ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიწებით არაუფლებამოსილი პირები სარგებლობდნენ, – ნათქვამი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
აუდიტის ჯგუფმა შეისწავლა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული განუკარგავი ქონების მდგომარეობა. რის შედეგადაც, გამოვლინდა 3 შემთხვევა, როდესაც მუნიციპალური ქონებით, ჯამში – 48,204 კვ.მ სასოფლო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობდნენ არაუფლებამოსილი პირები, რომლებიც ფართით სარგებლობისთვის არ იხდიდნენ შესაბამის საფასურს.
როგორც აუდიტის სამსახური წერს, პასუხისმგებელი პირის განმარტებით, აღნიშნული მიწებით დაინტერესებული პირები წლების განმავლობაში უკანონოდ სარგებლობენ და საკითხის სამართლებრივი დარეგულირებისთვის მერიის მიერ რაიმე სახის ქმედითი ღონისძიება არ გატარებულა.
“მერია საიჯარო თანხებს სრულად ვერ იღებდა საიჯარო ხელშეკრულებების პირობებშიც. კერძოდ: მუნიციპალიტეტში 2019-2020 წლებში მოქმედებდა 81 საიჯარო ხელშეკრულება. ჩატარებული აუდიტორული პროცედურებით გამოვლინდა, რომ 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, 45 ხელშეკრულების ფარგლებში სრულად არ არის გადახდილი საიჯარო ქირა. გადაუხდელი თანხა სულ შეადგენს 86 000 ლარს, მათ შორის, 82 500 ლარი − ძირითადი თანხაა, ხოლო 3 500 ლარი − დარიცხული საურავი.
მიუხედავად იმისა, რომ მოიჯარეები არღვევდნენ ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობებს და დროულად არ იხდიდნენ საიჯარო თანხებს, კუთვნილი თანხების ამოსაღებად მუნიციპალიტეტს მათ მიმართ სათანადო ღონისძიებები არ გაუტარებია”, – ვკითხულობთ ანგარიშში.
აუდიტის დასკვნით, მუნიციპალიტეტმა ვერ დაიცვა მისი, როგორც მესაკუთრის ინტერესები, რადგან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობენ არაუფლებამოსილი პირები. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო იჯარიდან მისაღები შემოსავლის სრულად და დროულად მობილიზება. ქონების მართვასა და განკარგვაში არსებული კონტროლის სუსტი მექანიზმების გამო, მუნიციპალიტეტი კარგავს კუთვნილი შემოსავლების მიღების შესაძლებლობას.
აუდიტის რეკომენდაციაა, მერიამ შეიმუშაოს კონტროლის სათანადო მექანიზმები, საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის გასაუმჯობესებლად, აგრეთვე თვითნებურად დაკავების თავიდან აცილების ან/და დროულად გამოვლენის მიზნით. ამასთანავე, მერიამ ჩაატაროს მიუღებელი საიჯარო თანხების ინვენტარიზაცია და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები კუთვნილი თანხების მისაღებად; მუნიციპალიტეტმა გამოავლინოს საკუთრებაში არსებული მიწების განკარგვასა და კონტროლზე პასუხისმგებელი პირები და მათ მიმართ გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.