, რომელსაც ჯაფარიძე 49,99%-ით ფლობს და თანამესაკუთრეებად მეუღლე – ელისო
ხვიბლიანი (25%) და შვილი – თამთა ჯაფარიძე (25%) ჰყავს მითითებული. კიდევ ერთი უძრავი ქონების 25%-იანი წილის მესაკუთრე კი ჯაფარიძის მეუღლეა და მის თანამესაკუთრეებად გია ნაკანი და ქრისდინე ნაკანი არიან მითითებული. ეს ქონებაც, რომელიც 137 კვ.მ. კომერციული ფართია და მესტიაში, თამარ მეფის ქუჩა N7-ში მდებარეობს, ჯაფარიძის მსგავსად, მასაც მემკვიდრეობით მიუღია.
მესტიის საკრებულოს თავმჯდომარის შთამბეჭდავად დიდი მემკვიდრეობის ჩამონათვალი კი ასეთია: ჯაფარიძეს, 99,99%-იანი წილით, 2021 წელს მემკვიდრეობით მიუღია 170 კვ.მ მიწის ნაკვეთი დაბა მესტიაში;
მაიზერ ჯაფარიძეს ყველაზე მეტი ქონება – 10 მიწის ნაკვეთი მემკვიდრეობით 2019 წელს აქვს მიღებული და ყველა მათგანი დაბა მესტიაშია: 265 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (“ჩუბე შგედარი”), რომელსაც 49,99%-იანი წილით ფლობს. თანამესაკუთრეებად აღნიშნულია ელისო ხვიბლიანი და თამთა ჯაფარიძე, 25%-25%-იანი წილებით; 2304 კვ.მ., 2187 კვ.მ., 2802 კვ.მ (“ლავლადა”), 1758 კვ.მ., 983 კვ.მ. (“ჩუბე შგედარი”), 1707 კვ.მ., 5 577 კვ.მ.; 856 კვ.მ. და 5 620 კვ.მ. (“ჰაწვალი”) მიწის ნაკვეთები. ყველა მათგანზე ჯაფარიძეს მითითებული აქვს, რომ ფლობს 99.99%-ით და მეწილე არ ჰყავს.
2018 წელს ჯაფარიძეს მემკვიდრეობით მიუღია: 1 931 კვ.მ. (“ჩუბე შგედარი”) მიწის ნაკვეთი, რომელსაც ფლობს 99.99%-ით; 3 002 კვ.მ. და 2 621 კვ.მ. მიწის ნაკვეთები, რომლებიც მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ შგედში მდებარეობს და 100%-იანი წილით ფლობს. ბოლო მიწის ნაკვეთზე კი ორი შენობა-ნაგებობაც დგას.
2011 წელს მაიზერ ჯაფარიძეს მესტიაში, გაბლიანის ქ.N14-ში ასევე მემკვიდრეობით მიუღია 340 კვ.მ საცხოვრებელი სახლი, 119 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი და 56 კვ.მ ავტოფარეხი. ამავე ქუჩაზე ასევე აქვს 1011 კვ.მ და 566 კვ.მ მიწის ნაკვეთები. ყველა მათგანს მესტიის საკრებულოს თავმჯდომარე 100%-იანი წილით ფლობს.
კიდევ 3 მიწის ნაკვეთი ჯაფარიძეს მემკვიდრეობით 1990 წელს მიუღია: 500 კვ.მ და 800 კვ.მ მიწის ნაკვეთები დაბა მესტიაში (“დაბდერი”), ასევე, 1 700 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც ასევე მესტიაში (ლაროლი) მდებარეობს.
23-ე ქონება ჯაფარიძის მეუღლისაა. მეუღლე, ელისო ხვიბლიანი, 2015 წლიდან 25%-იანი წილით ფლობს 2-სართულიან კომერციული ფართს მესტიაში, თამარ მეფის ქუჩაზე, რომლის საერთო ფართია 223.48 კვ.მ. და 117 კვ.მ. მიწაზე დგას. თანამესაკუთრეებად კი გია ნაკანი და ქრისდინე ნაკანი ჰყავს მითითებული. ეს კომერციული ფართი მაიზერ ჯაფარიძის მეუღლესაც მემკვიდრეობით მიუღია.
ჯამში, საცხოვრებელი სახლისა და ეზოს გარდა, მესტიის საკრებულოს თავმჯდომარე 36 360 კვ.მ. მიწის ნაკვეთებს ფლობს.
მაიზერ ჯაფარიძე, ამ მიწების გარდა, სხვა, თუნდაც მოძრავ ქონებას, არ ფლობს. დეკლარაციის მიხედვით, არც მას და არც მისი ოჯახის სხვა წევრებს არ ჰყავთ ავტომანქანა. დეკლარაციის შევსების დღეს მაიზერ ჯაფარიძისა და მისი მეუღლის საბანკო ანგარიშები ცარიელია. ჯაფარიძე და მისი ოჯახი არ ფლობენ ფასიან ქაღალდებს, არ მიუღიათ იმ ფასის საჩუქარი, რაც დეკლარაციაში უნდა ჩაწერილიყო.
