კახეთის რეგიონის 8 მუნიციპალიტეტში ახალი მოწვევის საკრებულოებმა საქმიანობა უკვე დაიწყეს. გასული წლების მსგავსად, უწყებებში გენდერული დისბალანსია. საკრებულოს 264 წევრიდან 60 ქალი, ხოლო 204 მამაკაცია. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
8 მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეებიდან ყველა კაცია, მათ მოადგილეებად კი ქალბატონები მხოლოდ გურჯაანის, საგარეჯოს და ყვარლის მუნიციპალიტეტში არიან არჩეულები. დანარჩენ 5 მუნიციპალიტეტში, საკრებულოს თავმჯდომარეების მსგავსად, მათი მოადგილეებიც მამაკაცები არიან.
ახალი მოწვევის საკრებულოს წევრი ქალბატონები ძირითადად ფრაქციების ან კომისიების თავმჯდომარეები არიან.
თელავი
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სულ 39 წევრია, აქედან, 8 ქალია, 31 მამაკაცი.
მუნიციპალიტეტის საკრებულოში განმარტავენ, რომ აქედან 3 ქალს უკავია პოლიტიკური თანამდებობა. თინათინ ხანჯალიაშვილი საკრებულოს სოციალური, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიას ხელმძღვანელობს, თამარ ხატიაშვილი ფრაცქია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის მოადგილეა. ეთერ გურგენაშვილს კი ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა უკავია.
თელავის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ მთვარელიშვილი გახდა. 39 დეპუტატიდან მის კანდიდატურას 22-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ოპოზიციამ კი კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.
თელავის საკრებულოს თავმჯდომარეს სამი მოადგილე ეყოლება.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ მამუკა ბურდიაშვილი აირჩიეს, მოადგილეების თანამდებობები კი მიხეილ დაღუნდარიძემ და ალექსანდრე შათირიშვილმა დაიკავეს.
2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით, ახალი მოწვევის საკრებულოში 22 მანდატი „ქართულ ოცნებას“, 16 –„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ერთი კი გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ აქვს.
გურჯაანი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე, მესამე ვადით, ვანო ბერიძიშვილი გახდა. ბერიძიშვილის არჩევას 39-დან 27-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა კი კენჭისყრაში არ მიიღეს მონაწილეობა.
ვანო ბერიძიშვილს სამი მოადგილე ეყოლება. აღნიშნულ პოზიციას დაიკავებენ ნანა რამაზაშვილი, ლევან ხაზიური და გუჯა ქათამაძე.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 39 წევრიდან, 9 ქალი და 30 მამაკაცია. ოპოზიას 11 მანდატი აქვს, საიდანაც 4 ქალია. მმართველ პარტიას კი 28 მანდატი აქვს, აქედან, 5 ქალია. როგორც მუნიციპალიტეტის საკრებულოში აცხადებენ, სოციალურ საკითხთა, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარედ ლელა თევდორაშვილი დაინიშნა, უმრავლესობის წევრი ნანა რამაზაშვილი კი საკრებულოს თავჯდომარის მოადგილეა.
დედოფლისწყარო
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა ნუგზარ პაპიაშვილმა დაიკავა. საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გოჩა სამუკაშვილი, ხოლო მოადგილეებად გივი გიგაური და დავით ალუღიშვილი აირჩიეს.
საკრებულოში მოქმედ 5 კომისიას კი მამაკაცები უხელმძღვანელებენ. 2021 წლის მოწვევის საკრებულოში ორი ფრაქცია იქნება წარმოდგენილი. ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ნუგზარ ყოჩიაშვილი უხელმძღვანელებს, ერთიან ნაციონალური მოძრაობას კი_ ლევან ბაღაშვილი.
მუნიციპალიტეტის 2021 წლის მოწვევის საკრებულოში 30 წევრია. აქედან, 10 მაჟორიტარული წესით, 20 კი პროპორციული სიით არჩეული. 30 წევრიდან ,,ქართულ ოცნებას“ 24 წარმომადგენელი ჰყავს, ნაციონალურ მოძრაობას 5, ხოლო სახალხო პარტიას 1 წარმომადგენელი. საკრებულოში 30-დან 25 კაცი და 5 ქალია, საიდანაც 4 მმართველი პარტიისწარმომადგენელია, 1 კი ნაციონალური მოძრაობის.
