წულუკიანი: “ბაგრატის პრობლემები იმ სავალალო რესტავრაციიდანაა, რომელმაც გამოიწვია ძეგლის იუნესკოს სიიდან ამოღება

351

ეს პრობლემები სავალალო ნამდვილად არ არის, მაგრამ პრობლემებია იმ სავალალო და გაუაზრებელი ე.წ. რესტავრაციის შედეგად, რომელმაც გამოიწვია თავის დროზე, ყველას კარგად გვახსოვს, ბაგრატის იუნესკო-ს ნუსხიდან ამოღება, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ბაგრატის ტაძრის რესტავრაციის საკითხზე განაცხადა.

მისი თქმით, პრობლემას რამდენიმე ფაქტორი ქმნის, რაც წინა ხელისუფლების დროს ჩატარებულ სამუშაოებს უკავშირდება.

„სააკაშვილის დროს, როდესაც ბაგრატი გადაიხურა სპილენძის თუნუქით, როგორც ჩანს, ეს თუნუქი მაშინდელი პრეზიდენტისთვის მოსაწონ ფერად რომ ყოფილიყო შეფერილი, მისი ჟანგვის პროცესი იქნა ხელოვნურად დაჩქარებული, იმდენად, რომ დღეს წვიმის წყალთან ერთად, ეს ქიმიური ნივთიერება ჟონავს, იღვრება გარე ფასადის ქვაზე და რა თქმა უნდა, ქვა საჭიროებს გაწმენდას. ეს პრობლემები სავალალო ნამდვილად არ არის, მაგრამ პრობლემებია იმ სავალალო და გაუაზრებელი ე.წ. რესტავრაციის შედეგად, რომელმაც გამოიწვია თავის დროზე, ყველას კარგად გვახსოვს, ბაგრატის იუნესკო-ს ნუსხიდან ამოღება. სწორედ ის ხალხი, რომლებიც არაფერს ამბობდნენ სააკაშვილის დროს ბაგრატის ტაძრის სწრაფად რესტავრაციასა და ბაგრატის ტაძრის იუნესკო-ს მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოღებაზე, დღეს საუბრობს ამ ცუდი რესტავრაციის შედეგებზე, რაც, რა თქმა უნდა, აღმოსაფხვრელია, მაგრამ პოლიტიკური სპეკულაციის საფუძველი ნამდვილად არ არის“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.