გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში კახეთში 56 170 372 ლარის ღირებულების 17 პროექტი მიმდინარეობს, – ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი წერეთელმა ლაგოდეხში, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლით სხდომაზე განაცხადა.
“2021 წელს კახეთის რეგიონში განხორციელდა 2 ნაპირსამაგრი, 3 ხიდის რეაბილიტაცია/მშენებლობა და 112 კმ-მდე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია. კახეთის რეგიონში, რეაბილიტაციის ფარგლებში, ჯამში 56 170 372 ლარის ღირებულების 17 პროექტი მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც 67.7 კმ. გზის რეაბილიტაცია, 5 ხიდის მშენებლობა/რეაბილიტაცია და 8 ნაპირსამაგრი სამუშაოები განხორციელდება. 2022-23 წლებში, სახელმწიფო ბიუჯეტით, გზების შესაკეთებლად, დაახლოებით 183 მილიონამდე ღირებულების სამუშაოების ჩატარება იგეგმება. აქედან, 2022 წელს რეაბილიტაცია/პერიოდული შეკეთება, დაახლოებით, 80 კმ-მდე საავტომობილო გზას და 9 ხიდს ჩაუტარდება“, – განაცხადა დეპარტამენტის თავმჯდომარემ.
ამასთან, წერეთელის თქმით, დასრულდა ბაკურციხე-თელავი-ახმეტას საავტომობილო გზის 15-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა, რომლის საშუალებითაც გურჯაანი-ბაკურციხის მიმართულებით მოძრავ ავტოტრანსპორტს ქალაქ გურჯაანში და მიმდებარე 6 სოფელში გავლა აღარ მოუწევს.
წერეთელმა ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის დეტალებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს კახეთის ჩქაროსნული მაგისტრალურის 95 კილომეტრიანი გზის მშენებლობა დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს. მისივე განცხადებით, 2030 წლამდე კახეთის რეგიონში 2 მილიარდამდე ლარის ინვესტირება იგეგმება, რაც მთელი რეგიონის საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას მოხმარდება.