არსებობს რისკი, რომ ქუთაისის მერიამ მიწების ნაწილი საბაზრო ღირებულებაზე იაფად გაყიდა, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
2019-2020 წლებში ქუთაისის მერიამ აუქციონის წესით 97 მიწის ნაკვეთი გაყიდა,
რომელთა რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა 2019 წელს − 3 978 200, ხოლო 2020 წელს 1 965 200 ლარი შეადგინა.
როგორც აუდიტი წერს, ქონების გასხვისების პროცესის შესწავლით გამოვლინდა შემდეგი:
მერიაში არსებული პრაქტიკით, წლის დასაწყისში დამოუკიდებელი ექსპერტი ქალაქის ტერიტორიას ყოფს ზონებად და თითოეულ ზონაში განსაზღვრავს მიწის მინიმალურ ნორმატიულ ფასს. ამასთანავე, შემფასებელი წლის დასაწყისში შედგენილ შეფასების აქტში მიუთითებს, რომ დადგენილი ნორმატიული ფასები არის მინიმალური სარეალიზაციო ღირებულება და ყოველი კონკრეტული მიწის ნაკვეთის ფასები შესაძლებელია, მისგან განსხვავდებოდეს ადგილმდებარეობის, მისასვლელი გზისა და სხვა პარამეტრების გათვალისწინებით. მიუხედავად ამისა, დადგინდა, რომ მერია აღნიშნულ მინიმალურ ფასებს იყენებს სააუქციონე ქონების საწყისი
ღირებულების განსაზღვრისთვის და კონკრეტული ქონების ღირებულებას ინდივიდუალურად არ აფასებს. კერძოდ, საანგარიშო პერიოდში გასხვისებული არც ერთი ქონების კონკრეტული საწყისი საპრივატიზებო ღირებულება არ იყო შეფასებული დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ, რითაც დარღვეულია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები.
შესაბამისად, აუდიტის ცნობით, მერიაში მიწის ღირებულების განსაზღვრის პრაქტიკა წარმოშობს რისკებს, რომ ქონების საწყისი საპრივატიზებო ღირებულება არსებითად განსხვავდება მისი რეალური საბაზრო ფასისგან.
აუდიტის ინფორმაციით, ქუთაისის მერიის მიმდინარე აუქციონების შესწავლის შედეგად დგინდება, რომ მიწების საწყისი სარეალიზაციო ღირებულება კონკურენციის პირობებში მნიშვნელოვნად იზრდება. კერძოდ, 97 გაყიდული მიწიდან, 29 − აუქციონზე, სადაც კონკურენცია იყო, ქონების ღირებულება 30%-ით და მეტით გაიზარდა. ამათგან, არის შემთხვევები, როდესაც ფასმა 1000%-ზე მეტით მოიმატა.
აუდიტის დასკვნით, ქუთაისის მერიამ დაარღვია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები და
მიწების საწყისი საპრივატიზებო ღირებულების შეფასებისთვის არ გამოიყენა დამოუკიდებელი ექსპერტის შეფასება. შესაბამისად, არსებობს რისკი, რომ მერიამ ქონების ნაწილი საბაზრო ღირებულებაზე მნიშვნელოვნად დაბალი ფასით გაყიდა და ადგილობრივმა ბიუჯეტმა დაკარგა დამატებითი შემოსავლების მიღების შესაძლებლობა.