ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში წინასაახალწლო სამზადისი მიმდინარეობს. ზუგდიდელებს და ქალაქის სტუმრებს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო განსხვავებულ ღონისძიებას ჰპირდება – აღდგენილი იქნება მეჯლისის ტრადიცია, რომელიც სამეგრელოს სამთავროს უკანასკნელმა დედოფალმა, ეკატერინე ჭავჭავაძემ, ოჯახთან ერთად XIX საუკუნეში დაამკვიდრა. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
პროცესში ჩართულია სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ხელოვნების სასახლე და მისი გენერალური დირექტორი გიორგი კალანდია. ასევე, აქტიურ მონაწილეობას იღებს ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “პრაიმ შოუს” შემადგენლობა.
როგორც გიორგი კალანდია “ლაივპრესთან” საუბარში აცხადებს, იმისთვის რომ აღდგენილიყო დაახლოებით 100 წლის წინანდელი ტრადიცია, “პრაიმ შოუს”, მუზეუმის და ხელოვნების სასახლის თანამშრომლებმა შეისწავლეს არქივში დაცული შესაბამისი დოკუმენტები და ფოტომასალა:
“ამის შესახებ არსებობს ძალიან საინტერესო საარქივო მასალები. დიდი ხნის განმავლობაში გვინდოდა, რომ დადიანების სასახლეს, გარდა იმ დიდი სამუზეუმო ფუნქციისა, რომელიც მას აქვს, ამასთანავე დაებრუნებინა საზოგადოებრივი და კულტურული მნიშვნელობა და წელიწადში ერთხელ გამართულიყო მნიშვნელოვანი მეჯლისი. ეს ღონისძიება მხარდაჭერილია სქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ და ბევრი სიურპრიზი ელის მაყურებელს და მნახველს. ეს იქნება ძალიან ლამაზი სანახაობა. სატელევიზიო დადგმას, რომელიც მეჯლისის პერიოდში წარიმართება ამ სასახლის ტერიტორიაზე, “პრაიმ შოუს” სტუდია აკეთებს”, – აცხადებს გიორგი კალანდია.
მისივე თქმით, მეჯლისის თარიღს ჯერ ვერ დააკონკრეტებს, თუმცა ამბობს, რომ ის ძირითადად მუზეუმის ეზოში ჩატარდება და ასევე, ნიკო დადიანის სასახლეში:
“ნიკო დადიანის სასახლეში არის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამეჯლისო დარბაზი. ეს შენობა სამუზეუმოდ ჯერ არ გახსნილა და ამიტომ, ბრწყინვალე შანსი იყო, რომ ასე საინტერესოდ მოგვეხდინა ამ სივრცის პრეზენტაცია. ძირითადი პროცესები განვითარება სასახლეების ეზოში, როგორც ეს დაახლოებით 100 წლის წინ ხდებოდა”, – უთხრა “ლაივპრესს” ხელოვნების სასახლის გენერალურმა დირექტორმა.
ცნობისთვის, ხელოვნების სასახლე კოორდინირებას უწევს დადიანების სასახლის განვითარებას. განვითარების საბჭოს თავმჯდომარე კი გიორგი კალანდიაა.