აუდიტი: არსებობს რისკი, რომ გზების დაგებისას, წყალტუბოს მერიამ მისთვის მისაღები მიმწოდებლების გასამარჯვებლად სატენდერო პირობები შეცვალა

626

წინა სტატია

შემდეგი სტატია

„არსებობს რისკი, რომ წყალტუბოს მერიამ ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებისას, მისთვის მისაღები მიმწოდებლების გასამარჯვებლად, შეამცირა მიწოდების ვადები და გაზარდა ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილება. შედეგად, მუნიციპალიტეტმა ვერ მიიღო სატენდერო ეკონომია არსებითი ღირებულების შესყიდვების განხორციელებისას. ამის შესახებ საუბარია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის ანგარიშში.

აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობისათვის შეისყიდა საპროექტო დოკუმენტაცია, სადაც განსაზღვრულია სამუშაოს შესასრულებლად საჭირო ვადა. სატენდერო პროცესის შესწავლით გამოვლინდა, რომ ზოგ შემთხვევაში მუნიციპალიტეტი მნიშვნელოვნად ამცირებდა ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებისათვის საპროექტო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრულ ვადას და პარალელურად ზრდიდა პრეტენდენტთა მინიმალურ საკვალიფიკაციო მონაცემებს − გამოცდილებას.

მუნიციპალიტეტის მიერ მჭიდროდ განსაზღვრული მიწოდების ვადები ზღუდავდა კონკურენციას, რადგან ამცირებდა შესაძლო პრეტენდენტთა რაოდენობას და ზრდიდა სამუშაოების განსაზღვრულ ვადებში დაუსრულებლობის რისკს. აღნიშნული მიდგომა ეწინააღმდეგება შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციის მიზანს, რომ მიწოდების მოკლე ვადის განსაზღვრა არ უნდა იწვევდეს კვალიფიკაციური მიმწოდებლის მონაწილეობის შეზღუდვას, რომელსაც გააჩნია შედარებით ნაკლები რესურსი.

2019-2020 წლებში 31 შესყიდვის ფარგლებში განხორციელებული საგზაო სამუშაოებიდან, მუნიციპალიტეტმა საპროექტო ორგანიზაციების მიერ დადგენილი მიწოდების ვადები 16 ხელშეკრულებისთვის მნიშვნელოვნად შეამცირა. აქედან, 11 შემთხვევაში მიწოდების ვადა 2-ჯერ შემცირდა და სატენდერო კომისიამ ძირითადად მოითხოვა ტენდერის სავარაუდო ღირებულებაზე 10-ჯერ და მეტი ღირებულების ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილება. 16-დან 9 შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა. შედეგად, ტენდერების ჯამური სახელშეკრულებო ღირებულება სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით შემცირდა მხოლოდ 172 100 ლარით (1.9%). შედარებისათვის, დანარჩენი 7 ტენდერის შემთხვევაში კონკურენციის შედეგად 3 342 100 ლარის სავარაუდო ღირებულებიდან, სატენდერო ეკონომიამ 599 000 ლარი შეადგინა (17.9%). მაგალითად:

  • მუნიციპალიტეტმა 2019 წელს გამოაცხადა ტენდერი სოფელ მაღლაკში გზის ასფალტბეტონის საფარით რეაბილიტაციისათვის, სავარაუდო ღირებულებით − 530.6 ათასი ლარი. საპროექტო ორგანიზაციამ სამუშაოების შესასრულებლად განსაზღვრა 60 დღე, რომელიც სატენდერო კომისიამ 30 დღემდე შეამცირა. მიწოდების ვადის ცვლილებამ მოთხოვნილი გამოცდილება 2-ჯერ გაზარდა. კერძოდ, სატენდერო დოკუმენტაციით პრეტენდენტს მოეთხოვა ბოლო სამ წელიწადში 9 551 500 ლარის ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილება. შედეგად ტენდერში მონაწილება მიიღო მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა და ხელშეკრულება გაუფორმდა გამოცხადებული ტენდერის სავარაუდო ღირებულების იდენტური თანხით.

არსებობს რისკი იმისა, რომ მუნიციპალიტეტმა მიწოდების ვადების შემცირება და ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილების გაზრდა გამოიყენა მისთვის მისაღები მიმწოდებლების გასამარჯვებლად. აღნიშნული რისკი გამოვლინდა კონკრეტული შესყიდვების შემთხვევაშიც. მაგალითად:

