გაურკეველია, გასულ წელს რა ხელფასი მიიღო მესტიის მერმა – კაპიტონ ჟორჟოლიანის არასრულად შევსებული დეკლარაცია

713

შემდეგი სტატია

ავტორი: ეკატერინე ბასილაია

კაპიტონ ჟორჟოლიანი “ქართული ოცნებიდან” მესტიის მერის თანამდებობას უკვე მეორე ვადით იკავებს. პირველად ის 2017 წლის ოქტომბერში აირჩიეს, მეორედ – 2021 წლის ოქტომბერში, მანამდე კი, 5 წელი, მესტიის გამგებელი იყო. ჟორჟოლიანს მესტიის ხელმძღვანელობა 2012 წლის ბოლოდან აბარია და შესაბამისად, ქონებრივი დეკლარაციაც 2013 წლიდან ყოველ წელს, ჯამში 10-ჯერ აქვს შევსებული.

ჟორჟოლიანს ბოლო დეკლარაცია, ჯერჯერობით, 2022 წლის თებერვალში შეუვსია. ოჯახის წევრებად კი მითითებული ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

დეკლარაციის მიხედვით, მესტიის მერის ოჯახი უძრავ ქონებას არ ფლობს. ისიც კი გაურკვეველია, მესტიაში დაბადებული ჟორჟოლიანი და მისი ოჯახი მესტიაში წლების განმავლობაში სად ცხოვრობს.

მესტიის მერი არც მოძრავ ქონებას ფლობს. ავტომანქანა ჰყავს მეუღლეს, ნინო ხატისკაცს, რომელსაც RAV4 2021 წელს 16 878 აშშ დოლარად უყიდია.

დეკლარაციის შევსების დღეს კაპიტონ ჟორჟოლიანს არც საბანკო ანგარიშზე ჰქონია თანხა. მას “ბაზის ბანკში” დოლარის ანგარიშზე ანაბრები აქვს გახსნილი ორივე შვილის სახელზე და მეუღლეს “თი-ბი-სი ბანკის” 4 ანგარიშზე ედო თანხა.

შვილის, კატო ჟორჟოლიანის, სახელზე ანაბარზე აქვს 2 730 აშშ დოლარი, მეორე შვილის, გიორგი ჟორჟოლიანის, სახელზე კი – 580 აშშ დოლარი.

მეუღლეს, ნინო ხატისკაცს “თი-ბი-სი ბანკის” ორ საკრედიტო ანგარიშზე 5 000 და 31 670 ლარის დავალიანება აქვს; მიმდინარე ანგარიშზე კი უდევს 3 255 აშშ დოლარი, ხოლო სახელფასო ანგარიშზე – 3 139 ლარი.

მიუხედავად იმისა, რომ ჟორჟოლიანის მეუღლეს ორ ანგარიშზე საკრედიტო დავალიანება აქვს მითითებული, გრაფაში, სადაც სესხის აღების შესახებ ინფორმაცია უნდა ეწეროს, ფურცელი საერთოდ ცარიელია, ამიტომ გაურკვეველია, რა სახის სესხი აქვს ნინო ხატისკაცს აღებული, რა ოდენობით და რა ვადით.

მეუღლის მიერ აღებულ ერთ სესხზე ინფორმაციას 2018 წლის დეკლარაციიდან ვიგებთ. როგორც ირკვევა, ხატისკაცს 2016 წელს გამოუტანია იპოთეკური სესხი “საქართველოს ბანკიდან”, 2018 წლის დეკლარაციით აქვს 75 957 ლარის სესხი და 2017 წელს ამ ვალის დასაფარავად 21 048 ლარი  გადაუხდია. სესხის დაფარვის ვადა 2022 წლის მარტის ბოლოა, თუმცა, ამ სესხის შესახებ ინფორმაციას მხოლოდ 2018 წლის დეკლარაციაში ვხვდებით.

უკვე 2019 წლის დეკლარაციით ვიგებთ, რომ მეუღლეს 55 417 ლარის იპოთეკური სესხი ჰქონია აღებული 2016 წელს, რომელიც 2021 წლს უნდა დაეფარა და ეს სესხი 2021 წლისთვის სრულად დაუფარავს კიდეც. მესტიის მერმა რატომ არ მიიჩნია საჭიროდ მეუღლის სესხის შესახებ ინფორმაცია სხვა დეკლარაციებში, თუნდაც სესხის გამოტანიდან მეორე წელს მაინც აღენიშნა, გაურკვეველია.

