პარლამენტმა „სოციალური დახმარების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები მიიღო

672

პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 82 ხმით დაუჭირა მხარი „სოციალური დახმარების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტს, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთათვის სოციალური პაკეტის ინდექსაციას ითვალისწინებს.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, სხდომაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ ისაუბრა.

„კანონპროექტით, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა სოციალური პაკეტის ოდენობასთან და გაანგარიშების წესთან დაკავშირებული საკითხები მოწესრიგდება.

სოციალური პაკეტის ოდენობის ზრდის საკითხი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთათვის ყოველწლიურად დამოკიდებული იყო შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტის მომზადებისას არსებულ ფისკალურ პარამეტრებზე და არ არსებობდა რაიმე ცხადი მექანიზმი, რაც უზრუნველყოფდა სოციალური პაკეტის ყოველწლიურ ზრდას. სოციალური პაკეტის ინდექსაციის პრინციპის შემოღებით კი, ჩამოყალიბდება სოციალური პაკეტის ზრდის მდგრადი მექანიზმი, რაც შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისთვის/ბავშვებისთვის სიღარიბის პრევენციის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იქნება.

სოციალური პაკეტის ინდექსაცია წარმოდგენილი რედაქციით სოციალური პაკეტის ზრდის უფრო მაღალ ინდექსს აწესებს მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებისთვის, ვიდრე სხვა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთათვის. ყველა კატეგორიის შშმ პირთათვის სოციალური პაკეტის გაზრდის მიზნით“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.