ბათუმის საკრებულოს სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ვერ შედგა. დღევანდელ სხდომას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”, „ლელოს“ და გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ წევრები არ დაესწრნენ.
დღევანდელ სხდომაზე “ქართული ოცნების” დეპუტატებს ახლად არჩეული წევრის რამაზ ჯინჭარაძის უფლებამოსილება უნდა ეცნოთ და ასევე საკრებულოს თავმჯდომარე უნდა აერჩიათ.
ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე თენგიზ აფხაზავა ოპოზიციას დესტრუქციაში ადანაშაულებს და აღნიშნავს, რომ მათი მიზანია არეულობა.
“დღევანდელმა დღემ ყველა დაგვარწმუნა, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და გახარიას პარტია შეთანხმენულად მოქმედებს, მათ ბოიკოტი გამოუცხადეს საკრებულოს სხდომას და ისინი უარს ეუბნებიან ხალხის არჩევანს, 70 პროცენტით მხარდაჭერილ კანდიდატს. კვლავ ჩაინიშნება საკრებულოს სხდომა, კონსულტაციები უნდა იყოს. დღევანდელ სხდომას მათ ბოიკოტი გამოუცხადეს, მათი მიზანი არეულობა და ქაოსია. „ქართული ოცნება“ სრული შემადგენლობით არის მოსული”, – აცხადებს თენგიზ აფხაზავა.