მეტი სარგებლისთვის, ტენდერში მონაწილე კომპანიები ურთიერთშეთანხმებით მოქმედებდნენ – აუდიტის ანგარიში ოზურგეთის მუნიციპალიტეტზე

345

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილე კომპანიები მეტი სარგებლის მიღების მიზნით, ურთიერთშეთანხმებით მოქმედებდნენ, – ნათქვამი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.

აუდიტის ინფორმაციით, 2019 წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა ორი ერთეული თვითმცლელის შესყიდვის მიზნით გამოაცხადა ტენდერი, სავარაუდო ღირებულებით − 175.0 ათასი ლარი. ტენდერში მონაწილეობა მიიღო ორმა კომპანიამ, შპს „ოთობმსმა“ და შპს „ნიუ გრუპმა“. სატენდერო დოკუმენტაციის შესწავლით გამოვლინდა, რომ შერჩევა-შეფასების ეტაპზე დაბალი სატენდერო ფასის მქონე პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულ იქნა, რადგან მის მიერ დაზუსტებულმა ტექნიკურმა დოკუმენტაციამ ვერ დააკმაყოფილა სატენდერო მოთხოვნები. კერძოდ: თვითმცლელების ტექნიკური მახასიათებლები, რომელიც თავდაპირველად წარმოდგენილ დოკუმენტში აკმაყოფილებდა სატენდერო მოთხოვნებს, პრეტენდენტმა შეცვალა, რის გამოც მოხდა მისი დისკვალიფიკაცია. საბოლოოდ ტენდერში გაიმარჯვა მომდევნო პრეტენდენტმა, რომლის სატენდერო წინადადება 29.7 ათასი ლარით აღემატებოდა დისკვალიფიცირებული პრეტენდენტის
სატენდერო ფასს.

“იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიების მიერ შემოთავაზებულ ფასებს შორის არსებითი სხვაობა დაფიქსირდა, დაბალი ფასის წარმომდგენმა კომპანიამ დაზუსტებული სატენდერო დოკუმენტაცია შესაძლოა განზრახ დაახარვეზა. აღნიშნული წარმოშობს რისკს, რომ შპს „ოთობმსი“ და შპს „ნიუ გრუპი“ არიან დაკავშირებული მხარეები და ტენდერში მონაწილეობა მიიღეს შეთანხმებულად, მეტი სარგებლის მიღების მიზნით. აღნიშნულ რისკს ამყარებს ის გარემოება, რომ ორივე პრეტენდენტმა სატენდერო კომისიას შესთავაზა ერთი და იგივე მეორადი სატვირთო მანქანა”, – ვკითხულობთ აუდიტის ანგარიშში.

აუდიტის დასკვნით, ტენდერში მონაწილე კომპანიები მეტი სარგებლის მიღების მიზნით, მოქმედებდნენ ურთიერთშეთანხმებით. ვინაიდან დაბალი სატენდერო ფასის მქონე პრეტენდენტმა განზრახ შეცვალა ტექნიკური დოკუმენტი და ორივე მიმწოდებელმა ერთიდაიმავე თვითმცლელის სურათი წარუდგინა სატენდერო კომისიას, წარმოიქმნა აფიდავიტის პირობის დარღვევის რისკი. აღნიშნული რისკი მერიამ ვერ/არ გამოავლინა და არ განახორციელა სათანადო რეაგირება.