პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი წალენჯიხაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

407

პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი წალენჯიხაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან შეხვედრის დროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ გამოთქვა მზადყოფნა კონსტრუქციული თანამშრომლობისათვის, მიიღო აბსოლუტურად სხვა გადაწყვეტილება, გამოსცა ბრძანება N:65, ა(ა)იპ ,,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის ცენტრის თანამშრომელთა დაკავებულ თანამდებობასთან დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისობის შეფასების კომისიის შექმნის შესახებ“, რითაც მოძებნა გზა დასაქმებულთა წინააღმდეგ მოქმედებისათვის. ამ ბრძანების საფუძველზე, მიმდინარე წლის, 13 სექტემბრის თათბირზე სკოლამდელი დაწესებულებების გამგეებს ეცნობათ, რომ სკოლამდელი დაწესებულებების თანამშრომელთა და პირველ ეტაპზე აღმზრდელთა თანაშემწეების გასაუბრება გაიმართება 15 სექტემბერს.

მიგვაჩნია, რომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის ძირითადი მიზანია გაათავისუფლონ საბავშვო ბაღების თანაშემწეები და არა რეფორმის დაწყებამდე საკადრო ოპტიმიზაცია, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვით, რისკენაც მერს მოვუწოდეთ შეხვედრაზე. დღემდე არ მიგვიღია პასუხი, რეფორმის დაწყებამდე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად დაგვედგინა რეგისტრირებულ ბავშვთა რეალური რაოდენობა (მათ შორის გალის რაიონიდან ლტოლვილი ბავშვების), რაც ამოსავალი წერტილია ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საშტატოს ნუსხის განსაზღვრისათვის. ასევე, არ მიგვიღია საშტატო ნუსხის დამტკიცებული დოკუმენტი, თანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებით, რაზედაც მივმართეთ წერილობით.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, აღმზრდელთა თანაშემწეებს შეთავსებული აქვთ სხვადასხვა ფუნქციები, დამლაგებლის, ძიძის, მრეცხავის და ა.შ. საინტერესოა რომელი შტატის საკვალიფიკაციო მოთხოვნით უნდა ჩატარდეს გასაუბრება რამდენიმე ფუნქციის მქონე თანაშემწესთან, მაშინ როდესაც, ჩვენთვისაც და გასაუბრებაში მონაწილეთათვისაც უცნობია გასაუბრების დებულება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას შეაჩერონ გასაუბრების ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილება, რაც სცილდება ობიექტურობის პრინციპებს და რეფორმის მიზნებს, აჩენს პასუხგაუცემელ შეკითხვებს და აშკარად მიგვანიშნებს ტენდენციურობაზე.

კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ მზადყოფნას, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან კიდევ ერთხელ შეხვედრისათვის, მათთვის სასურველ დროს, რათა კანონის ჩარჩოში დავაბრუნოთ რეფორმის დაწყების პროცესი, გამოვრიცხოთ საზოგადოებაში გავრცელებული სხვადასხვა შეფასებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი გამოვიყენებთ პროფკავშირის ბრძოლის არსენალში არსებულ ყველა მეთოდს, დასაქმებულთა უფლებების დასაცავად“, – აღნიშნულია განცხადებაში.