აუდიტი: ოზურგეთის 16 სოფლის მცხოვრები 13 280 ოჯახისთვის წყლის სისტემები მოწყობილი არ არის

433

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ოზურგეთის 16 სოფლის მცხოვრები 13 280 ოჯახისთვის წყლის სისტემები მოწყობილი არ არის, – ნათქვამი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.

როგორც აუდიტის სამსაახური წერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია. ამ მიმართულებით, 2019-2020 წლებში 1,084.6 ათასი ლარი დაიხარჯა.

აუდიტის ჯგუფმა, მერიის მიერ წარდგენილ მასალებზე დაყრდნობითა და შესრულებული სამუშაოების ვიზუალური დათვალიერებით, შეისწავლა მუნიციპალიტეტში წყლის სისტემების ზოგადი მდგომარეობა. 30-დან 4 ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდებას უზრუნველყოფს შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“. დანარჩენი 26-დან 5 ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში მცხოვრებ 2 471 ოჯახს წყალი მიეწოდება მუდმივად, ასევე, 5 ერთეულის სოფლებში მცხოვრებ 6 479 ოჯახს – მიეწოდება გრაფიკით, ხოლო სხვა 16 ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების 13 280 ოჯახისთვის წყლის სისტემები არ არის მოწყობილი.

“მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის წყალმომარაგების გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელია თვითმმართველი ერთეულისმიერ დაფუძნებული შპს „სატისი“, რომელიც არ ფლობს კანონით განსაზღვრულ ლიცენზიას.

პასუხისმგებელი პირების განმარტებით, აღნიშნული კომპანია მუნიციპალიტეტის მხოლოდ 8 ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებს ემსახურება.

აღსანიშნავია, რომ წყლის მოწყობილი ზოგიერთი სისტემა, ასევე, ჭები და სათავე ნაგებობები, საიდანაც მოსახლეობას წყალი მიეწოდება, არ არის აღჭურვილი გამწმენდი ნაგებობებით და წყლის დაქლორვის საშუალებებით. წყლის ლაბორატორიული შემოწმება ჩატარებული იყო საბავშვო ბაღებში. წარმოდგენილი ლაბორატორიული კვლევის ოქმების შესწავლით დგინდება, რომ 2019 წელს 43 საბავშვო ბაღიდან 31-ში, ხოლო 2020 წელს − 44 საბავშვო ბაღიდან − 38-ში, სასმელი წყლის ხარისხი არ შეესაბამებოდა ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მაჩვენებლებს. მიუხედავად ამისა, პრობლემის მოსაგვარებლად მუნიციპალიტეტს არ ჰქონდა შესაბამისი ღონისძიებები გატარებული”, – წერია აუდიტის ანგარიშში.

აუდიტის დასკვნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი საბიუჯეტო რესურსების ნაწილს ხარჯავს წყლის სისტემების მოწყობასა და რეაბილიტაციაზე. მიუხედავად ამისა, მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყალი არ მიეწოდება ან მიეწოდება გრაფიკით, ხოლო მიწოდებული წყალი არ იწმინდება. შედეგად, სასმელი წყლის ხარისხი უმრავლეს შემთხვევაში არ შეესაბამებოდა დადგენილ სტანდარტებს. შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საქმიანობა სასმელი წყლის ხარისხის უზრუნველსაყოფად, არასაკმარისი იყო. აღნიშნული პრობლემა ატარებს სისტემურ ხასიათს, თუმცა, მერიას მისი მოგვარების მიზნით, სათანადო ღონისძიებები არ გაუტარებია.

აუდიტის რეკომენდაციაა, მერიამ, საკრებულოსთან შეთანხმებით, დაგეგმოს და განახორციელოს
კომპლექსური ღონისძიებები, რომლებიც გონივრულ ვადაში უზრუნველყოფს წყალმომარაგების მოწესრიგებას და წყლის ხარისხის გაუმჯობესებას. ამასთანავე, ღონისძიებათა გეგმა უნდა ითვალისწინებდეს როგორც წყლის, ასევე საბიუჯეტო რესურსების რაციონალურ ხარჯვას. აღნიშნული ხელს შეუწყობს მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებას და წყლის სისტემის გამართულ ფუნქციონირებას.