ზუგდიდში ცენტრალური ბულვარის მიმდებარედ შენობების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

427

პრემიერ მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამის ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ზუგდიდში, ცენტრალური ბულვარის მიმდებარედ შენობების რეაბილიტაცია ხორციელდება. პირველ ეტაპზე, ბულვარის მიმდებარედ 16 შენობა განახლდება, აქედან სამი შენობის რეაბილიტაცია უკვე დასრულდა. მასშტაბური პროექტის განხორციელების შემდეგ,ზუგდიდს განახლებული, ცენტრალური გამზირი ექნება.

„განახლებული რეგიონების“ 4-წლიანი პროგრამაა, რომელიც საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია. პროგრამა ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.

პროექტები მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების უშუალო ჩართულობით სპეციალურმა კომისიამ დაამტკიცა, ხოლო სამშენებლო კომპანიები, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერებით შეირჩა. სპეციალური კომისიის შემადგენლობაში შედიოდნენ როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ისე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები და სივრცითი დაგეგმარების სპეციალისტები.

პროგრამის დასრულების შემდეგ, ქვეყნის რეგიონებში განახლდება ცენტრალური ქუჩები, რეაბილიტირდება და მოეწყობა ახალი სკვერები და სხვა მუნიციპალური ინფრასტრუქტურა.