ავტორი: ეკატერინე ბასილაია
ბექა ვაჭარაძე “ქართული ოცნებიდან” ფოთის მუნიციპალიტეტის მერი 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გახდა. ის საჯარო სამსახურში თანამდებობას 2017 წლიდან იკავებს და ქონებრივი დეკლარაცია ხუთჯერ აქვს შევსებული.
ბოლო დეკლარაცია მას 2022 წლის იანვრის ბოლოს აქვს შევსებული და მხოლოდ ამ ბოლო დეკლარაციას თუ დავეყრდნობით, ფოთის მერი, ავტომანქანის გარდა, არაფერს ფლობს და წინა წელს ხელფასიც კი არ მიუღია.
ვაჭარაძე, მერად არჩევამდე, 1 წელი საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა, ხოლო 2021 წლის 22 ნოემბრიდან ფოთის მუნიციპალიტეტის მერია, თუმცა, დეკლარაციაში არ უწერია, 2021 წელს რა შემოსავალი მიიღო ჯერ საკრებულოს თავმჯდომარეობიდან, შემდეგ კი მერის თანამდებობიდან.
2022 წლის დეკლარაციაში წერია მხოლოდ ის, რომ ჰყავს მეუღლე, ნათია ღაღანიძე და ერთი არასრულწლოვანი შვილი, რომ მეუღლეს 2021 წელს ფოთის საზღვაო სასწავლო საწვრთნელი ცენტრის ადმინისტრაციული სამმართველოს მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე, ხელფასის სახით, 6 084 ლარი აქვს მიღებული.
31 წლის მერს ჰყავს 2012 წელს გამოშვებული ავტომანქანა TOYOTA CAMRY, რომელიც 2019 წელს 11 000 აშშ დოლარად აქვს ნაყიდი.
დეკლარაციის შევსების დღეს ბექა ვაჭარაძეს “საქართველოს ბანკის” სახელფასო ანგარიშზე 3 027,66 ლარი ჰქონდა. მის მეუღლეს – 58 თეთრი.
ბოლო დეკლარაციით, ფოთის მერი და მისი მეუღლე არ ფლობენ ფასიან ქაღალდებს, არ მონაწილეობენ სამეწარმეო საქმიანობაში, არ მიუღიათ იმ ღირებულების საჩუქარი, რომელიც დეკლარაციაში უნდა აესახათ.
ასევე, ფოთის მერს არ აქვს სახლი, არც მისი და არც მეუღლის სახელზე საცხოვრებელი სახლი, ან რაიმე მიწის ნაკვეთი რეგისტრირებული არ არის.
ცოტა მეტ ინფორმაციას ვიგებთ გასული წლების დეკლარაციებიდან. მაგალითად, იმას, რომ ფოთის ამჟამინდელი მერი ფლობს მიწის ნაკვეთს, რომელიც მას აჩუქეს და ასევე იმას, რომ მას 2023 წლამდე სამომხმარებლო სესხი აქვს აღებული. ბოლო დეკლარაციაში მერს, რატომღაც, ხელფასის მითითებასთან ერთად, ეს ორი მონაცემიც გამორჩა.
2021 წლის დეკლარაციით, ვაჭარაძე ფოთში, ლოლუას ქუჩაზე ფლობს 926 კვ.მ მიწის ნაკვეთს, რომელიც 2019 წელს აჩუქეს, თუმცა, ვისი ნაჩუქარია, არ წერია.
ცოტა უფრო ადრინდელ, 2020 წლის დეკლარაციაში, ვაჭარაძეს მითითებული აქვს, რომ ბაბუამ 20 000 აშშ დოლარის ღირებულების მიწის ნაკვეთი აჩუქა. საჩუქრად მიღებული მიწის ფართობი აღნიშნულია არ არის, თუმცა, შეიძლება ვარაუდი, რომ ეს მიწის ნაკვეთია მითითებული 2021 წლის დეკლარაციაშიც, რომელიც შემდეგ ქრება.
ამავე, 2020 წლის დეკლარაციით, ვაჭარაძეს საჩუქარი მიუღია მამისა და ძმისგანაც: ძმამ, ჯამში, 17 159 აშშ დოლარი აჩუქა, მამამ კი – 4 365 აშშ დოლარი.
ასევე, წინა წლის დეკლარაციის მიხედვით, ბექა ვაჭარაძეს “საქართველოს ბანკიდან” გამოტანილი აქვს 10 900 ლარის სამომხმარებლო სესხი, რომელიც 2023 წლის სექტემბერში უნდა დაეფარა. ამ სესხისთვის 2019 წელს გადახდილი აქვს 1 883,58 ლარი. მიუხედავად იმისა, რომ სესხის ვადა 2023 წელს იწურება, ფოთის მერს ახალ დეკლარაციაში სესხის შესახებ არაფერი უწერია.
ბოლო დეკლარაციისგან განსხვავებით, ვაჭარაძეს ხელფასიდან მიღებული შემოსავლები წინა წლების ოთხივე დეკლარაციაში მითითებული აქვს.
ის 2020 წლის 29 აპრილიდან 2021 წლის 22 ნოემბრამდე ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე იყო. 2017 წლის 22 ნოემბრიდან 2020 წლის 29 აპრილის ჩათვლით კი – საკრებულოს წევრი და საკრებულოს სივრცითი, ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე.
2021 წლის დეკლარაციის თანახმად, ვაჭარაძეს საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან 2020 წლის 29 აპრილიდან წლის ბოლომდე, 7 თვის განმავლობაში, 19 492,72 ლარი მიუღია, ხოლო მანამდე, საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან, 2020 წლის 4 თვეში – 7 840 ლარი.
ვაჭარაძეს კომისიის თავმჯდომარეობიდან 3 წლის განმავლობაში, ჯამში, მიღებული აქვს 69 319,72 ლარის შემოსავალი.
ფოთის მერი და მისი მეუღლე, წინა წლების დეკლარაციების თანახმადაც, არ ფლობდნენ ფასიან ქაღალდებს და არ იყვნენ ჩართულნი სამეწარმეო საქმიანობაში.