რა ქონებას ფლობს ადიგენის მერი გოჩა ქიმაძე

642

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი, გოჩა ქიმაძე, თბილისში 160 ათას დოლარზე მეტი ღირებულების 7 ბინას, ადიგენში კი 7 მიწის ნაკვეთს ფლობს. დეკლარაცია მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა 22 დეკემბერს შეავსო.

უძრავი ქონება

გოჩა ქიმაძე, თბილისში მუხიანის მეოთხე მიკრორაიონში ერთი და იგივე კორპუსში შვიდი ბინა აქვს, რომლის საერთო ფართი 233,22 კვ.მ–ია.

რაც შეეხება მიწის ნაკვეთებს, შვიდივე ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურშია. აქედან ნაწილი, საკარმიდამოა, ნაწილი – სამოსახლო.

დეკლარაციის მიხედვით, გოჩა ქიმაძის სახელზე გახსნილ სამი ბანკის ხუთ ანგარიშზე და მისი მეუღლის, ნინო ჯვარიძის ერთ ანაგრიშზე არსებული თახნის ოდენობა 5 234,03 ათასი ლარს შეადგენს.

გოჩა ქიმაძის მონაწილეობა სამეწარმეო საქმიანობაში

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს „ლეგო საქართველო“ – ადიგენის მერი აღნიშნულ საწარმოში 100%–იან წილს 23.06.2017 – 03.11.2021 წლებში ფლობდა. დეკლარაციის მიხედვით, მას წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით აქედან შემოსავალი არ ჰქონია.

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს ნიკოლა საქართველო – აღნიშნულ საწარმოში 100%–იან წილს 22.09.2017 – 03.12.2021, წლებში ფლობდა. წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მას 6000 ლარის შემოსავალი უფიქსირდება.

გოჩა ქიმაძე ინდივიდუალურ მეწარმედ, დეკლარაციის მიხედვით,  25.09.2017 – 02.09.2019 წლებში იყო რეგისტრირებული. მას წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით აქედან შემოსავალი არ მიუღია.

2009 წლიდან ინდივიდაულურ მეწარმედ არის რეგისტრირებული გოჩა ქიმაძეს მეუღლე, ნინო ჯვარიძე. დეკლარაციის მიხედვით, „ქიმა საქართველოში“ მას აქ 0%–იანი წილი აქვს და შემოსავალი წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით არ ჰქონია.

დეკლარაციის მიხედვით, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის ოჯახის წევრების მონაწილეობა საქართველოში, ან სხვა ქვეყანაში სამეწარმეო საქმიანობაში არ ფიქსირდება. მის მიერვე შევსებული დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ გოჩა ქიმაძეს და მის ოჯახის წევრებს ასევე არ უფიქსირდებათ, წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დადებული ან/და მოქმედი ხელშეკრულება (გარდა მიღებული საჩუქრისა), რომლის  ღირებულება 10 000 ლარს აღემატება.