  • მერიამ, ფარცხანაყანებსა და ქვიტირში გზის ბეტონის საფარითრეაბილიტაციისათვის, 2019 წელს გამოაცხადა ტენდერი სავარაუდო ღირებულებით − 1 405 700 ლარი. ტენდერში მონაწილეობა მიიღო ერთმა პრეტენდენტმა – შპს „მიმდემმა“, რომელთანაც 2020 წლის 4 თებერვალს გაფორმდა ხელშეკრულება ღირებულებით − 1 405 700 ლარი. სამუშაოების შესასრულებლად საპროექტო ორგანიზაციის მიერგანსაზღვრული იყო 90-დღიანი ვადა, რომელიც სატენდერო კომისიამ 40 დღემდე შეამცირა. ხელშეკრულების გაფორმებიდან მეორე დღესვე, მიმწოდებელმა წარმოადგინა შესრულებული სამუშაოს (ფორმა №2) და ფარული სამუშაოების აქტები, რომელთა საფუძველზეც გაფორმდა მიღება- ჩაბარების აქტი. წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით, მიმწოდებელმა ხელშეკრულების გაფორმების დღესვე შეასრულა 734.0 ათასი ლარის სამუშაო, მათ შორის: გრუნტის დამუშავება, გზის მოშანდაკება, საფუძვლის ქვედა და ზედა ფენების ქვიშა-ღორღითმოწყობა, ბეტონის საფარის მოწყობა. სამუშაოს სპეციფიკიდან და მოცულობიდან გამომდინარე, 734.0 ათასი ლარის ღირებულების სხვადასხვა სამუშაოს ერთ დღეში შესრულება პრაქტიკულადშეუძლებელია. აღნიშნულ მოსაზრებას ამყარებს ის ფაქტიც, რომ მიმწოდებელმა მის მიერ წარმოდგენილი გეგმა-გრაფიკით აღნიშნული სამუშაოს შესრულებისთვის მოითხოვა 3 კვირაზე მეტი.

არსებობს რისკი, რომ მხარეები მოქმედებდნენ ურთიერთშეთანხმებით და მიმწოდებელმა სამუშაოები დაიწყო ხელშეკრულების გაფორმებამდე. აღნიშნული დასტურდება ლაბორატორიული დასკვნებითაც, რომლებიც გაცემულია სამუშაოს შესრულების პროცესში გამოყენებული მასალების გამოცდის შედეგებზე. კერძოდ, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ობიექტებზე გამოყენებული მასალები გამოცდილია და საკონტროლო ბეტონის კუბიკების სინჯი აღებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე, შესაბამისად, 1 და 2 თებერვალს.

აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულების ზედამხედველობას ახორციელებდა მხოლოდ მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი ინსპექტირების ჯგუფი. სამუშაოების ერთ დღეში შესრულება ფორმა №2-სა და ფარული სამუშაოების აქტებში დადასტურებულია ინსპექტირების ჯგუფის წარმომადგენლის მიერ. ფარული სამუშაოების აქტი, როგორც წესი, ფორმდება უშუალოდ სამუშაოს შესრულების პროცესში. გამომდინარე აქედან, დოკუმენტებში მითითებული თარიღები არასწორია და არ ასახავს სამუშაოს შესრულების რეალურ დროს. მერიის პასუხისმგებელმა პირმა განმარტა, რომ მათთან შეთანხმებითმიმწოდებელმა სამუშაოები დაიწყო ხელშეკრულების გაფორმებამდე − 2020 წლის 29 იანვარს, პრეტენდენტის გამარჯვებულად გამოცხადების და ხელშეკრულების გასაფორმებლად მოწვევის დღიდან.

აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულების გარეშე სამუშაოს დაწყება კანონშეუსაბამობაა.  ამასთანავე, მერიამ ვერ წარმოადგინა შესაბამისი მტკიცებულება − მიმწოდებელმა სამუშაოები დაიწყო 29 იანვარს, თუ უფროადრე. ანალოგიურად, ამ მიმწოდებელმა ხელშეკრულების გაფორმებამდე სამუშაოების ნაწილი შეასრულა მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული სხვა სამი შესყიდვის შემთხვევაშიც, რომელთა სახელშეკრულებო ღირებულებამ ჯამში 3 151 500 ლარი შეადგინა.

აუდიტი აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული საგზაო სამუშაოების შესყიდვების პროცესი მიმდინარეობს სისტემური ხარვეზებით. კერძოდ, სატენდერო კომისია გამოცხადებულ ტენდერებში დაუსაბუთებლად ამცირებდა საპროექტო ორგანიზაციის მიერ დადგენილ სამუშაოს შესასრულებლად საჭირო მიწოდების ვადებს, რაც იწვევდა ანალოგიური სამუშაოების გამოცდილების არაგონივრულ გაზრდას და, შესაბამისად, კონკურენციის შეზღუდვას.

„არსებობს რისკი, რომ მერიამ, მისთვის მისაღები მიმწოდებლების გასამარჯვებლად, შეამცირა მიწოდების ვადები და გაზარდა ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილება. შედეგად, მუნიციპალიტეტმა ვერ მიიღო სატენდერო ეკონომია არსებითი ღირებულების შესყიდვების განხორციელებისას.

გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის შიდა კონტროლის სისტემამ ვერ უზრუნველყო ინფრასტრუქტურული პროექტების მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელება. მერიამ შესყიდული სამუშაოების შესრულების პროცესი დაუშვა ხელშეკრულების გაფორმებისა და სათანადო ვალდებულების წარმოშობის გარეშე. არსებობს რისკი, რომ მხარეები მოქმედებდნენ ურთიერთშეთანხმებით და სამუშაოები განხორციელდა ხელშეკრულებების გაფორმებამდე. ამასთანავე, მერიის პასუხისმგებელმა პირებმა დოკუმენტურად დაადასტურეს შესყიდვების კანონმდებლობის შეუსაბამოდ შესრულებული სამუშაოები,“- წერია აუდიტის დასკვნაში.