ბათუმის საკრებულოს სხდომას პარტია „საქართველოსთვის“ წევრებიც არ დაესწრებიან

524

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ბათუმის საკრებულოს სხდომას, სადაც „ქართული ოცნების“ წევრის რამაზ ჯინჭარაძის უფლებამოსილების ცნობა უნდა მოხდეს, პარტია „საქართველოსთვის“ წევრები არ დაესწრებიან. ამის შესახებ პარტიის წევრმა აკაკი გვიანიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ სხდომაზე დასწრება უკანონო პროცესის ლეგიტიმაცია იქნება.

„იმ პირობებში, როდესაც „ქართული ოცნება“ პატივს არ სცემს ამომრჩევლის ნებას და პარალელურად დაკავებულია არსებული, დამდგარი რეალობის გადაწერით, ამავდროულად, ქვეყანაში ჩნდება ახალი პოლიტპატიმრები და დაკავებულები არიან მოსყიდვით, შანტაჟით, გადაბირებით და ე.წ. ინდივიდუალური მოლაპარაკებების მცდელობებით, შეუძლებელი იქნება ბათუმის საკრებულოში ჩვენი პარტიის მისვლა, რადგან ეს იქნება უკანონო პროცესის ლეგიტიმაცია. ჩვენ ველოდებოდით „ქართული ოცნების“ მხრიდან კონსტრუქციულ ნაბიჯებს, რომელი ნაბიჯებიც ჩვენ ვერ დავინახეთ და ამავდროულად, “ქართული ოცნება” თავად იმყოფება ბოიკოტის რეჟიმში სენაკის მუნიციპალიტეტში, სადაც უმრავლესობაში ასევე არის ოპოზიცია, მაგრამ არ ახდენენ ერთი წევრის უფლებამოსილების ცნობის პროცედურის წარმართვის საშუალებას. ჩვენგან ყოველგვარ აზრს არის მოკლებული ამ პროცესისთვის ლეგიტიმაციის მიცემა. „ქართული ოცნების“ მხრიდან ველოდებით კონსტრუქციულ ნაბიჯებს, რომ ის პატივს სცემს პოლიტიკურ ოპონენტებს და თავის კოლეგებს. კონსტრუქციული ნაბიჯი შეიძლება იყოს – სენაკში ბოიკოტის დასრულება, საკრებულოს წევრებზე ზეწოლის შეწყვეტა და ამავდროულად ის, რომ ის ითანამშრომლებს სხვა პოლიტიკურ პარტიებთან, რადგან არამხოლოდ „ქართულ ოცნებას“, არამედ სხვა პოლიტიკურ პარტიებსაც ძალიან დიდი მხარდაჭერა ჰქონდათ ამ ქალაქში და მათაც აქვთ გაცემული შესაბამისი დაპირებები მოსახლეობასთან და უნდა მიეცეთ საშუალება, რომ ეს დაპირებები შეასრულონ“, – განაცხადა აკაკი გვიანიძემ.

შეგახსენებთ, რომ “ოცნების” მოწვეულ ბათუმის საკრებულოს სხდომას “ნაცმოძრაობა” ბოიკოტს უცხადებს.