ქუთაისის მერიის 2019-2020 წლების აუდიტის ანგარიშზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

438

წინა სტატია

ქუთაისის მერიის და საკრებულოს თანამშრომლების მიერ, 2019-2020 წლების პერიოდში სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნას, რომლის მიხედვითაც, აღნიშნულ პერიოდში 358 200 ლარის ოდენობის სოციალური შემწეობა, მერიის და საკრებულოს მაღალჩინოსნებზე გაიცა.

ამავე დასკვნაში საუბარია ბიუჯეტის გაფლანგვის სხვა ფაქტებზეც. კერძოდ, აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე თანხები იხარჯებდა, თუმცა სამუშაოები არაჯეროვნად სრულდებოდა, მუნიციპალიტეტის მიერ შეძენილი ავტობუსები კი შეკეთებას ხშირად საჭიროებდა, რაც დამატებით ხარჯებს იწვევდა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

კოდექსის ეს მუხლი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს, თუმცა, როგორც პროკურატურის მიერ საკრებულოს დეპუტატ გიგა შუშანიასთვის მიწერილი ინფორმაციით ირკვევა, გამოძიება მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების მიმართ დაიწყო და არა მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ, რომლებიც აუდიტის ანგარიშში მთავარ კანონდამრღვევებად ფიგურირებენ.

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე მუხლის გადაკვალიფიცირებას და გამოძიების მაღალჩინოსნების მიმართ დაწყებას ითხოვს.

“ქუთაისის მერი დღეს ცდილობს სხვებს გადააბრალოს ყველაფერი, მაგრამ მე მინდა მას ვუთხრა, რომ ის ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას, რადგან სწორედ მის არჩევნებს შეეწირა ახალი უხარისხო ავტობუსების შემოყვანა, სწორედ 2020 წლის ბოლოს, მისი მერობის ბოლოს იქნა ხელი მოწერილი იმ ინფრასტრუქტურული პროექტების ჩაბარებაზე, რომლებიც თავიდან არის გასაკეთებელი და მილიონობით ლარია გაფლანგული. ამიტომ, მე ვითხოვ გადაკვალიფიცირდეს მუხლი და დაისვას მაღალი თანამდებობის პირების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი და არა რიგით თანამშრომლებზე გადატყდეს ჯოხი”, – განაცხადა გიგა შუშანიამ.