ენმ: ჩხოროწყუში უნდა შემდგარიყო შეთანხმება და უნდა შედგეს სხვაგანაც

400

თქვენ იცოდით და იცის მთელმა საზოგადოებამ, ნიკა მელიამ ცალსახად განაცხადა, რომ ჩვენ მხარს დავუჭერდით გახარიას მიერ დასახელებულ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს. ჩვეულებრივ ეს მოხდა, – განუცხადა ენმ-ის წევრმა რამაზ გულუამ ჟურნალისტებს, საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წარმომადგენლის არჩევის შემდეგ. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

რა იქნება შემდგომში, თქვა, რომ დასხდებიან, დაილაპარაკებენ და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ მოადგილეებთან დაკავშირებით.

“არის შესაბამისი კომისიები, მოადგილეების თანამდებობები. შევჯერდებით, გავივლით ყველაფერს. არამგონია “ქართულმა ოცნებამ” მოისურვოს, რომ გუნდთან ერთად ითანამშრომლოს. არ ვიცი ბატონი თავმჯდომარე რას აპირებს. იქნება თუ არა მათთან რაიმენაირ კომუნიკაციაში. ეს მისი გადასაწყვეტია. ჩვენ ჩვენსას შევთავაზებთ რა თქმა უნდა. “ნაციონალური მოძრაობა” დაასახელებს თავის მოადგილეობის კანდიდატებს. კომისიებზეც გვექნება რა თქმა უნდა, გამოცდილებიდან გამომდინარე. გვაქვს ჩვენ ამის რესურსი, განათლებაც. მგონია, რომ საბოლოო შედეგამდე გავალთ.

ან უნდა ითამაშოს “ქართულმა ოცნებამ” ის თამაში, რასაც დღეს ცდილობდა – სიტუაციის არევას, რაც არ გამოუვიდა და ჩვენი დამსახურებით, ხომ? გახარიას პარტიის დამსახურებით და “ლელოს” დამსახურებით. ჩხოროწყუში უნდა შემდგარიყო შეთანხმება და უნდა შედგეს სხვაგანაც”, – განმარტა რამაზ გულუამ.

სხდომა გრძელდება. ჩხოროწყუს საკრებულოს ოპოზიციონერი თავმჯდომარე ჰყავს. მომდევნო ოთხი წელი წარმომადგენლობით ორგანოს პარტია “საქართველოსთვის” წევრი, შოთა წურწუმია უხელმძღვანელებს. მას მხარი 14-მა დეპუტატმა დაუჭირა. გაბათილდა ერთი ბიულეტენი.

მმართველი პარტია სხდომას ესწრებოდა, თუმცა კენჭიყრაში მონაწილეობა არ მიუღია. მათ არც კანდიდატურა დაუყენებიათ, რადგან თქვეს, რომ ოპოზიცია ერთმანეთში უკვე შეთანხმებული იყო.

ჩხოროწყუს ახალი მოწვევის საკრებულო პირველად 17 ნოემბერს შეიკრიბა. თუმცა ამ დრომდე თავმჯდომარის არჩევა ვერ ხერხდებოდა.