ახალციხის მერი: პირობას ვდებ, 2023 წელს ახალციხეს ახალი ავტობუსები ეყოლება

506

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი, ირაკლი ლაზარაშვილი პირობას დებს, რომ მომავალ წელს ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს. აღნიშნულის შესახებ ლაზარაშვილმა 27 ოქტომბერს მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე ისაუბრა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

„ყველა მოქალაქესთან შემიძლია პირობა დავდო, რომ 2023 წელს ახალციხეს ეყოლება ახალი ავტობუსები“, – განაცხადა ლაზარაშვილმა შეხვედრაზე.

საქალაქო ტრანსპორტთან დაკავშირებით მერს კითხვა „დემოკრატ მესხთა კავშირის“ წარმომადგენელმა, ჯაბა ნათენაძემ დაუსვა. ადგილობრივები წლებია ითხოვენ, რომ ქალაქში კეთილმოწყობილმა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა იმოძრაოს.

ირაკლი ლაზარაშვილის განმარტებით, უკვე შეიქმნა ააიპ „ახალციხის მუნიციპალური სატრანსპორტო ორგანიზაცია“, ამჟამად თვითმმართველობა ავტობუსების საპარკინგე ადგილის მოძიების პროცესშია.

„ავტობუსები, რომ შევიძინოთ პარკი არ გვაქვს, სადაც მათ განვათავსებთ. მიმდინარეობს ერთ–ერთ ლოკაციაზე მუშაობა, რომელიც უნდა გადმოეცეს მუნიციპალიტეტს და დაიწყოს ამ ტერიტორიის მოწესრიგება. შესყიდვის რამდენიმე ვარიანტს ვამუშავებთ. ამ საკითხზე ცენტრალური ხელისუფლების დახმარება გვჭირდებოდა და ჩვენ ვთხოვეთ. მომავალი წლიდან ჩვენ უნდა შევისყიდოთ ტრანსპორტი“, – ამბობს მერი.

მისივე თქმით, პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა ახალი ააიპ–ის საშტატო ნუსხაზე, ადმინისტრაციის ჩამოყალიბებასა და მარშრუტების შედგენაზე.

„გვინდოდა გვექირავებინა ლოჯისტიკური კომპანია, რომელსაც აქვს გამოცდილება მსგავსი გეგმების შემუშავების და დაგვეხმარებოდა ამ საკითხში, მაგრამ კომპანიამ დიდი თანხა მოითხოვა. გარკვეულ კომპონენტებზე USAID–მა დიდი ინტერესი გამოხატა და ნოემბერში ამ გეგმის დამუშავებასა და თანადაფინანსებაში დაგვეხმარება. მაგალითად, როგორი უნდა იყოს ორგანიზაცია, საშტატო ერთეული, მარშრუტები, ადმინისტრაცია“, – ამბობს ირაკლი ლაზარაშვილი.

რა ოდენობის თანხა დაიხარჯება ავტობუსების შესაძენად და რამდენი გამოიყოფა ააიპ–ის ფუნქციონირებისთვის, ამ ეტაპზე უცნობია.

მრჩეველთა საბჭოში 27 წევრია, რიგით მესამე სხდომას 14 წევრი ესწრებოდა.

დღემდე, ახალციხეში, მხოლოდ ერთი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ავტოსადგურიდან– საავადმყოფოს მიმართულებით მოძრაობს. მოქალაქეები ხშირად უსვამენ ხაზს, რომ ტრანსპორტი არ არის კომფორტული, არ ფარავს მთელს ქალაქს და არც მოძრაობის განრიგია მორგებული მოსახლეობის საჭიროებებს.

არსებული პრობლემის დღის წესრიგში დასაყენებლად, ახალციხეში საქალაქო ტრანსპორტის რაოდენობის გაზრდის და სხვადასხვა მიმართულებით განრიგის დაწესების მოთხოვნით, საკრებულოში გასულ, 2021 წელს, ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ პეტიციაც შეიტანა. ორგანიზაციის სამცხე–ჯავახეთის კოორდინატორის, თამუნა უჩიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პეტიცია საკრებულოს დღის წესრიგით არ განუხილავს, საკითხი დაკმაყოფილებულია, რადგან მუნიციპალიტეტმა პრობლემის მოგვარებაზე მუშაობა უკვე დაიწყო.