არა მარტო მეუღლის, თავად კაპიტონ ჟორჟოლიანის სესხის შესახებაც წინა დეკლარაციებიდან ვიგებთ. მას 2012 წელს “საქართველოს ბანკიდან” აუღია 52 403 აშშ დოლარის იპოთეკური სესხი, რომელიც 2022 წელს უნდა დაფაროს. ამ სესხის შესახებ 5 დეკლარაციაში ზედიზედ გადახდილი თანხები აღნიშნულია, 2017 წლის დეკლარაციით, ვალის დასაფარავად 11 489 აშშ დოლარი ჰქონდა დარჩენილი, თუმცა, რატომღაც 2018 წლის დეკლარაციაში სესხზე აღარაფერი წერია.

კაპიტონ ჟორჟოლიანს, საბანკო სესხის შესახებ ინფორმაციის გამორჩენის გარდა, რატომღაც, ხელფასის შესახებ გრაფის შევსებაც გამოუტოვებია და გაურკვეველია, 2021 წელს მესტიის მერის პოსტიდან მან რა შემოსავალი მიიღო. ამ ბოლო დეკლარაციით მხოლოდ იმას ვიგებთ, რომ მას ნაღდი ფულის სახით ჰქონდა 5300 ლარი, რომელიც ხელფასიდან აქვს მიღებული. მეუღლეს, ნინო ხატისკაცს კი, ხელფასის სახით 80 872,8 ლარის შემოსავალი მიუღია. ორივე შემთხვევაში მონაცემების მისათითებელი გრაფები არეულია, ამასთან, გამოქვეყნებული ინფორმაცია არასრულია, რადგან მითითებული არ არის, მესტიის მერმა და მისმა მეუღლემ რა პოზიციიდან მიიღეს ეს ხელფასი.

კაპიტონ ჟორჟოლიანის ქონებასა და შემოსავალზე ცოტა მეტ ინფორმაციას წინა წლების დეკლარაციიდან ვიგებთ. პირველი დეკლარაცია მას 2013 წლის იანვარში, მესტიის გამგებლად დანიშვნის შემდგ აქვს შევსებული.

ჟორჟოლიანის ოჯახი, 2013 წლის დეკლარაციით, სამ უძრავ ქონებას ფლობდა: თბილისში, ჩუბინაშვილის ქუჩაზე, 57 კვ.მ. ბინას, რომელსაც ჟორჟოლიანი და მისი მეუღლე 50-50%-ით ფლობდნენ. 2017 წლის დეკლარაციაში დამატებულია, რომ ეს ბინა ოჯახს 2012 წელს 52 000 აშშ დოლარად აქვს ნაყიდი. უკვე 2019 წლის დეკლარაციაში ბინის მისამართი იგივეა, შეძენის წელიც, თუმცა, ქონებაში გადახდილი თანხა გაზრდილია და მითითებულია არა 52 000 აშშ დოლარი, არამედ  – 57 500 აშშ დოლარი;

კაპიტონ ჟორჟოლიანი წლების წინ ასევე ფლობდა მესტიის სოფელ მულახში მემკვიდრეობით მიღებულ 32 000 კვ.მ მიწის ნაკვეთს და, ამასთან, 20%-იანი წილით ფლობდა მესტიაში, სეტის ჩიხში მემკვიდრეობით მიღებულ საცხოვრებელ სახლს, რომლის ფართობი 588 კვ.მ-ია. ამ სახლის მეწილე კიდევ 6 ადამიანია, მათი წილის ოდენობა აღნიშნული არ არის.

კაპიტონ ჟორჟოლიანს მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობიდან 2012-2016 წლებში ჯამში 171 108 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული. 2012 წელს – 6 183 ლარი; 2013 წელს – 43 700 ლარი; 2014 წელს – 43 700 ლარი; 2015 წელს – 41 075 ლარი; 2016 წელს – 36 450 ლარი;

მესტიის მერად არჩევის შემდეგ კი ამ პოსტიდან მიღებული შემოსავლის ჯამი 2017-2020 წლებში 123 316,2 ლარია: 2017 წელს მიუღია – 35 775 ლარი; 2018 წელს – 34 450 ლარი; 2019 წელს – 27 860 ლარი; 2020 წელს – 25 231,2 ლარი; 2021 წელს – რა შემოსავალი მიიღო, აღნიშნული არ აქვს.

დეკლარაციას თუ დავუჯერებთ, მესტიის მერს არ აქვს სახლი, ასევე დეკლარაციით, არ აქვს სესხი, არ ფლობს ფასიან ქაღალდებს, სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული არ არის და არ მიუღია იმ ფასის საჩუქარი, რაც დეკლარაციაში უნდა ჩაეწერა.

საბოლოო ჯამში, კაპიტონ ჟორჟოლიანს, რომელსაც მესტიაში, საჯარო სამსახურში თანამდებობაზე ყოფნის 11-წლიანი სტაჟი აქვს, რატომღაც, საჭიროდ არ ჩაუთვლია, ქონების შესახებ ინფორმაცია სრულფასოვნად დაეფიქსირებინა.