რუსთავის ბიუჯეტი 11,5 მლნ ლარით გაიზარდა

401

რუსთავის ბიუჯეტი 11 მილიონ ნახევარი ლარით გაიზარდა და 92 მილიონ 789 ათასი ლარი გახდა. რუსთავის საკრებულომ, ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს, მხარი დღევანდელ სხდომაზე ერთხმად დაუჭირა.

საკრებულოს სხდომაზე, ,,ერთიანი ნაციონალურ მოძრაობისა“ და ,,ქართული ოცნების“ წევრ დეპუტატებს შორის, ავარიული შენობების რეაბილიტაციის საკითხზე საუბარს, სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა.

საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზიამ, „ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებს რეგლამენტის დაცვისკენ მოუწოდა.

ურთიერთშელაპარაკების მიუხედავად, ნაციონალურმა მოძრაობამ, ისევე როგორც ,,ქართულმა ოცნებამ“ და პარტია ,,საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა, ბიუჯეტში ცვლილებას, მხარი ერთხმად დაუჭირეს.

,,რუსთავის ბიუჯეტი 11 მლნ. ნახევარი ლარით გაიზარდა და 92 მლნ. 789 ათასი ლარი შეადგინა. გაზრდილი ბიუჯეტიდან, თანხა მოხმარდება ავარიული შენობების გამაგრება-გაძლიერებას, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას და ყველა იმ პროექტს, რომლის განხორციელებაც მოსახლეობის მხრიდან იყო მოთხოვნილი. პროცედურების გავლის შემდეგ გამოცხადდება შესაბამისი ტენდერები და დაიწყება სამუშაოები. ჩვენთვის პრიორიტეტული საკითხია ავარიული სახლების გამაგრება-გაძლიერება. დღეს შეტანილი ცვლილებებით, 3 მილიონი ლარი დაემატა ავარიული შენობების გამაგრება-გაძლიერებას და ასე გაგრძელდება მომავალშიც“, – განაცხადა ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრმა ზურა ტაბაღუამ.

ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი, რუსთავის მერიამ დასამტკიცებლად საკრებულოს ორი კვირის წინ წარუდგინა.

ალაქის მერიიდან წარმომადგენლობით ორგანოში ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები საკრებულოს წევრებს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა ლევან კავთიაშვილმა გააცნო.

რუსთავის 2022 წლის ბიუჯეტი 92 789 900 ლარით განისაზღვრა.

საკრებულოს გადაწყვეტილებით, 1 მილიონ 312 ათასი ლარი გამოიყო გზებისა და ტროტუარების რეაბილიტაციისთვის, 1 446 000 ათასი ლარი – ავარიული სახლების გამაგრება-რეაბილიტაციისთვის, 1 133 000 ლარი – საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაციისთვის, ბაგა-ბაღების რებილიტაციისთვის ჯამში 2 258 000 ლარი, სტიქიის შედეგად დაზიანებული ბინების სახურავებისთვის – 100 000 ლარი, ხოლო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ხელშეწყობის პროგრამაში გარე პერიმეტრზე წყლისა და კანალიზაციის მოწყობა-რეაბილიტაციისთვის – 200 000 ლარი.