მეგობრის ნაჩუქარი 40 000 ლარი და 8 000 დოლარი – რა ქონებას ფლობს ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე

1515

შემდეგი სტატია

ავტორი: ეკატერინე ბასილაია

ალექსანდრე ტყებუჩავა “ქართული ოცნებიდან” ფოთის საკრებულოს თავმჯდომარედ 2021 წლის 3 დეკემბერს აირჩიეს. თავმჯდომარედ არჩევამდე 6 თვით ადრე ის ფოთის მერის პირველი მოადგილედ დაინიშნა და ქონებრივი დეკლარაციაც მოადგილის თანამდებობაზე ყოფნისას, დანიშვნიდან ერთ თვეში, ივლისში აქვს შევსებული, რაც, ჯერ-ჯერობით, მისი პირველი დეკლარაციაა.

დეკლარაციის თანახმად, საკრებულოს თავმჯდომარე მეუღლესთან და სამ არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს. მას 100%-იან საკუთრებაში აქვს 2014 წელს ნაჩუქარი ბინა ფოთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, რომლის ფართია 53 კვ.მ. მჩუქებლის ვინაობა მითითებული არ არის.

საკრებულოს თავმჯდომარე ასევე ფლობს 131,22 კვ.მ კომერციულ ფართს ფოთში, გეგიძის ქუჩაძე, რომელიც 2019 წელს 50 000 ლარად აქვს ნაყიდი. დეკლარაციის თანახმად, ტყებუჩავას 2018 წლიდან 2025 წლამდე გაქირავებული აქვს უძრავი ქონება, თვეში 600 ლარად, შპს “როიალ შიპინგთან” წერილობითი შეთანხმებით და 2020 წლის განმავლობაში 7 200 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული.

ტყებუჩავას ჰყავს 2020 წელს 9 000 აშშ დოლარად ნაყიდი ავტომანქანა Toyota camry. მისი მეუღლე კი რაიმე სახის უძრავ ან მოძრავ ქონებას არ ფლობს.

საკრებულოს თავმჯდომარეს 2020 წლის ნოემბერში “თი-ბი-სი ბანკიდან” გამოტანილი აქვს 50 000 ლარის იპოთეკური სესხი, რომელიც 2027 წლის მარტში უნდა დაფაროს. სესხში 2020 წელს გადახდილი აქვს 6 036,38 ლარი.

დეკლარაციის შევსების დღეს საკრებულოს თავმჯდომარეს “თი–ბი–სი ბანკის” სახელფასო ანგარიშზე ჰქონდა 1647,84 ლარი, ხოლო ანაბარზე – 613,19 ლარი.

ტყებუჩავა, ფოთის მერის მოადგილედ დანიშვნამდე, მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის მონიტორინგის განყოფილების უფროსად მუშაობდა და 2020 წლის განმავლობაში 16 723,2 ლარის ანაზღაურება აქვს მიღებული.

მისი მეუღლე, თამარ მესხი “საქართველოს ფოსტის” ფოთის სერვის-ცენტრის მენეჯერია და 2020 წელს ხელფასის სახით 9 240 ლარი აქვს მიღებული.

რაც შეეხება ფასიან საჩუქრებს, დეკლარაციაში მითითებულია, რომ ტყებუჩავამ 2020 წლის განმავლობაში საჩუქრად მიიღო 40 000 ლარი და 8 000 აშშ დოლარი მეგობრისგან. მეგობრის ვინაობა აღნიშნული არ არის.

ასევე, აღნიშნულია, რომ ტყებუჩავას საბანკო ანგარიშზე მეგობრის მიერ მანქანის საყიდლად ჩარიცხულია 19 700 აშშ დოლარი და ეს თანხა გატანილია მეგობრისთვის ავტომანქანის შესაძენად.

დეკლარაციის თანახმად, საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მეუღლე არ ფლობენ ფასიან ქაღალდებს, ასევე, არ არიან ჩართულები სამეწარმო საქმიანობაში.