ზუგდიდის მერიის „კეთილმოწყობის მართვის ცენტრმა“ წელს საახალწლო განათებები შპს „ქოლორფულ სფირითსისგან“ ტენდერის საფუძველზე შეიძინა. ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 150 000 ლარი გამოიყო. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საახალწლო განათებების მოწოდება და მონტაჟი 2021 წლის 20 დეკემბრამდე უნდა განხორციელებულიყო. ამ ეტაპისთვის, მოსართავი ტერიტორიის მხოლოდ ნაწილია განათებული და ამისთვის შარშანდელი ილუმინაციები გამოიყენეს. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
„ახალი განათებები უკვე მოწოდებულია და ის, ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან ერთად, საზეიმოდ 25 დეკემბერს აინთება“, – ამბობს „კეთილმოწყობის მართვის ცენტრის“ დირექტორი დიმიტრი ფაცაცია.
საახალწლო დეკორაციების მოწყობა იგეგმება აღმაშენებლის და რუსთაველის ქუჩებზე, ცენტრალურ მოედანზე, დადიანების მუზეუმის ეზოში, გამსახურდიას გამზირის ორივე მხარეს და ა.შ.
ინფორმაციისთვის, შარშან მერიას საახალწლო განათებების შესაძენად თანხა არ დაუხარჯავს, 2019 წელს კი 100 ათასი ლარი გამოყო, ხოლო 2018 წელს დეკორაციების შეძენას ადგილობრივი ბიუჯეტიდან 300 ათას ლარზე მეტი მოხმარდა.