არც მანქანა, არც ბიზნესი, არც ფასიანი ქაღალდები – სენაკის საკრებულოს ოპოზიციონერი თავმჯდომარის დეკლარაცია

525

წინა სტატია

ავტორი: ეკატერინე ბასილაია

ირაკლი კაჭარავა სენაკის საკრებულოს თავმჯდომარედ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, თებერვალში აირჩიეს. ის ოპოზიციის რიგებიდააა – ფრაქცია “სენაკი – საქართველოსთვის” თავმჯდომარე. მის არჩევას მმართველი პარტია “ქართული ოცნება” სასამართლოში ასაჩივრებს.

32 წლის ოპოზიციონერი თავმჯდომარე საჯარო სამსახურში თანამდებობას პირველად იკავებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქონებრივი დეკლარაცია, ჯერჯერობით, მხოლოდ ერთხელ აქვს შევსებული.

2022 წლის თებერვალში შევსებულ დეკლარაციაში წერია, რომ ირაკლი კაჭარავა დედასთან ერთად ცხოვრობს. მის საკუთრებაშია სენაკის სოფელ უშაფათში მდებარე 5028 კვ.მ საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია 105 კვ.მ ფართის სახლი და ის 10 000 ლარად 2018 წელს აქვს ნაყიდი.

დედის, იამზე ჯიმშელეიშვილის სახელზეა გაფორმებული 2 უძრავი ქონება სენაკში. 2019 წელს მემკვიდრეობით მიღებული ქონება, 51 კვ.მ კომერციული ფართი ჭავჭავაძის ქუჩაზე და  ამავე ქუჩაზე 2012 წელს 1 000 აშშ დოლარად ნაყიდი 22,1 კვ.მ ავტოფარეხი.

დედას ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე კომერციული ფართი იჯარით აქვს გაცემული 2019 წლიდან, თვეში 625 ლარად და 2021 წლის განმავლობაში შემოსავლის სახით მიღებული აქვს 6 000 ლარი.

იჯარიდან შემოსული შემოსავლის გარდა, საკრებულოს ახლადარჩეული თავმჯდომარესა და მისი დედას აქვთ მხოლოდ სახელფასო შემოსავლები.

ირაკლი კაჭარავა 2021 წლის იანვრიდან აგვისტომდე სენაკის მერიაში ერთ-ერთი განყოფილების უფროსი იყო და დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ექვს თვეში “სენაკის მერიის ბუღალტერიიდან მიღებული ინფორმაციით, 2021 წლის 1 დეკემბრიდან 2 აგვისტოს ჩათვლის ხელზე აღებული თანხა შეადგენს 6 531.63 ლარს”.

კაჭარავა 2021 წლის 7 დეკეემბრიდან 31 დეკემბრამდე იყო სენაკის საკრებულოში ფრაქციის თავმჯდომარე და  ერთი თვის განმავლობაში ხელფასის სახით მიღებული აქვს 1 029,72 ლარი.

დედა, იამზე ჯიმშელეიშვილი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდობისა და კულტურის სამსახური ბიბლიოთეკარია და მას 2021 წლის განმავლობაში ხელფასის სახით მიღებული აქვს  2 998,4 ლარი.

დეკლარაციის შევსების დღეს ირაკლი კაჭარავას “საქართველოს ბანკის” საკრედიტო ანგარიშზე აქვს მხოლოდ 488 ლარი, ხოლო ორ სახელფასო ანგარიშზე – ნული ლარი. ასევე, “თი-ბი-სი” ბანკის მიმდინარე ანგარიშზე აქვს 27 ლარი.

დეკლარაციის თანახმად, სენაკის საკრებულოს თავმჯდომარეს არ ჰყავს ავტომანქანა.  არც თავად და არც დედა არ ფლობენ ფასიან ქაღალდებს, არავისგან მიუღიათ ისეთი ფასიანი საჩუქარი, რომელიც დეკლარაციაში უნდა აისახოს. ასევე, არანაირი ფორმით არ მონაწილეობენ სამეწარმეო საქმიანობაში და არ აქვთ დანაზოგი.