„ოცნებიდან“ 100 000 ლარს მთავაზობდნენ – სენაკის საკრებულოს წევრი ენმ-დან

422

სენაკის საკრებულოს წევრის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლაშა კუჭავას განცხადებით, „ქართული ოცნება“ მას თავისი ხმის სანაცვლოდ 100 000 ლარს სთავაზობდა.

მისი თქმით, პირადად მას 100 000 ლარი შესთავაზეს. ინფორმაცია, რომ კუჭავამ ეს განცხადება საკრებულოს სხდომაზე გააკეთა, სააგენტო „ტაიმერმა“ გაავრცელა.

“ქართულ ოცნებას” აკლია ერთი ხმა საკრებულოში, მის მოსაპოვებლად ყველა ბინძურ მეთოდს მიმართავს, ეს არის მოსყიდვა, შეშინება, შანტაჟი და ა.შ.

მე ჩემი ხმის სანაცვლოდ, 100 000 შემომთავაზეს”, – განაცხადა ლაშა კუჭავამ.

კუჭავას „ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა კითვხით, მიმართა თუ არა სამართალდამცავ უწყებებს – კუჭავამ თქვა, რომ არ მიუმართავს, რადგან შეთავაზება მოხდა ისეთ ვითარებაში, რომ მას ამის დამამტკიცებელი საბუთი არა აქვს.

ის არც იმ ადამიანის ვინაობას აზუსტებს, ვინც აღნიშნული თანხა შესთავაზა და მხოლოდ იმას ამბობს, რომ იგი „ქართული ოცნების“ წევრია.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა „ქართული ოცნების“ პრესცენტრს საპასუხო კომენტარის მისაღებად.

სენაკის საკრებულოს 33 დეპუტატი აკომპლექტებს. უმრავლესობას 17 ხმა სჭირდება. „ქართულ ოცნებას“ 16 წევრი ჰყავს, ენმ-ს – 13, გიორგი გახარიას პარტიას კი – 4.

“ნაციონალური მოძრაობის“ თანახმად, 100 000 დოლარი შესთავაზეს ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარ წევრ ნუგზარ ფუტკარაძეს „ნეიტრალური პოზიციის“ დაფიქსირებაში.