ყვარელი
სხვა მუნიციპალიტეტების საკრებულოების მსგავსად, მამაკაცები იკავებენ წამყვან პოზიციებს ყვარლის მუნიციპალიტეტშიც. საკრებულოს თავმჯდომარე ყოფილი მერი, ილია მზექალაშვილი გახდა. პირველ მოადგილედ ოთარი ბუჯიაშვილი, ხოლო მოადგილეებად კახა ასისტიშვილი და თამილა ბურკიაშვილი აირჩიეს.
რაც შეეხება კომისიებსა და ფრაქციებს, 5 ფრაქციის თავმჯდომარეებიდან ყველა მამაკაცია. საკრებულოში შექმნილი 2 კომისიიდან კი ერთს ქალი უხელმძღვანელებს.
2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო 27 დეპუტატით დაკომპლექტდა: 7 მანდატი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობას აქვს, 1 მანდატი – პარტიას გახარია საქართველოსთვის, 19 მანდატი კი ქართულ ოცნებას, საიდანაც 10 პროპორციული, ხოლო 9 მაჟორიტარული წესით არის არჩეული.
27 წევრიდან 21 მამაკაცი და 6 ქალია. წევრი ქალბატონებიდან 4 მმართველი პარტიის წარმომადგენელია, 2 კი_ ოპოზიციის წევრი.
ლაგოდეხი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კვლავ კარლო ჯამბურია გახდა. თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ,,ქართული ოცნების” დეპუტატი ივანე ხაჩიძე დაინიშნა, მოადგილეებად კი გიორგი ღამბაშიძე და სიმონი კვერნაძე იქნენ არჩეულნი.
სხვა მუნიციპალიტეტების საკრებულოების მსგავსად, ლაგოდეხშიც საპასუხისმგებლო და მაღალ პოზიციებს, ძირითადად, მამაკაცები იკავებენ. საკრებულოს 30 წევრიდან 23 მამაკაცი და 7 ქალია.
ახმეტა
ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ყოფილი მერი, იოსებ ქარუმაშვილი გახდა.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებად კი დავით ავაზაშვილი, გიორგი ქიბროწაშვილი და გელა ონიაშვილი აირჩიეს.
ახმეტის მუნიციპალიტეტშიც, კომისიების და ფრაქციების თავმჯდომარეებად მამაკაცები არიან არჩეული.
როგორც საკრებულოში აცხადებენ, 30 წევრიდან 23 მამაკაცი და 7 ქალია. ქალები, ძირითადად, ფრაქციის თავმჯდომარეების მოადგილეების თანამდებობებს იკავებენ.
სიღნაღი
სიღნაღის მუნიციპალიტეტში მეხუთე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა.
სხდომაზე, უმრავლესობის წარდგინებით, საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე დავით ჯანიკაშვილი აირჩიეს, მოადგილეები კი ივანე მირიანაშვილი, ილია ბაიდოშვილი და გია პავლიაშვილი გახდნენ.
2021 წლის 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო 36 დეპუტატით დაკომპლექტდა. პარტია „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო“ 26 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი, აქედან _12 მაჟორიტარული სისტემით, ხოლო 14 _პროპროციული სიით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საკრებულოში– 9 დეპუტატით, ხოლო პარტია ,,საქართველოსთვის“ საკრებულოში 1 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.
36 წევრიდან 27 მამაკაცი და 9 ქალია, აქედან, 3 ოპოზიციას და 6 მმართველ პარტიას წარმომადგენენ.
საგარეჯო
საგარეჯოს საკრებულოს თავმჯდომარედ, ასევე მამაკაცი, ალექსი გილაშვილი აირჩიეს. მას სამი მოადგილე ეყოლება, საიდანაც 1 ქალია. თავჯდომარის პირველ მოადგილედ ლელა მარიდაშვილი, ხოლო მოადგილეებად ვეფხია ჩერქეზიშვილი და ალექსი იოსელიანი აირჩიეს.
39 დეპუტატიდან 24 კაცი და 9 ქალია, საიდანაც 3 ნაციონალურ მოძრაობას, 1 ლელო – საქართველოსთვის და 5 მმართველ პარტიას წარმოადგენენ.