კასპში ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
კასპის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში შეიცვლება კარ-ფანჯრები, იატაკი, სასმელი წყლის, წყალარინების და ელექტრო გაყვანილობის შიდა სისტემები. ასევე, მოეწყობა სველი წერტილები, სამუშაო ოთახები, დერეფნები, კიბის უჯრედი, პანდუსი და შეიღებება შენობის ფასადი.
შენობის რეაბილიტაციას მერიის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული ი/მ „კახა დათაშვილი“ ახორციელებს, რომლის ღირებულება 130 944 ლარია და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
“შენობა გადაუდებელ რეაბილიტაციას საჭიროებდა და შესაბამისად სამუშაო პირობებიც არასათანადო იყო. პროექტის განხორციელება გააუმჯობესებს და ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უმნიშვნელოვანესი ფუნქციების განხორციელებას”, – აცხადებენ კასპის მერიაში.