ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას სახელობის ახალგაზრდული ცენტრის ასაშენებლად ტენდერი გამოცხადდა

511

მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას სახელობის ახალგაზრდული ცენტრის, საპრეზიდენტო ბიბლიოთეკისა და მუზეუმის მშენებლობისთვის ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 18 165 854 ლარია. ცნობილია ისიც, რომ აღნიშნული თანხა იმ სესხის ნაწილია, რომელიც საქართველოს მთავრობამ აზიის განვითარების ბანკისგან “საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამა თანაბარი განვითარებისთვის” პროგრამის განსახორციელებლად აიღო.

ტენდერში წინადადებების მიღება 18-დან 22 ივნისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. გამარჯვებულმა კომპანიამ კი მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 თვეში უნდა დაასრულოს.

საპრეზიდენტო ცენტრის მშენებლობაზე ტენდერი უკვე მეორედ გამოცხადდა. სამუშაოების დაწყება წინა წელსაც იყო დაგეგმილი. ცენტრი დადიანების სასახლის ეზოს მიმდებარედ, ყოფილი მეოთხე საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე უნდა განთავსდეს. მისი აშენება ყოფილმა პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ 2019 წლის მარტში დააანონსა.