აუდიტი: ქუთაისის მერიამ წლების განმავლობაში ზედმეტად გადახდილი გადასახადები ვერ გამოიყენა

535

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ქუთაისის მერიამ წლების განმავლობაში ზედმეტად გადახდილი გადასახადები ვერ გამოიყენა, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.

როგორც აუდიტის სამსახური წერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან მათთვის წარდგენილი შედარების აქტების მიხედვით, 2019 წლის დასაწყისისთვის ქუთაისის მერიას 103.2 ათასი ლარის საგადასახადო ზედმეტობა ერიცხება.

აუდიტის ცნობით, პასუხისმგებელი პირის განმარტებით, 2015 წელს შესაბამისი საჯარო მოსამსახურეების არასათანადო კვალიფიკაციის გამო, ხელფასები შეცდომით 2-ჯერ გადაირიცხა.

“მერიამ არასწორად ჩარიცხული თანხები უკან დაიბრუნა, თუმცა ზედმეტად გადახდილი საშემოსავლო გადასახადის დაბრუნება ვერ შეძლო. მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა დოკუმენტური მტკიცებულებები, რა ღონისძიებები გაატარა ხარვეზის გამოსასწორებლად. მოქმედი კანონმდებლობით, იმ შემთხვევაში, თუ შემოსავლების სამსახურში მუნიციპალიტეტმა ზედმეტად გადარიცხა თანხები და ეს ზედმეტობა დოკუმენტურად დასტურდება, მერიას საშუალება აქვს, უკან დაიბრუნოს წარმოშობილი ზედმეტობა ან ჩაითვალოს იგი პერიოდულად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულების შესაბამისად”, – წერს აუდიტი.

აუდიტის დასკვნის მიხედვით, მერიამ წლების განმავლობაში ვერ უზრუნველყო ზედმეტად გადახდილი გადასახადის გამოყენება. შესაბამისად, აღნიშნული თანხები ადგილობრივ ბიუჯეტში ვერ დაიგეგმა სხვადასხვა სოციალური თუ ინფრასტრუქტურული საჭიროების დასაკმაყოფილებლად.