კახეთში წყლის ინფრატსრუქტურის გაუმჯობესებისთვის 297 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები მიმდინარეობს, – ამის შესახებ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ალექსანდრე თევდორაძემ ლაგოდეხში, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლით სხდომაზე განაცხადა.
“დღეის მდგომარეობით კახეთის რეგიონში 28 პროექტი მიმდინარეობს, რომელთა ჯამური ღირებულება, დაახლოებით, 297 მილიონი ლარია, საიდანაც 27 პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტით ხორციელდება, ხოლო 1 საერთაშორისო დონორების მიერაა დაფინანსებული”, – აღნიშნა თევდორაძემ.
თევდორაძემ კახეთის რეგიონში განხორციელებულ სამუშოებზეც ისაუბრა.
“2021 წელს კახეთის რეგიონში 8 პროექტი დასრულდა, რომელთა ღირებულებამაც 10 მლნ. ლარზე მეტი შეადგინა. აღნიშნული პროექტების დაფარვის არეალში მოექცა 3 ქალაქი – სიღნაღი, ლაგოდეხი, წნორი და 4 სოფელი. შედეგად 13 ათასზე მეტ ბენეფიციარს გაუჩნდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი 24-საათიანი წყალმომარაგების სისტემით სარგებლობის შესაძლებლობა“, – განაცხადა თევდორაძემ.