აუდიტი: წყალტუბოს მერიამ 1 620 400 ლარის ღირებულების ისეთი ობიექტები ჩაიბარა, რომლებიც დაზიანებული იყო

859

შემდეგი სტატია

წყალტუბოს მერიამ 1 620 400 ათასი ლარის ღირებულების ისეთი ობიექტები ჩაიბარა, რომლებიც დაზიანებული იყო და საჭიროებდა დამატებით რეაბილიტაციას, – ამის შესახებ საუბარია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის ანგარიშში.

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2019-2020 წლებში მუნიციპალიტეტმა სხვადასხვა
ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა 114 ხელშეკრულებით, ღირებულებით − 27 738 200 ლარი. აუდიტის ჯგუფმა ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, რის შედეგად გამოვლინდა დაზიანებული ობიექტები. მაგალითად, მუნიციპალიტეტმა 2019 წელს შეისყიდა სოფელ მაღლაკში ჟორჟოლიანების უბნის გზის ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაო, ღირებულებით − 470 100 ლარი. ობიექტი დაზიანებულია და აღენიშნება ბზარები. გარდა ამისა, ხარვეზები გამოვლინდა 14 ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებულ პროექტებზე, რომელთა ღირებულება 1 150 300 ლარია.

კერძოდ, დაზიანებულია სასწავლო დაწესებულებები, საგზაო და სხვა დანიშნულების ინფრასტრუქტურული ობიექტები.

მუნიციპალიტეტში დანერგილი პრაქტიკის შესაბამისად, შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარებას და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებდა სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოს მიმღები ჯგუფი. ხელშეკრულებით ასევე განსაზღვრული იყო სამუშაოების მიღება-ჩაბარება საექსპერტო ან/და ტექნიკური ზედამხედველის მიერგაცემული დასკვნების საფუძველზე, რითაც დასტურდებოდა შესრულებული სამუშაოების მოცულობა, ხარისხი და შესრულების ვადები. წარმოდგენილი ინფორმაციით, მუნიციპალიტეტმა ობიექტები ჩაიბარა დადებითი საექსპერტო დასკვნების საფუძველზე.

როგორც გამოვლინდა, მუნიციპალიტეტის მიერ დანერგილი კონტროლის პროცედურები ზოგიერთ შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფდა სათანადო რწმუნებას სამუშაოების ხარისხის მოქმედ სტანდარტებთან და ნორმებთან შესაბამისობაზე. შედეგად, ობიექტები დაზიანებულია და საჭიროებს დამატებით რეაბილიტაციას. ობიექტების ექსპლოატაციის პროცესში გამოვლენილი უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები ძირითადად აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობისას მოქმედი სამშენებლო წესებისა და ნორმების დარღვევის შედეგია, რომლის გამოვლენის ვალდებულება საექსპერტო დაწესებულებას ეკისრება. დაზიანებული ობიექტების არსებობის მიუხედავად, მუნიციპალიტეტს აღნიშნული ორგანიზაციების პასუხისმგებლობის შესახებ არ უმსჯელია და სათანადო ღონისძიებები არგაუტარებია. დათვალიერებით გამოვლენილი დაზიანებული ინფრასტრუქტურული პროექტების საგარანტიო ვადები არ იყო გასული. მიუხედავად ამისა, მერიის შესაბამის სამსახურს არ ჩაუტარებია ობიექტების მონიტორინგი, რაც მუნიციპალიტეტს საშუალებას მისცემდა გამოეკვლია დაზიანების მიზეზები და მიმწოდებლებისათვის მოეთხოვა დაზიანებების გამოსწორება. შესაბამისად, მერიამ არ გამოიყენა ხელშეკრულებებით მინიჭებული უფლება და არუზრუნველყო, არსებული წუნი მიმწოდებელი ორგანიზაციების სახსრებითაღმოეფხვრა.

აუდიტი აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტმა ვერ დანერგა კონტროლის პროცედურები და პროცესები ვერ წარმართა იმგვარად, რომ მიეღო სათანადო ხარისხის ინფრასტრუქტურული პროექტები. კერძოდ, მერიამ ჩაიბარა 1 620 400 ლარის ღირებულების ისეთი ობიექტები, რომლებიც დაზიანებული იყო და საჭიროებდა დამატებით რეაბილიტაციას. მუნიციპალიტეტი ვალდებული იყო დაედგინა დაზიანების გამომწვევი მიზეზები, გამოევლინა მათზე პასუხისმგებელი პირები და ზარალის ანაზღაურების მიზნით გაეტარებინა შესაბამისი ღონისძიებები.