კახეთში განსახორციელებელი 103 პროექტისთვის რეგფონდიდან 30 მილიონ ლარზე მეტის გამოყოფა იგეგმება, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ილია ბეგიაშვილმა ლაგოდეხში, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლით სხდომაზე განაცხადა.
„2021 წელს საქართველო რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, კახეთის რეგიონისთვის, ჯამში 49 719 606 ლარი გამოიყო, რაც 161 პროექტის დაფინანსებას მოხმარდა. მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან კი, 3 პროექტის დასაფინანსებლად რეგიონს 1,170,921.00 ლარი გამოეყო. 4 224 000 ლარი მიიმართა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, რომელიც 352 პროექტის დაფინანსებას მოხმარდა.
რაც შეეხება 2022 წელს, მიმდინარე წელს უშუალოდ სამინისტრო კახეთის რეგიონში 112 პროექტს ახორციელებს, რომლისთვისაც 1.4 მლრდ. ლარის დახარჯვაა დაგეგმილი. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან კახეთში 103 პროექტის დასაფინანსებლად 30 მლნ. ლარზე მეტის გამოყოფა იგეგმება. მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან კი მიმდინარე წელს 9 პროექტის, ხოლო სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში კი 369 პროექტის დაფინანსება იგეგმება“, – განაცხადა ილია ბეგიაშვილმა.