მერია: ფოთის ცენტრალური პარკი, 1 ივნისიდან სრული დატვირთვით დაიწყებს ფუნქციონირებას

914

ქალაქის ცენტრალური პარკი, 1 ივნისიდან სრული დატვირთვით დაიწყებს ფუნქციონირებას, – აცხადებენ ფოთის მერიაში.

“პარკში ყველა ასაკის ადამიანისთვის იქნება შესაბამისი ადგილი, სადაც მათ ექნებათ დასვენების და გართობის შესაძლებლობა. დასრულდება ავტოდრომის და შადრევნის მოწყობის სამუშაოები. ასევე გასართობ სივრცეს დაემატება მაგიდის ჩოგბურთი. მიმდინარეობს მწვანე საფარის განახლება და დაირგვება სხვადასხვა ჯიშის ყვავილები”, – განმარტავენ მერიაში.

მათივე ინფორმაციით, საბავშვო ატრაქციონები, ორშაბათის გარდა, ყოველდღე მოემსახურება სტუმრებს.

გარდა ამისა, პარკის მთელ ტერიტორიაზე განთავსდება ხმის გამაძლიერებელი ფონური მუსიკისთვის. ივნისის შუა რიცხვებიდან, პარკის სტუმრებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ უფასო WiFi-ით და ასევე დამონტაჟდება ვიდეო სათვალთვალო კამერები.

როგორც მერიაში აცხადებენ, ეტაპობრივად, ქალაქის ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე გაიხსნება ახალი სივრცეები.