ავტორი: რუსა მაჩაიძე
საკრებულოს თავმჯდომარე “ქართული ოცნებიდან” ნოდარ გიორგიძე ამ პოსტზე 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების შემდეგ დაინიშნა. მანამდე, ოთხი წლის განმავლობაში, ის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა. დეკლარაციის თანახმად, ის ცხოვრობს მეუღლესთან და არასრულწლოვან შვილთან ერთად.
უშუალოდ მის მფლობელობაშია ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსათში 3 101 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი, რომელიც 2021 წლის აპრილში 8 000 აშშ დოლარად აქვს ნაყიდი და ამ მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებულია 323.28კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობა. საინტერესოა, რომ 2018 წლის იანვარში შევსებული დეკლარაციის თანახმად, იმავე სოფელ ფერსათში გიორგიძეს 2017 წელს ასევე 8 000 აშშ დოლარად უყიდია იმდენივე – 3 100 კვ.მ მიწაც. ეს მიწა მის მფლობელობაში ფიქსირდება 2018, 2019 და 2020 წლებშიც. თუმცა, მიწის ეს ნაკვეთი აღარ ჩანს 2022 წელს შევსებულ დეკლარაციაში, სადაც 2021 წლის მონაცემებია ასახული და ბოლო დეკლარაციაში წერია, რომ ფაქტობრივად იგივე ფართობის მიწის ნაკვეთი, იგივე ფასად, 2021 წლის აპრილში აქვს ნაყიდი. რაც შეეხება ამ მიწაზე არსებულ შენობა-ნაგებობებს, ის მხოლოდ 2022 წელს შევსებულ დეკლარაციაში ჩანს.
2021 წლის დეკლარაციის თანახმად, მას 2020 წელს მშობლებისგან მიღებული ჰქონდა ფულადი გზავნილი 42 524,6 ლარის ოდენობით, რომლის ნაწილი მოხმარდა საბანკო სესხებს, სასოფლო-სამეურნეო ხარჯებს და სოფელ ფერსათში სახლის მშენებლობას. მშობლებისგან ფულადი გზავნილი გიორგიძემ გასულ წელსაც მიიღო – ბოლო დეკლარაციით, მას მშობლებისგან 34 907,45 ლარი აქვს მიღებული, რომელიც სახლის სარემონტო სამუშაობსა და საბანკო ვალდებულებებს მოხმარდა. თუმცა, ზუსტი თანხა, რა დაჯდა სახლის მშენებლობა და რემონტი, არ ფიქსირდება.
გიორგიძეს 2021 წლის იანვარში 1 ლარად აქვს ნაყიდი ბინა რუსთავში (53,2 კვ.მ), ვინმე მედიკო თოდაძესთან გარიგების საფუძველზე.
არანაირ უძრავ ქონებას არ ფლობს მისი მეუღლე, თინათინ ციცქიშვილი, რომელიც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწეა. ასევე, არანაირი უძრავი ქონება არ არის გაფორმებული მისი მცირეწლოვანი შვილის სახელზე. თუმცა, უძრავი ქონების მფლობელები არიან მისი მშობლები, რომლებიც 2018-2021 წლების დეკლარაციების მიხედვით, მასთან ერთად ცხოვრობდნენ, 2022 წელს შევსებულ დეკლარაციებში კი აღარ ფიგურირებენ.
ის, ასევე, ფლობს სანადირო თოფს (მოდელი MP 153, კალიბრი 12/76), რომელიც 2013 წელს 900 ლარად უყიდია.
ნოდარ გიორგიძის მამა, ჯუდუ გიორგიძე, 2018 წლის დეკლარაციის მიხედვით, ფლობდა ორ ბინას ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, რომელთაგან ერთი (47,07 კვ.მ) 1993 წელს 1 800 აშშ დოლარად აქვს ნაყიდი და მეორე (37,27 კვ.მ) – 2003 წელს 2000 ლარად. 2020 წლის დეკლარაციის მიხედვით კი, მის მფლობელობაში მხოლოდ პირველია დარჩენილი, ხოლო მეორე 2019 წელს 7 500 აშშ დოლარად აქვს გასხვისებული, საიდანაც მიღებული შემოსავალი საბანკო და სალომბარდო სესხებს მოახმარა.
2020 წლის დეკლარაციის თანხმად, ჯუდუ გიორგიძე, 2019 წელს 4 მიწის ნაკვეთის 100%-იანი წილის მფლობელი გახდა, რომელიც ვიღაცამ აჩუქა. თუმცა, მჩუქებელი მითითებული არ არის. ოთხივე მიწის ნაკვეთი ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანში მდებარეობს და მათი ფართობებია: 600 კვ.მ, 600 კვ.მ, 800 კვ.მ და 1 800 კვ.მ.
ნოდარ გიორგიძის დედა, ლაურა გიორგიძე, 2018 წლის დეკლარაციის თანახმად, ფლობს 13%-იან წილს ქუთაისში, ლ. ასათიანის ქუჩაზე მდებარე 65 კვ.მ მიწის ფართობზე, რომელიც 2016 წელს 390 ლარად აქვს ნაყიდი (ამ მიწის თანამფლობელი კიდევ 4 პირია).
ნოდარ გიორგიძე არ მონაწილეობს არანაირ სამეწარმეო საქმიანობაში. მამამისი დარეგისტრირებული იყო, როგორც ინდმეწარმე და სტატუსი შეუჩერდა 2007 წელს. ის ასევე იყო შპს “ჯონის” დირექტორი (წილს არ ფლობს), რომელსაც საქმიანობა 2015 წელს შეუჩერდა. შესაბამისად, სამეწარმეო საქმიანობიდან შემოსავალი არ ჰქონია.
ბოლო დეკლარაციის შევსების დროს ბაღდათის საკრებულოს თავმჯდომარეს “ლიბერთი ბანკში” ჰქონდა 29 000 ლარი, ანაბრის სახით. ასევე დაფიქსირებული აქვს 22 000 ლარი ნაღდი ფული, რომელიც დანაზოგით და ავტომანქანების გასხვისებიდან აქვს მიღებული. ერთი მანქანა, დეკლარაციის თაახმად, 3 700 აშშ დოლარად გაუყიდია 2021 წლის დეკემბრის ბოლოს, მეორე კი – 1 500 აშშ დოლარად.
მისი მეუღლე, თინათინ ციცქიშვილი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწად მუშაობს და 2021 წელს მას, ანაზღაურების სახით, ჯამში 20 318,4 ლარი აქვს მიღებული. თავად გიორგიძეს კი, რომელიც 2021 წლის 3 დეკემბრამდე (ამ დღეს საკრებულოს თავმჯდომარედ დაინიშნა) საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო, ჯამში 17 098,98 ლარი მიუღია.
ნოდარ გიორგიძეს “ლიბერთი ბანკში” 2020 წლის ივლისში აღებული აქვს სამომხმარებლო სესხი 20 200 ლარის ოდენობით. 2021 წელს ამ სესხის ვალდებულებების დასაფარავად, ჯამში, 11801,16 ლარი აქვს გადახდილი. “ლიბერთი ბანკში” სამომხმარებლო სესხი აქვს მის მეუღლესაც 15 000 ლარის ოდენობით, რომლის ვალდებულების დასაფარავად 2021 წელს, ჯამში, 8 610,6 ლარი ჰქონდა გასავალი.