ბოლო დეკლარაციის თანახმად, საკრებულოს თავმჯდომარე ჩართული იყო სამეწარმეო საქმიანობაში. ის მესტიაში დარეგისტრირებული კოოპერატივის – “რკ ლეგაბის” დირექტორი იყო 2016 წლიდან. იქვე მითითებულია, რომ ზემოთხსენებული კოოპერატივის წევრებმა 2021 წლის 5 მაისს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართეს ორგანიზაციის ლიკვიდაციის მოთხოვნით. არცერთ წინა დეკლარაციაში ამ კოოპერატივზე ნათქვამი არაფერია.
მაიზერ ჯაფარიძეს მესტიის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტიდან 2021 წელს 40 933,2 ლარის შემოსავალი მიუღია.
შვილს, თამთა ჯაფარიძეს, მესტიის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის უფროსი სპეციალისტის პოზიციიდან, 2021 წელს 12 962 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული. ასევე, შვილს, მარიამ ჯაფარიძეს, “ბაზის ბანკის” მოლარე ოპერატორის პოზიციიდან 9 346 ლარის ხელფასი მიუღია.
საკრებულოს თავმჯდომარეს “ბაზის ბანკიდან” სესხიც ჰქონია გამოტანილი. 2020 წლის დეკლარაციით ვიგებთ, რომ მაიზერ ჯაფარიძეს 2018 წელს “ბაზის ბანკიდან” 30 000 ლარის სამომხმარებლო სესხი აუღია, რომლის დაფარვის თარიღი 2022 წლის ივნისია. ამ სესხის შესახებ 2019 წლის დეკლარაციაში არაფერია ნათქვამი, მხოლოდ 2020 წლიდან ვიგებთ სესხის შესახებ და უკვე ბოლო, 2022 წლის დეკლარაციაში უწერია, რომ ვალი მთლიანად დაფარულია.
ჯაფარიძეს პირველი დეკლარაცია 2013 წელს აქვს შევსებული, როცა ის მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ამ დროს მას მხოლოდ 7 უძრავი ქონება ჰქონდა: 253 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი, 45 კვ.მ. ავტოფარეხი, 85 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი და 9 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი დაბა მესტიაში, გაბლიანის ქუჩა N14-ში. ფართობებზე მონაცემები ბოლო დეკლარაციისგან განსხვავებულია, ერთი მიწის ნაკვეთი კი ამჯერად აღარ ჩანს.
ჯაფარიძე ასევე ფლობდა 3 მიწის ნაკვეთს: 5 000 კვ.მ. ფართობით (“ჰაწვალი”), 1 700 კვ.მ ფართობით (ლაროლი”) და 1 300 კვ.მ. ფართობით (“დაბდერი”). 2014-2018 წლების დეკლარაციებში უძრავი ქონების მონაცემები არ იცვლება. 2019 წლის დეკლარაციაში ემატება 1 931 კვ.მ მიწის ნაკვეთი (“ჩუბე შგედარი”). უკვე 2020 წლის დეკლარაციით, მას 16 უძრავი ქონება აქვს. 2021 წლის დეკლარაციით – 18, მათ შორის, ჩნდება მეუღლის კომერციული ფართიც, რომელიც მას 2015 წლიდან ჰქონია. ბოლო, 2022 წლის დეკლარაციით კი უკვე 23 უძრავი ქონების მფლობელია.
რაც შეეხება საჯარო სამსახურიდან მიღებულ შემოსავლებს.
მაიზერ ჯაფარიძე, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის თანამდებობას 2012-2014 წლებში იკავებდა, ამ პოსტიდან ჯამში 34 869 ლარის შემოსავალი მიუღია: 2012 წელს 1 880 ლარი; 2013 წელს – 23 400 ლარი; 2014 წელს – 9 589 ლარი;
2014 წლიდან მაიზერ ჯაფარიძე მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეა და 2014-2021 წლებში ჯამში 202 920 ლარის შემოსავალი მიუღია: 2014 წელს – 16 695 ლარი; 2015 წელს – 34 450 ლარი; 2016 წელს – 34 450 ლარი; 2017 წელს – 34 450; 2018 წელს – 31 800 ლარი; 2019 წელს – 25 705 ლარი; 2020 წელს – 25 370 ლარი;
ჯაფარიძეს 2018 წლის დეკლარაციაში ხელფასის გრაფაში 2016 წელს მიღებული ხელფასის მონაცემები დაუკოპირებია, ისე, რომ წლის შეცვლაც დავიწყებია და წერია, რომ “34 450 ლარი მიიღო 2016 წელს”.
დეკლარაციების მიხედვით, ჯაფარიძე შემოსავალს მხოლოდ საჯარო სამსახურიდან იღებს. მიუხედავად იმისა, რომ მას მიწის ნაკვეთები გააჩნია, არცერთ დეკლარაციაში ამ ნაკვეთებიდან მიღებული შემოსავალი აღნიშნული არ არის. არც მეუღლის სახელზე გაფორმებული კომერციული ფართიდან მიღებული შემოსავალია სადმე აღნიშნული. ამდენად, გაურკვეველია, მესტიის საკრებულოს თავმჯდომარის ოჯახი წლების განმავლობაში რაში იყენებს ამ ფართობებს.