ზუგდიდის საკრებულოში მმართველი პარტიის წარმომადგენელი ირაკლი გოგოხია ამბობს, რომ კრიზისი ნამდვილად არის, მაგრამ იმედია აქვს, რომ აღმოიფხვრება.
“გადაიდო ერთი კვირით. შეიძლება იმ კვირასაც ვერ მოხერხდეს, მაგრამ მგონია, რომ ჩამოყალიბდება, ან ჩამოყალიბდება ახალი კოალიცია, ან “ნაციონალური მოძრაობა” და გახარიას პარტია გაერთიანდება და კრიზისს დაძლევს, ან როგორ იქნება არ ვიცი, მაგრამ აუცილებლად დაიძლევა”, – უთხრა მან ჟურნალისტებს სხდომის გადადების შემდეგ.
თუ რატომ არ მიიღეს დღევანდელ კენჭისყრაში მონაწილეობა, როცა კვორუმი იყო, ირაკლი გოგოხიამ განმარტა, “ქართული ოცნება” ერთსულოვანი იყო, თუმცა ეს საკმარისი ვერ იქნებოდა საკრებულოს თავმჯდომარის ასარჩევად. რომც დაეყენებინათ კანდიდატურა, მაინც ვერ გაიმარჯვებდა მათი წარმომადგენელი და სხდომა ისევ გადაიდებოდა.
აპირებენ თუ არა გახარიას პარტიასთან გაერთიანებას, ირაკლი გოგოხიას თქმით, ჯერ არ იცის. კონსულტაციები გაგრძელდება და იმედი აქვს, რომ რაღაცაზე შეთანხმდებიან.
თუკი კიდევ კვირების განმავლობაში ვერ დაიძლია კრიზისი, როგორ იფუნქციონირებს მუნიციპალიტეტი, ამ კითხვის პასუხად მმართველი გუნდის წარმომადგენელი ამბობს, რომ როცა მერია შემოიტანს საკითხებს, შეიძლება დააყენონ საკითხი, საკრებულოს თავმჯდომარის საკითხის გადადების შესახებ.
“რეგლამენტი გვაძლევს ამის საშუალებას. ჯერ მერიას არ მოუმართავს საკრებულოსთვის ახალი საკთხებით. არ შევუქმნით ჩვენ პრობლემას მუნიციპალიტეტს და იმედია ისინიც არ შეუქმნიან პრობლემას”, – განმარტა მან.
საკრებულოს სხდომა ისევ გადაიდო. მანამდე სხდომათა დარბაზი ენმ-მ დატოვა. კვორუმი იყო, თუმცა მმართველმა პარტიამ თქვა, რომ დღევანდელ სხდომაზე არ დააყენებდნენ წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის კანდიდატურას.
წინა სხდომაც ენმ-მ დატოვა. მმართველი გუნდიდან კი ერთი დეპუტატი არ იმყოფებოდა.
პირველ შეკრებაზე კი დარბაზი “ნაციონალურმა მოძრაობამ” და გახარიას პარტიის წარმომადგენლებმა დატოვეს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა ვახუშტი მენაბდემ გუშინ, ჩხოროწყუს საკრებულოში ყოფნისას განაცხადა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, წარმომადგენლობით ორგანოს შეუძლია გამართოს სხდომა მანამ, სანამ არ აირჩევს თავმჯდომარეს.
მისი თქმით, კანონში საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის ვადა არ არის განსაზღვრული. მხარეებმა უნდა მიაღწიონ შეთანხმებას. შემდეგ უკვე, თუ ბიუჯეტს ვერ დაამტკიცებენ, [2023 წლის ბიუჯეტს, რადგან 2022 წლის ბიუჯეტი წინა მოწვევის საკრებულომ მიიღო] სხვა პროცედურებია გათვალისწინებული. იმ შემთხვევაში თუ 6 თვის განმავლობაში საერთოდ ვერ შეიკრიბა საკრებულო და ქვორუმი არ შედგა, მას უწყდება უფლებამოსილება.