ავტორი: ეკატერინე ბასილაია
ვახტანგ გადელია “ქართული ოცნებიდან” სენაკის მერი 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გახდა. 35 წლის ახლადარჩეული მერი საჯარო სამსახურში თანამდებობას პირველად იკავებს და ქონებრივი დეკლარაციაც, ჯერჯერობით, მხოლოდ ერთხელ აქვს შევსებული.
2022 წლის იანვრის ბოლოს შევსებულ დეკლარაციაში წერია, რომ ახლადარჩეული მერი დაბადებულია სენაკში, თუმცა, არც თავად და არც მშობლები სენაკის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელ სახლს, მიწას, ან რაიმე უძრავ ქონებას არ ფლობენ. ვახტანგ გადელიას სახელზე მხოლოდ ერთი უძრავი ქონებაა გაფორმებული. ის ფლობს 142,6 კვ.მ ბინას თბილისში, შანდორ პეტეფის ქუჩაზე, რომელიც 2 წლის წინ, 2020 წელს, სულ რაღაც 28 400 აშშ დოლარად უყიდია.
ოჯახის წევრებად დეკლარაციაში მითითებულნი არიან: მამა, კარლო გადელია და დედა, დაგმარა გადელია. სწორედ დედის სახელზეა გაფორმებული სამი უძრავი ქონება 100-100%-იანი წილით. ერთი არის თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე არსებული 31,08 კვ.მ ბინა, რომელიც 2021 წელს ასევე ძალიან იაფად, 22 000 აშშ დოლარად აქვს ნაყიდი, მეორეა – 838 კვ.მ-ის მიწის ნაკვეთი მცხეთაში, ლისის ტერიტორიაზე, სოფელ თხინვალას მიმდებარედ, რომელიც 2020 წელს 16 760 აშშ დოლარად აქვს ნაყიდი და მეორე 975 კვ.მ-ის ფართის მიწის ნაკვეთიც იქვეა, რომელიც უფრო ადრე, 2019 წელს აქვს 19 500 აშშ დოლარად შეძენილი.
ვახტანგ გადელიას ჰყავს ორი ავტომანქანა: 2020 წელს 3 000 აშშ დოლარად ნაყიდი “მიცუბიში” და 2006 წელს 2 000 აშშ დოლარად ნაყიდი “მერსედესი c180”. ხოლო მამის, კარლო გადელიას სახელზეა გაფორმებული ავტომანქანა “ლექსუსი ES300”, რომელიც 2021 წელს 8 000 აშშ დოლარადაა ნაყიდი.
დეკლარაციის თანახმად, სენაკის მერი და მისი მშობლები არ ფლობენ ფასიან ქაღალდებს, არ აქვთ აღებული სესხი და არავისგან მიუღიათ ისეთი ფასიანი საჩუქარი, რომელიც დეკლარაციაში უნდა აისახოს.
დეკლარაციის შევსების დღეს ვახტანგ გადელიას “საქართველოს ბანკის” მიმდინარე ანგარიშზე ედო 15 000 ლარი. მამას “ლიბერთი ბანკის” საპენსიო ანგარიშზე – 200 ლარი, ხოლო დედას “საქართველოს ბანკის” მიმდინარე ანგარიშზე – 500 ლარი.
როგორც ირკვევა, გადელია 2021 წლის იანვრიდან ოქტომბრამდე შპს “ჰიდრო კონსტრაქშენ ჯორჯიაში” პროექტის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა და მიღებული აქვს 3 850 ლარის ანაზღაურება.
რაც შეეხება სამეწარმეო საქმიანობას, დეკლარაციაში ვახტანგ გადელიას მითითებული აქვს ოთხი შპს, სადაც სამში 100%-იანი წილის მფლობელია, მეოთხეში კი – 50%-იანი წილი აქვს. ამავე დროს, გადელია ამ ოთხივე შპს-ს მოქმედი დირექტორიცაა.
სენაკის მერი შპს “GBG საქართველოს” 100%-იანი წილის მფლობელია 2012 წლიდან, საიდანაც გასულ წელს შემოსავალი არ მიუღია. 2016 წლიდან ასევე ფლობს შპს “ჯი-ბი-ჯი საქართველოს” 100%-იან წილს 2021 წლის სექტემბრამდე და გასულ წელს მიღებული აქვს 50 000 ლარის შემოსავალი. ასევე, შპს ჯი ბი ჯი საქართველოს 100%-იანი წილის მფლობელია 2018 წლიდან 2020 წლის 31 დეკემბრამდე და გასულ წელს მიღებული აქვს 6 153,06 ლარის შემოსავალი. და, მეოთხე – შპს მეგაპოლისი თბილისის 50%-იან წილს ფლობს 2019 წლიდან 2021 წლის 10 იანვრამდე და გასულ წელს შემოსავალი არ მიუღია.