ქუთაისის მუნიციპალიტეტმა 2019-2020 წლებში ბიუჯეტით დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები დროულად ვერ განახორციელა, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
როგორც აუდიტის ანგარიშში ვკითხულობთ, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებზე დაყრდნობით, 2019-2020 წლებში ქუთაისის მუნიციპალიტეტის შემოსულობებმა − 138,364.6 ათასი ლარი, ხოლო გადასახდელებმა 135,395.1 ათასი ლარი შეადგინა.
ინფორმაცია შემოსულობების, გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების შესახებ წარმოდგენილია ცხრილში №1.
აუდიტის ცნობით, ორივე საანგარიშო წლისათვის მუნიციპალიტეტმა „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლი არასათანადოდ შეასრულა. კერძოდ, მერიამ, ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, წლის ბოლომდე ვერ აითვისა ადგილობრივი ბიუჯეტიდან და საქართველოს მთავრობის განკარგულებით გამოყოფილი თანხები. შესაბამისად, მუნიციპალიტეტმა ვერ მიიღო პროგრამით გათვალისწინებული მოსალოდნელი შედეგები.
“ძირითადად, ვერ დასრულდა და დაგვიანდა საგზაო ინფრასტრუქტურის, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ფასადებისა და ეზოების, საბავშვო ბაღების, წყალმომარაგებისა და სანიაღვრე სისტემების, ტროტუარების, სხვა ობიექტების მშენებლობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები”, – ვკითხულობთ ანგარიშში.
გარდა დაგეგმილი და აუთვისებელი თანხებისა, აუდიტის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტს 2019-2020 წლებში თავისუფალი ნაშთის სახით გააჩნდა არსებითი მოცულობის თანხები, კერძოდ: 2019 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ნაშთმა შეადგინა 7,967.3 ათასი ლარი, საიდანაც დაიგეგმა 7,893.0 ათასის გამოყენება. მიუხედავად ამისა, 2019 წელს ნაშთი შემცირდა მხოლოდ 1,752.9 ათასი ლარით და წლის ბოლოს 6,214.4 ათასი ლარი შეადგინა.
“აღნიშნული ფულადი სახსრებიდან 3,094.3 ათასი ლარი სხვადასხვა გარდამავალი და დაუსრულებელი ინფრასტრუქტურული პროექტის შედეგად წარმოიქმნა, ხოლო დანარჩენი 3,120.1 ათასი ლარი – თავისუფალი ნაშთია.
მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტით 2019 წლის ბოლოს დაგროვებული ნაშთიდან განსაზღვრული იყო 5,980.5 ათასი ლარის გამოყენება. მიუხედავად ამისა, ნაშთის ცვლილებით გამოწვეულმა ფულადი სახსრების დაგროვებამ 4,722.4 ათასი ლარი შეადგინა, შესაბამისად, 2021 წლის 1 იანვრისთვის დაფიქსირდა 10,936.8 ათასი ლარის ნაშთი. აღნიშნული ფულადი სახსრებიდან 4,732.0 ათასი ლარი წარმოიშვა სხვადასხვა გარდამავალი და წლის ბოლომდე დაუსრულებელი ინფრასტრუქტურული პროექტის გამო, ხოლო დანარჩენი 6,204.8 ათასი ლარი თავისუფალი ნაშთია”, – წერს აუდიტის სამსახური.
აუდიტის დასკვნით, მუნიციპალიტეტმა 2019-2020 წლებში ვერ უზრუნველყო ბიუჯეტით დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების დროულად განხორციელება და დააგროვა არსებითი მოცულობის ნაშთი (მათ შორის, თავისუფალი ნაშთი). აღნიშნული კი, მუნიციპალიტეტის განკარგვაში არსებული ფინანსური რესურსების არაეფექტიან მართვაზე მიუთითებს.
აუდიტის სამსახურის რეკომენდაციაა, ფინანსური რესურსების რაციონალური მართვის უზრუნველყოფის მიზნით, მუნიციპალიტეტის მერიამ ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებები
გამოიყენოს შესაბამისი წლის ბიუჯეტით დაგეგმილი პროგრამების/ქვეპროგრამების მიზნებისა და მოსალოდნელი შედეგების მისაღწევად; ამასთანავე, ბიუჯეტი დაგეგმოს იმგვარად, რომ არ დაუშვას ნაშთის უკონტროლო დაგროვება და არსებული ნაშთი მიმართოს ბიუჯეტით დაგეგმილი პროექტების განსახორციელებლად.