სენაკის საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას თანაგუნდელი აირჩიეს

374

წინა სტატია

შემდეგი სტატია

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია “საქართველოსთვის” წევრი, ირაკლი კაჭარავა აირჩიეს 17 ხმით. კენჭისყრისთვის დაიბეჭდა 33 ბიულეტენი, რამდენი წევრიც ჰყავს წარმომადგენლობით ორგანოს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

სხდომას “ქართული ოცნება” არ დასწრებია, რომელსაც 16 მანდატი აქვს.

ოპოზიცია 17 წევრით იყო წარმოდგენილი. მათგან 13 “ნაციონალური მოძრაობის” წევრია, 4 კი “საქართველოსთვის”.

მანამდე, საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა.

სხდომამდე ბრიფინგი გამართა მმართველმა პარტიამ. “ქართული ოცნების” სენაკის ორგანიზაციამ სასამართლოს მიმართა სარჩელით, გააუქმოს სენაკის საკრებულოს 9 თებერვლის გადაწყვეტილებები. კერძოდ, საუბარი შეეხება 17 წევრის ნაცვლად, 16 წევრის მონაწილეობით დროებითი სამანდატო და ხმის დამთვლელი კომისიის გადარჩევას. ასევე, გახარიას პარტიის წევრის, ნიკოლოზ შამათავას უფლებამოსილების ცნობას.

სენაკის საკრებულოს 33 დეპუტატი ჰყავს – “ქართული ოცნების” 16, ენმ-ის 13 და “გახარია-საქართველოსთვის” 4 წევრი. ექსპრემიერის გუნდის ერთმა წევრმა პირადი პრობლემების მიზეზით საკრებულო დატოვა, მის ადგილმონაცვლედ კი ოპოზიციამ ნიკოლოზ შამათავა ცნო წინა სხდომაზე. ამ გადაწყვეტილებას კი არაკანონიერად მიიჩნევს “ქართული ოცნება”, რომელიც არც ამ სხდომას დასწრებია.

ოპოზიციონერი დეპუტატის მტკიცებით, ისინი უფლებამოსილები არიან გადაწყვეტილებების მისაღებად, რადგან სხდომა 3 დეკემბერს გაიხსნა, რომელსაც 32 წევრი ესწრებოდა. გადადებულ სხდომას კი, აღნიშნავს, რომ არანაირი კვორუმი არ სჭირდება.

მათი თქმით, სწორედ ამ პროცესის თავიდან არიდების გამო არ ესწრება “ქართული ოცნება” საკრებულოს სხდომებს, ვინაიდან ნიკოლოზ შამათავას უფლებამოსილების ცნობით ოპოზიციის შემადგენლობა 16-დან 17-მდე იზრდება. ეს კი უმრავლესობაა, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, თანამდებობის პირების, მათ შორის თავმჯდომარის არჩევის.

“ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განმარტა, რომ ამ ქმედებით “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლები გახარიას პარტიასთან ერთად “მსოფლიო სამართლის სტანდარტის ახალ გადაწყვეტას სთავაზობენ”, რადგან სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. სენაკის შემთხვევაში კი, მისივე თქმით, 33-ის ნახევარზე მეტი, ანუ მინიმუმ 17 წევრი.

მანამდე, საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წევრი აირჩიეს წალენჯიხაში, ჩხოროწყუსა და ზუგდიდში.